როდის ტუქსავს შოთი ტატიშვილი მამას და რა ვერ გარისკა ოთარ ტატიშვილმა

პროექტ „მიმღერეს“ ახალი სეზონის ერთ-ერთ ოჯახურ ტანდემს მამა-შვილი შოთი და ოთარ ტატიშვილები წარმოადგენენ.

შოთი ტატიშვილი: წლების წინ ვმუშაობდი ტელეკომპანია „იმედში“. ცოტა ხნის წინ ჩემმა თანამშრომლებმა დამირეკეს და მკითხეს, აქვს თუ არა აზრი ოთართან დარეკვას იმის თაობაზე, რომ ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობაო, რადგან ოთარს სიმღერასთან არც თუ ისე ახლო კავშირი აქვს. მე დავთანხმდი მონაწილეობის მიღებაზე, გრაფიკის შეთანხმებით და დავპირდი, რომ მათთან ერთად, მე, ჩემი მხრივ, ვეცდებოდი ოთარის დათანხმებას. მოკლედ, ორივე მხარემ დავიწყეთ მუშაობა ოთარის დასათანხმებლად (იცინის). ოთარმა ძალიან ბევრი იორჭოფა, ნერვიულობდა და ამბობდა, მე რა უნდა ვიმღერო, სად მაქვს მაგის შესაძლებლობა. იქ ისეთი კონკურსანტები გამოდიან, მათ გვერდით მე რა უნდა გავაკეთოო, მაგრამ დავითანხმე იმ პირობით, რომ შედარებით სახასიათო სიმღერებს შევარჩევდით. რეპეტიციებზე რაც ვცადეთ, ჯერ ყველაფერი კარგად გამოსდის. თუმცა, ძირითადად, სულ სახასიათო ნომრებია და მინდა, მე ერთი-ორი სერიოზული ნომერიც გავაკეთო და ალბათ, შევძლებ.

– ამასობაში ოთარი ეშხში არ შევიდა?

– თავიდან ძალიან ნერვიულობდა და რეპეტიციებზე რომ ნახა, ცუდად არ გამოსდის, ვიტყვი, რომ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ყველაფერს, ეშხში შევიდა და შესაძლოა, მომავალში უკვე ამ ამპლუითაც წარმოჩინდეს. ნიჭი აქვს. საკმაოდ კარგად უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტზე და სმენაც აქვს. თავის დროზე რომ ემეცადინა, ყველაფერს შეძლებდა.

– როლები გაცვალეთ, არა? როგორც წესი, მამები ასწავლიან და ამშვიდებენ შვილებს…

– კი, ვასწავლი, ვამშვიდებ, ზოგჯერ ვტუქსავ კიდეც (იცინის). მამას რომ შვილი ფეხბურთზე შეჰყავს, შვილი რომ გაფანტულია მოედანზე და მამა გარედან უყვირის და საყვედურობს, ასე ვართ ჩვენ რეპეტიციებზე და სხვათა შორის, ოთარი დამჯერი ბავშვივით არის (იცინის). საერთო ჯამში, ძალიან კარგი პროექტი გამოდის, არაჩვეულებრივი მონაწილეებით, რომელთაგანაც ზოგი ჩვენი მეგობარი იყო, ზოგის სახით კი ახალი მეგობრები შევიძინეთ და ერთად ფანტასტიკურ დროს ვატარებთ. ოთარის სიტყვებს გავიმეორებ, ამ პროექტის მეასე სეზონიდანაც რომ დაგვირეკონ, მონაწილეობის მეასედ მისაღებად, სიამოვნებით დავთანხმდებით.

– ჰგავხართ მამა-შვილი ერთმანეთს?

– მე და ოთარი მხოლოდ ორი რამით ვგავართ ერთმანეთს. ეს არის მოლხენა და სილაღე, დროსტარება და ქეიფი, ქართული სუფრა, რაც ორივეს ძალიან გვიყვარს და ფეთქებადი ხასიათი, უცებ ხასიათის გაფუჭება – ესეც ორივეს გვახასიათებს. ოთარს ძალიან რბილი და მარტივი ხასიათი აქვს, მაგრამ თუ განწყობა გაუფუჭეს, ისიც, როგორც მე, ძალიან მძიმე საკონტაქტოები ვხდებით. თუ ადამიანი არარეალურს ჯიუტად მიმტკიცებს, მე კი ამ დროს რეალობა ვიცი, თუ ადამიანი მატყუებს და არაპროფესიონალი პროფესიონალად ცდილობს თავის მოჩვენებას, არაადეკვატური ვხდები (იცინის).

– რით განსხვავდებით?

– ძალიან განვსხვავდებით. ოთარს არ უყვარს გარისკვა. შეეძლო, ბევრად უფრო წინ ყოფილიყო და უფრო წარმატებულიც, თუნდაც პროფესიული, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ ვერ გარისკა. ვიცი, რომ განსაკუთრებული ნიჭის პატრონი იყო, კერძოდ ნეიროქირურგიაში, მაგრამ წამოვიდა ამ სფეროდან და არც თუ ისე, მარტივ, თუმცა ნეიროქირურგიასთან შედარებით მარტივ, რადიოლოგიას მიჰყო ხელი. მე ყველაფერში ვრისკავ. ბევრჯერ წამიტეხავს ცხვირი, მაგრამ არც ერთხელ არ გავჩერებულვარ და კიდევ გავრისკავ (იცინის). ძალიან ბევრ სფეროში ვცდი ბედს. ღმერთის წყალობით, ყველაფრისთვის საკმაოდ კარგად გამომდის ალღოს აღება. ძალიან პატარამ სკოლის პერიოდში დავიწყე მუშაობა. „იუესეიდის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ვიყავი. მომწონდა ხელმძღვანელობა, საქველმოქმედო ივენთებს ვმართავდი, ინვესტიციების მოსაზიდად კომპანიების დაინტერესებას ვცდილობდი და ასე შემდეგ. დღეში ხუთი ლარი მქონდა ხელფასი. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაცემებზე დავიწყე მუშაობა, სცენის საქმეებს ვაგვარებდი. შემდეგ დარბაზის პროდიუსერი გავხდი და ასე შემდეგ. მერე გადაცემის პროდიუსინგში გადავედი, მოგვიანებით –ფინანსურ სექტორში და პიარის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიყავი. ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი ელექტრონული მედიცინის მიმართულებით, რომელიც ახლა ინერგება და რომელიც მე მქონდა ჩაბარებული. დღეს მეღვინეობით ვარ დაკავებული. ვაყენებ ჩვეულებრივ და შუშხუნა ღვინოს და ვცდილობ, ექსპორტზე გავიტანო. მინდა ჩემი ვენახები, შატო, თავლა მქონდეს, მყავდეს ცხენი და ასე შემდეგ.

– ამდენ საქმესთან ერთად, ოჯახში როგორი ხარ?

– სხვათა შორის, ძალიან მეოჯახე ვარ. შეიძლება, საკუთარ თავზე ეს სიტყვები ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ძირითადად, ყველაფრის მოტივაცია, რასაც მე ვაკეთებ, ოჯახის სიყვარულიდან და პატივისცემიდან მოდის. მე და ჩემს მეუღლეს ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს, ორი წელია, ოჯახი ვართ და პასუხისმგებლობები კარგად გვაქვს გადანაწილებული. ვეხმარებით ერთმანეთს, როცა დრო მაქვს – სახლის საქმეებშიც. ვცდილობთ, შეთანხმებულად ვიმოქმედოთ და ერთმანეთს ხელი გავუმართოთ. ყოველთვის არის გაუგებრობა და მცირედი უთანხმოება. ვერავინ დამაჯერებს, რომ ამის გარეშე ცხოვრობს, მაგრამ ძირითადად, ტკბილად და თბილად ვართ, კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

– დედაზეც გკითხავ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა. ბიჭებს ზოგჯერ უჭირთ ხოლმე ასეთ მომენტებში. როგორ იყო თქვენს შემთხვევაში?

– კი, ჩვენთანაც იყო მსგავსი მომენტი. როცა საქმე დედას დაოჯახების საკითხს შეეხო, გვიჭირდა მეც და ჩემს ძმასაც. ძალიან რთულად მისაღები და არასასიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ როდესაც ვილაპარაკეთ და გავიაზრეთ, მერე უკვე ყველაფერი მივიღეთ. დღეს მიხარია, რომ დედა კარგადაა, ბედნიერია. როგორც იქნა, 25 წლის შემდეგ, საკუთარ თავზე პირველად იფიქრა. მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ გვერდით კარგი და სანდო ადამიანი ჰყავს, რომელთანაც ჩვენც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

ასევე იხილეთ