“როდესაც ხათუნა დავინახე, არ ვიცოდი, რა ოჯახი იდგა მის უკან”

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე 50 წლის ასაკში ამბობს, რომ ახლა მას ყველაზე მშვიდი ეტაპი აქვს. ოცწლიანმა ქორწინებამ ხათუნა თოთლაძესთან გაამართლა, ერთადერთი ქალიშვილი, 17 წლის ანასტასია, მამის საუკეთესო მეგობარია. ავთანდილი თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე “სარკის” ერთგულ მკითხველებს ესაუბრება.

– თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ავანტიურა რა იყო, რაზეც წახვედით?

– პირველი ნაბიჯი, როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ავანგარდული მოდის ასამბლეაზე გამოვედი. მე ვარ ფერმწერი. გარეთ იყო სიბნელე იმ წლებში, დავჭერი ჩემი ფერწერული ტილოები და გოგოებს ჩავაცვი. მაშინაც მეუბნებოდა შინაგანი ხმა, რა მოდა, რა ავანგარდული ფესტივალი, რა დროს ეს არისო. ამ ფესტივალზე ვერ გავიმარჯვე, მაგრამ რომელიმე დიზაინერი გახსოვთ, რომელიც მონაწილეობდა ან რომელმაც გაიმარჯვა?

– სად მოგწონთ საკუთარი თავი ყველაზე მეტად – საქმეში, ოჯახურ წრეში თუ მეგობრებში?

– ავთანდილი ყველაზე მეტად მომწონს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ვიწრო სახლურ სიტუაციაში, ამ დროს ვარ ძალიან გულწრფელი. საზოგადოებაში მაინც საკუთარი თავის ვერსია ხარ, ბოლომდე გულწრფელი ვერ იქნები. შეიძლება ადამიანი ბოლომდე საკუთარ თავთანაც ვერ იხსნება, მაგრამ მე ეს პანდემიის დროს მოვახერხე. აბსოლუტურად გავანულე საკუთარი თავი, ვთქვი, რომ მე არავინ ვარ.

– ერთხელ თქვით, გურიაში ფანჯრის რაფასთან მჯდომი ბავშვი ოცნებობდა იმ პერსონაზე, რომელიც დღეს ვარო. როგორი ცხოვრება მიიღეთ დღეს?

– ერთ დღესაც კი არ შევცვლიდი ჩემი ცხოვრებიდან და ეს ყველაზე კარგად გავაცნობიერე 40 წლის ასაკში. სხვათა შორის, ეს ეტაპი ძალიან მძიმედ გადავიტანე. სულ ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვას, ეს მინდოდა თუ არა. მთავარი გავაცნობიერე, რომ არ უნდა მქონდეს ცხოვრებისგან და ადამიანებისგან დიდი მოლოდინი. ვისწავლე, ვიცხოვრო მოცემული დღით.

– ფუფუნებაში გაზრდილ თქვენს ერთადერთ ქალიშვილს უყვარს შრომა? 

– ანასტასია ხშირად დამყავს ფაბრიკაში და დეტალურად ვაჩვენებ, რამხელა შრომაა ჩადებული ესკიზიდან მზა ტანსაცმელამდე. მან კარგად იცის, რომ დედასაც და მამასაც თამამად შეუძლიათ, არ იმუშაონ და იცხოვრონ უზრუნველად.

– ამის უკან დგას თქვენი ოცწლიანი ქორწინება. ალბათ ამ პერიოდში ბევრი ეტაპი გაიარეთ თქვენ და ხათუნამ, როგორც ცოლ-ქმარმა.

– წყვილში მთავარია, რომ ერთნაირად განვითარდნენ. ბევრი წყვილი მინახავს, რომლებიც ერთმანეთს ახრჩობენ. ჩვენ ყველა საკითხს ერთად ვწყვეტთ. არასოდეს ვამბობ ახალდაქორწინებულებზე, რა კარგი წყვილია-მეთქი. ამას ვამბობ წყვილზე, რომელსაც უკვე რამდენიმე წელი აქვს გავლილი.

– ბევრი ქარტეხილი გამოიარეთ? მახსოვს, თქვენი დაქორწინებისას ბევრი ამბობდა, რომ გავლენიან ოჯახს მიზანმიმართულად დაუახლოვდით.

– ბევრს არ უნდოდა დაჯერება, რომ ხათუნას ბავშვობიდან ვხატავდი. როდესაც ხათუნა პირველად დავინახე, საერთოდ არ ვიცოდი, რა ოჯახი იდგა მის ზურგს უკან. ეს იყო გოგონა, რომელსაც ვხატავდი მთელი ბავშვობა სკოლის მერხებზე ზუსტად იმ თვალებით, წარბებით და ხუჭუჭა თმებით. შეუძლებელი იყო, ეს ისტორია არ შემდგარიყო. ეს 20 წელი პასუხია იმისა, თუ როგორია ჩვენი ურთიერთობა.

ასევე იხილეთ