როგორ აღმოჩნდა დათო ლიკლიკაძე კანონიერი ქურდის ქორწილში თამადად და რის გამო დააკავა ის სტამბულის პოლიციამ

ეს ახალი წელი, ჟურნალისტის, მსახიობის, გიდის, რადიოწამყვანისა და ქუთაისის მერიის უცვლელი თანამშრომლის, პოზიტიური და ნამდვილი კოლორიტი ადამიანის, დათო ლიკლიკაძისთვის, ნამდვილად გამორჩეული, ემოციებით დატვირთული და სასიამოვნო მოგონებებით დახუნძლული აღმოჩნდა. ის იერუსალიმში, წმიდა მიწაზე გახლდათ და ახლახან დაბრუნდა თავის საყვარელ ქუთაისში. სხვათა შორის, დათო არაჩვეულებრივი მეკვლეა და ტრადიციად აქვს, რომ ბედობას მთელი დღე გაღიმებული დადის.

დათო ლიკლიკაძე: არც კი ვიცი, რა უნდა მენატრა 2023 წელს ამაზე მაგარი. ისრაელში გახლდით, მადლიერი ვარ მამა პეტრე კოლხის, რომლის წყალობითა და მეგზურობით, ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად, იერუსალიმში გახლდით. ყველა ქრისტიანისთვის, ალბათ, ეს არის უდიდესი რამ. მართლაც, რა უნდა მენატრა და მეოცნება იმაზე მეტი, ვიდრე ქრისტეს განსასვენებლის ნახვაა. ვიმყოფებოდი იმ აღდგომის ტაძარში, სადაც ქრისტე გარდამოხსნის შემდეგ ქვაზე დაასვენეს და მე ამ ქვას ვემთხვიე. გოლგოთის გზაც გავიარე და მოკლედ, ეს წელი ბიბლიური, სასწაული ადგილების მონახულებით დავიწყე. სამი დღე გახლდით ისრაელში და იმ ემოციას ნამდვილად ვერ გადმოვცემ, რაც იქ განვიცადე. მართლა, წარმოუდგენელი ემოცია მაქვს.

– ახალი წლის დღესასწაული, დიდ სამზადისთან არის დაკავშირებული. თუმცა, ამბობენ, რომ შენს სუფრაზე გოჭიდან დაწყებული ნამცხვრებით დამთავრებული, ყველაფერი დაბარტერებულია, პრაქტიკულად, ფული არ გეხარჯება და მართალია?

– (იცინის). ვიღაც იფიქრებს, რომ საჭმელს არ ვყიდულობ სახლში. ყველაფერს ვყიდულობ, რა თქმა უნდა, თუმცა არის კომპანიები, რომლებიც მიკავშირდებიან და მეუბნებიან: უნდა მოგართვათ გოჭი საახალწლოდ, პასკა – სააღდგომოდ, ხაჭაპური, ყველი, ნამცხვარი…. და უარს ხომ არ ვეტყვი? (იცინის) მოკლედ, მომიტანეს გაპიწკინებული გოჭი, გავიკრიჭე, გადავიღე სურათი, დავდე სოციალურ ქსელში და დავაწერე: კარგ გოჭებს წვავენ აქა და აქ. მერე, ხაჭაპური გამომიგზავნა საცხობმა და ისიც სოციალურ ქსელში გამოვჭიმე. ტორტებს იმდენს მიგზავნიან სადღესასწაულო დღეებში, მაგით ვაჩერებ მეზობლებს (იცინის). აღდგომას 38 პასკა მომივიდა. მეც ვშლი სუფრას საჩუქრებით და ვუხდი მადლობას მადლობაზე. სხვათა შორის, ცომეულს აღარ ვჭამ, ძალიან გავსუქდი ამ ბოლო დროს და სადაც მივდივარ, ხაჭაპურით მომდევენ – მე კი სუფრიდან გავრბივარ (იცინის). არადა, როგორ მიყვარს იმერული ხაჭაპური, ყველი რომ გადმოდის და ზემოდან კარაქი აქვს მოსმული…

– ვფიქრობ, კარგი მეკვლე უნდა იყო და ალბათ, დიდი მოთხოვნაა შენზე. რამდენად გჯერა მეკვლის ინსტიტუტის და ბედობის?

– სხვათა შორის, ძალიან კარგი მეკვლე ვარ და გადასარევი ფეხი მაქვს ტანიც კარგი მქონდა, სანამ გავსუქდებოდი (იცინის). ბავშვობაში ჩემს მეკვლეობაზე მართლა დიდი კონკურსი და მოთხოვნა იყო. ჩემს ოჯახში ბედობას განსაკუთრებულად ვხვდებით და გვჯერა, რასაც დავიბედებთ და როგორ ხასიათზეც ვიქნებით, მერე მთელი წელი ისეთი იქნება. დედაჩემი გვიკრძალავდა მე და ჩემს დას ჩხუბს. დილით რომ გავიღვიძებდით, მთელი დღე გაღიმებულები დავდიოდით. არ დამავიწყდება, მეოთხე კლასში ვიყავი, შემთხვევით წამოვედე ლენინგრადში ნაყიდ, დედაჩემის ძვირად ღირებულ ვაზას და გავტეხე. რომ დაიწყო დედაჩემმა კივილი, მთელს ჩემს უბანს ესმოდა. რა თქმა უნდა, გამიფინა წიხლქვეშ და დამიწყო ცემა. მოკლედ, მცემს, ვტირი, გამახსენდა უცებ, რომ ბედობაა და ვეუბნები: დედა, დღეს ხომ ბედობაა, ყველა უნდა ვიცინოდეთ-მეთქი. გაჩერდა დედაჩემი, დაფიქრდა, კი მართალი ხარო, დაიწყო სიცილი… მიკრძალავს ტირილს, მცემს, იცინის და ვიცინი… მცემს, მტკივა, იცინის და ვიცინი. ამ დროს შემოვიდა ოთახში მამაჩემი, გადაირია კაცი, ვერაფრით მიხვდა, დედაჩემის წიხლქვეშ გაგდებული ბავშვი რატომ ვიცინოდი (იცინის). ასე, სიცილ-სიცილში მცემეს ბედობა დღეს, ვაზის გატეხის გამო. დღემდე ეს ტრადიცია მაქვს, ბედობა დღეს დავდივარ გაღიმებული.

– დათო, ქუთაისის მერიის უცვლელი თანამშრომელი ხარ. უამრავი მერი გამოიცვალე. რამდენი წელია, იქ მუშაობ?

– საკმაოდ ბევრი წელია, 90-იანი წლებიდან. 22 მერი მყავს გამოცვლილი და რომ უკვირთ ხოლმე ეს ამბავი, ხუმრობით ვეუბნები: რა იყო, თქვე კაი ხალხო, 22 კაცს იცვლის ზოგი და დიდი ამბავი, თუ მე 22 მერი გამოვიცვალე-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, 22-ვე ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!

– სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად. შენი იუმორისა და ენამახვილობის დამსახურებით, ყველაზე მოთხოვნადი გიდი ხარ. თუმცა, იყო შემთხვევა, როცა დაგაკავეს და იქნებ მოგვიყვე ამ ამბის შესახებ?

– მე არ მაქვს საკუთარი ტურისტული სააგენტო, როგორც ბევრს ჰგონია, მე ვარ უბრალოდ, გიდი. ევროპის ყველა ქვეყანაში დავყვები ტურისტულ ჯგუფებს და ძირითადად, ეგვიპტე, დუბაი, სტამბოლი, კაპადოკია – ეს ტურებია ყველაზე მოთხოვნადი. თითქმის სულ ჰაერში ვარ. სხვათა შორის, ჩვენი ტურები საკმაოდ ბიუჯეტურია და ვცდილობ, ფასიან მუზეუმებში არ შევიყვანო და არც ტრანსპორტში ჩავსვა ტურისტები. ძირითადად, უფასო მუზეუმებში დამყავს და თან, კილომეტრებს ვატარებ ფეხით. დღეში 20-25 კილომეტრს გავდივართ ფეხით. ჩემზე ძუნწი და „კრიჟანი“ არ ითქმის, უბრალოდ არ მიყვარს ფულის ხარჯვა და ვცდილობ, არც სხვას დავახარჯვინო ზედმეტად. ფულიანებსაც მოსწონთ, როცა არ ახარჯვინებ ფულს. მოკლედ, ტურს რომ შეიძენენ და მე მივყვები გიდად, პრაქტიკულად, იმის იქით ფული არ ეხარჯებათ. ერთხელ დავინახე, მარკეტის გახსნის პრეზენტაცია იყო, ბუშტებით იყო მორთული, შევყარე ჩემი ტურისტები და საჭმლიან ტორტიანად უფასოდ დავანაყრე. რაც შეეხება დაკავებას, ეს სტამბულში მოხდა – დამაპატიმრეს, როგორც არალიცენზირებული გიდი. ერთი წელია, შემოიღეს კანონი, თუ არ გაქვს თურქული ლიცენზია ან თურქეთის ისტორია ჩაბარებული, გიკრძალავენ გიდობას.

ამიტომ, კი დამაკავეს, როგორც არალიცენზირებული გიდი, მაგრამ მალევე გამათავისუფლეს. მომადგნენ პირდაპირ და მითხრეს: თქვენ გიდი ხართო? ვიცოდი, უნდა მეთქვა არა და ტურისტებიც გაფრთხილებული მყავდა. ვუპასუხე: არა, მე გიდი არ ვარ-მეთქი. აბა, ეს რა არისო და მაჩვენეს ჩანაწერები, სადაც თვეების განმავლობაში ვდგავარ ტურისტული ჯგუფის შუაში და ვშლი ხელებს (იცინის). თურმე მაკვირდებოდნენ, დამადეს ბორკილები და გადამიყვანეს განყოფილებაში. მაგრამ, ავტეხე ერთი ამბავი, დავიწყე კივილი: ვის უბედავთ თქვენ დაკავებას, იცით, ვინ ვარ? რა გიდი? მე ვარ ჟურნალისტი, აქ ვეწევი ჟურნალისტურ საქმიანობას, ტურისტულ სააგენტოებს მოვყავარ როგორც ცნობადი სახე, სულ არ ვიცი, გიდი რა არის და მისი მნიშვნელობა-მეთქი (იცინის). ერთი სიტყვით, დამგუგლეს და ამოვარდა უამრავი ტელეგადაცემა, სადაც ვყოფილვარ სტუმრად. გადახედეს ერთმანეთს: უი, ეს მართლა ვიღაცა ცნობადი ყოფილაო, გადარეკეს საელჩოში – დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი არის ნამდვილადო იკითხეს, მომიხადეს ბოდიში, გამომიშვეს და დამაბრუნეს ჩემს ტურისტებთან.

– ყველამ იცის, რომ ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივი თამადაც ხარ. მართალია, რომ შავ სამყაროში ერთ-ერთი გახმაურებული ქორწილის თამადაც იყავი და არ იცოდი ეს ამბავი, სანამ ადგილზე არ მიხვედი?

– ჩემი მეგობარი გოგონა, რომელთან ერთადაც მთელი ახალგაზრდობა გავატარე, კარგა ხანია, არ ცხოვრობდა საქართველოში. ჯერ რუსეთში ცხოვრობდა, მერე სტამბულში გადასულა, არც ვიცოდი ეს ამბები. მოკლედ, ოცი წელი არ მყავდა ნანახი, დამირეკა და მითხრა: გავთხოვდი, ქორწილი მაქვს და მინდა, თამადა შენ იყოო. გამიხარდა, მივულოცე და მართლა არ ვიცოდი, რომ ისეთ სუფრაზე ამოვყოფდი თავს თამადად, სადაც 150 კაცი იქნებოდა და აქედან – ოთხმოცი კანონიერი ქურდი. სტამბულში გადაიხადეს ქორწილი – ბილეთის, ტანსაცმლის, სასტუმროს, მოკლედ, ყველაფრის ხარჯი თავის თავზე აიღეს, ჩავედი და ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი, რაღას ვიზამდი? შევედი დარბაზში და ქუთაისელი კაცი ჩაცმულობაზე, ქცევებზე, ქორწილშიც ყოველთვის მიხვდება, ვინ არის ქურდი და ვინ – არა. შავ-თეთრში იყო გადაწყვეტილი ყველაფერი. სულ ხუთი ქართველი ქურდი იყო, დანარჩენი სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები და სიძეც რუსი ქურდი გახლდათ, ოღონდ ეს მე არ ვიცოდი. მოკლედ, აბსოლუტურად ქართული ქორწილი იყო, საქართველოდან ჩატანილი სუფრით, ქართველი მომღერლებით და საკმაოდ კარგად ვითამადე. მგონი, არაფერი გამიფუჭებია (იცინის). სხვათა შორის, ბევრს ვგონივარ ნაქირავები თამადა, მაგრამ ცდებიან. თამადობაში ფული არასდროს ამიღია. ვთამადობ მხოლოდ ახლობლებთან. იმ ქორწილშიც არ გადაუხდიათ ფული, თუმცა ქურდებმაც, სიძემაც და პატარძალმაც მაჩუქეს და არც ვმალავ. სხვათა შორის, ქურდების სადღეგრძელო არ დამილევია, მეგობრობის სადღეგრძელო, კი ბატონო, დავლიე.

ასევე იხილეთ