“მილიონერის შვილი ვიყავი, როგორ წარმოვიდგენდი, რომ ღამე დავდგებოდი და ნამცხვრებსა და კიევურ კატლეტებს გავაკეთებდი”

როგორ შეძლო ნატუკა გულისაშვილმა რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევა, რამ შეცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად და რა დაეხმარა მსახიობს ფეხზე წამოდგომაში.

ნატუკა გულისაშვილი: ძალიან მინდა ფულის პრაგმატულად ხარჯვა ან გადადება შემეძლოს, მაგრამ როგორც კი რაღაც თანხა მიჩნდება, მაშინვე მივრბივარ და ვყიდულობ რაღაცებს, არა ჩემი თავისთვის, მაგრამ ჩემი შვილისთვის, ძაღლისთვის, სახლისთვის, მეგობრებისთვის. მათთვის არაფერი მენანება. სამწუხაროდ, ფული არასდროს მიჩერდება. ზოგჯერ მინატრია, აი, ამდენი რომ მქონდეს შემოსავალი, რა კარგი იქნებოდა-მეთქი. რეალურად იყო გადაღებები, სადაც ზუსტად იმდენი მქონია, მაგრამ… (იცინის). მაგალითად, „ანოს და ვანოს ზღაპარს“ რომ ვიღებდით, მშვენიერი შანსი მქონდა: ზაფხულში, ზღვაზე, თან ვმუშაობდით და თან დასვენების დღეები მქონდა, პარალელურად, თანხა მერიცხებოდა. იმის ნაცვლად, რომ დამეგროვებინა და რამე გამეკეთებინა, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ზღვაზე ჩამოვიყვანე და დავასვენე. სულ მინდა, საყვარელ ადამიანებს ვასიამოვნო, რაც კარგია, მაგრამ მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, ხელფასი აღებიდან ათ დღეში რომ თითქმის მიმთავრდება, დამეთანხმებით, მტკივნეულია (იცინის).

– რა ხდება მერე?

– ათ დღეში რომ 70 პროცენტი აღარ გაქვს, დარჩენილი 30-ით ცდილობ, შემდეგ ხელფასამდე მიხვიდე. არადა, სხვებს ვარიგებ ხოლმე ჭკუას, როცა ვხედავ, როგორ ფლანგავს ახალ აღებულ ხელფასს (იცინის). თუმცა, დღეს ხარ, ხვალ – აღარ და ალბათ, მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღო ცხოვრებისგან. ამიტომ არ მგონია, რომ ეს ფული გადაყრილია, თუმცა, იმავეს გაკეთება ნახევარი ბიუჯეტითაც შეიძლება. გადაყრას რაც შეეხება, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში გადამიყრია ფული. რომ ვიყიდი და სახლში მოვიტან, მაშინვე ვხვდები, რომ ტყუილად ვიყიდე. ბოლო დროს, ამ მხრივ, ცოტა გამოვსწორდი. რამე რომ მომეწონება, მაშინვე არ ვიღებ გადაწყვეტილებას. მოვდივარ, ვფიქრობ და თუ დავრწმუნდები, რომ მართლა გამომადგება, მერე ვყიდულობ. ზოგჯერ ვცდილობ, ხელფასიდან ასი ლარი მაინც გადავდო, ისე, თითქოს არ მქონია, მაგრამ რა ვქნა, როცა ხელში თანხა მაქვს, მეუბნება: დამხარჯეო (იცინის). ერთხელ, გარდერობის გადალაგებისას ასე გადადებული ასი ლარი ვიპოვე და ვისაც ეს გამოუცდია, მიხვდება, რა ბედნიერი ვიყავი (იცინის). ხელფასს რომ ვიღებ, სიას ვწერ, რაც აუცილებლად მჭირდება და იმის ყიდვის შემდეგ დანარჩენი ფული სად მიდის, ეგ არ მკითხოთ (იცინის).

– ამ სიით წასული სახლში სულ სხვა შენაძენით არ დაბრუნებულხართ?

– სულ ეგრე ხდება. ერთისთვის შეხვალ სადმე და ორი იმდენს გამოიყოლებ, ხომ იცით, ოჯახი ხრამია (იცინის). მამაჩემი იყო ძალიან ბარაქიანი ხელის პატრონი, ერთის ნაცვლად ორს და სამს ყიდულობდა და ოჯახი სულ სავსე იყო, მაგრამ მამაჩემი მეღვინე იყო. მეღვინისა და მსახიობის შემოსავალი, მოგეხსენებათ, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან (იცინის). მერე წარმოუდგენელია, ჩემთან სახლში რამე „სასუსნაო“ არ იყოს. ძალიან მიყვარს ჩემს ოჯახში მოსული ადამიანის გემრიელად გამასპინძლება და ამასაც თანხა სჭირდება.

– ფული არასდროს დაგიგროვებიათ?

– ვერა, მაგრამ კონკრეტული გადაღებებიდან თუ ამიღია შედარებით მეტი თანხა, სახლში ფანჯრები გამომიცვლია, მეორე გადაღების თანხით ავტომობილი შევიძინე, მაგრამ დაგროვებით – არა. რადგან ეს დიდი გადაღებები იყო და შემოსავალიც სერიოზული მქონდა, რომ არ დამხარჯვოდა, როგორც კი ავიღე, იმ დღესვე ამ საქმეებისთვის გამოვიყენე.

– რაში ჩაგიდევთ დიდი თანხა და გინანიათ?

– არაფერში არ ჩამიდვია, მაგრამ ახლობელი ადამიანისთვის მისესხებია და ისიც დამიკარგავს და თანხაც. როცა საქმე ახლობელს ეხება, ძალიან რთულია. ადამიანს ხელი გავუმართე და ისიც დაიკარგა და ჩემი ფულიც.

– როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში სტატუსს ფული განსაზღვრავს?

– სამწუხაროდ, კი. ჩემთვის არანაირად არ განსაზღვრავს, მაგრამ არის წრეები, რომელშიც ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩემ გარშემო ძალიან ბევრია, ვინც კი არ ცხოვრობს, არსებობს. თვიდან თვემდე როგორღაც გააქვს თავი და ჩემთვის, ეს ადამიანები ბევრად უფრო საინტერესოები და მისაბაძები არიან. იმიტომ, რომ ეს არის ის ძველი თაობა, რომელსაც დღეს დიდი ფული არ აქვთ, მაგრამ მათთან ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა. ის საზოგადოება კი, სადაც შენი მატერიალური მდგომარეობის მიხედვით გიღებენ ან არ გიღებენ, ჩემთვის არ არის საინტერესო. მაგალითად, მე ერთ დროს ძალიან ბევრი მქონდა, მაგრამ დღეს საშუალო ფენის წარმომადგენელი ვარ. საზოგადოება, რომელიც ბრენდებით, მანქანის სიდიდით, სამკაულებითა და „ძვირად ღირებული“, ჩემი გაგებით, გოიმური სტატუსებით ურთიერთობს, ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო.

მე მგონია, რომ სწორედ, ის ადამიანია ძლიერი, ვისაც ძალიან ბევრი ჰქონდა, მერე ყველაფერი დაკარგა და თავიდან იწყებს ფეხზე წამოდგომას. ადამიანს, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა, უცებ ძალიან ბევრი იშოვა და ზემოდან გიყურებს, არც ვიცი, რა უნდა დავარქვა. არსებობენ ისეთებიც, ვინც ბევრი დაკარგა და გაბოროტდა, ასეთი ადამიანები საშიშები არიან. ბევრნაირი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ ადამიანები საცერში იცრებიან, მხოლოდ დიდები რჩებიან, პატარები კი ქრებიან.

– ბავშვობიდან მიჩვეული იყავით, რომ შეძლებული ოჯახი გქონდათ, მერე, როცა მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, არ გაგიჭირდათ ახალ ცხოვრებასთან შეგუება?

– ძალიან რთული იყო. მე, ადამიანს, რომელსაც კახეთში მქონდა ვოლიერი და მყავდა შვლები, ფარშევანგები და ზღაპარში ვცხოვრობდი, მერე უცებ, დადგა პერიოდი, როცა ღამეებს ვათენებდი იმისთვის, რომ ნამცხვრები და კიევური კატლეტები გამეკეთებინა, რომელსაც დილით სხვადასხვა ადგილებში ვაბარებდი. გადაჭრილი ვაგონი მქონდა ნაქირავები და იქ მეორადებს ვყიდდი. იქიდან გავრბოდი და სპექტაკლებს ვთამაშობდი. შემდეგ ისევ ეს რუტინა. მაგრამ ამან, პირიქით, გამაძლიერა. მერე უკვე, ყოველი ახალი სირთულის დროს, ფიქრობ „ამასაც შევძლებ“. თუ არ ხარ ამპარტავანი, თუ შეგიძლია, „ბოჰემურ“ ცხოვრებაზე, „ტუსოვკებზე“ და სხვა გასართობზე უარი თქვა და ის საქმე აკეთო, რომელიც შენივე უკეთ ცხოვრებისთვის არის საჭირო, ყველაფერს გაუმკლავდები. ჩვენ, ყველანი, ადამიანები ვართ, პიროვნებები. პიროვნებას ზუსტად ცხოვრება და ის გამოცდილებები განსაზღვრავს, რომელიც მას გზად ხვდება. მე კარგად ვიცოდი და დღესაც ვიცი, რომ უფლება არ მაქვს, არ ვიშრომო, არ ვცადო რამე ახალი. იმიტომ კი არა, რომ ბევრი ფული მქონდეს. არავინ თქვას, რომ ფული არ უნდა, ეს აუცილებელია, მაგრამ შრომითა და ბრძოლით იმაზე მეტს აღწევ, ვიდრე ფულია. მადლობა ღმერთს, არ გავბოროტებულვარ, გვერდით ძალიან კარგი ადამიანები მყავს და ეს დიდი გამარჯვებაა.

– შეძლებული ოჯახი გქონდათ, მაგრამ შემდეგ გადარჩენისთვის გახდა ბრძოლა საჭირო. რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება?

– დიდწილად გარემო პირებობი გახდა განმსაზღვრელი. მაშინ შემოვიდა კუპონები და ფასი დაკარგა იმან, რაც გვქონდა. მამა გარდაიცვალა და ორი ქალი – მე და დედა დავრჩით. ბევრი შეცდომა დავუშვით, არ ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. მე პატარა ვიყავი, დედა დიასახლისი იყო და არ ჰქონდა მართვის გამოცდილება. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რაც მოხდა. საბედნიეროდ, მერე აღმომაჩნდა მართვის სადავეების ხელში აღების უნარი. მე რამდენიმე საყვარელი ფრაზა მაქვს: „ესეც გაივლის“, „არასოდეს თქვა არასოდეს“ და „ცხოვრება მშვენიერია“ და ამ სამი ფრაზით ვცხოვრობ. შეიძლებოდა, მეთქვა, ვაიმე, მე ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ როცა საჭიროა, გააკეთებ. შეიძლება, ითქვას, რომ მილიონერის შვილი ვიყავი, როგორ წარმოვიდგენდი, რომ ღამე დავდგებოდი და ნამცხვრებს და კიევურ კატლეტებს გავაკეთებდი, მაგრამ გავაკეთე. ვფიქრობდი, „ესეც გაივლის“, ამას ცვლილება მოჰყვება. ამ რწმენით ყოველ დილას იმედიანად ვიწყებდი და არ მავიწყდებოდა, რომ ცხოვრება მშვენიერია. როცა ეს განწყობა გაქვს, სამყარო ასეც აწყობს შენს ცხოვრებას.

მერე, როცა ოჯახი და პასუხისმგებლობები გემატება, უფლებაც არ გაქვს სხვანაირად მოიქცე, ვერ დაყრი ფარ-ხმალს, ვერ მოიხსნი პასუხისმგებლობებს, პირიქით, სულ უნდა იბრძოლო უკეთესობისთვის. დღეს სირთულის წინაშე თუ აღმოვჩნდები, უკან რომ გავიხედავ, ვამბობ, ამაზე უარესები გამომივლია, ამაზე დიდ სირთულეებს გავმკლავებივარ და ვერც ეს შემაშინებს-მეთქი. მე შემიძლია, ყველაფერს დამოუკიდებლად გავუმკლავდე და ბედნიერი ვარ, რომ ასეა.

ასევე იხილეთ