“მშვიდობით ვაჟა, მშვიდობით მეგობარო, მშვიდობით რაინდო… მშვიდობით გენერალო… დამელოდე”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ორი დღის წინ წავიდა… ორ დღეში მიიბარებს საქართველოს მიწა, რომელიც თავსაც ერჩია და ქვეყნიერებასაც… ორი დღე ვფიქრობდი, როგორ და რა სიტყვებით დავმშვიდობებოდი… არც საბავშვო ბაღში გამიცვნია, და არც მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა… გავიცანი თსუ-ში: ის ისტორიულზე სწავლობდა, მე ფილოსოფიურზე … ერთხელ გათხრებზე დამპატიჟა. მისთვის ეს სტუდენტური პრაქტიკა იყო, ჩემთვის თავგადასავალი… მაშინ დიღომს “თხრიდნენ” არქეოლოგები…. მერე, სტუდენთა ორთვიანი სამხედრო-საწვრთნელი შეკრება ახალქალაქში… მერე, როდესაც ვფიქრობდი რომ ჩვენი გზები სამუდამოდ უნდა გაყრილიყო, ომმა, საქართველოსათვის ომმა, გადაკვეთა ჩვენი გზები… ეს მაშინ არც მას გაკვირვებია და არც მე… დაბოლოს, ქართველ ჩოხოსან რაინდთა დასი… და არც მაშინ გაგვიკვირდა ერთმანეთი რომ ვნახეთ. ვიცოდით, გვეკუთვნოდა ჩოხით შემოსვა, ჩვენი ცხოვრებითა და იარებით, გვეკუთვნოდა… იანვარში მასაც დაბადების დღე ქონდა… ტელეფონით მივულოცე და შემეხვეწა მოდიო, ბოლოჯერ ვიხდი და დაგწყდება მერე გულიო… სიტყვა-სიტყვით ასე მითხრა… დამწყდა კიდევაც… საშინლად დამწყდა…. ახლა გემშვიდობები არაჩვეულებრივო ქართველო, რაინდო და მეომარო… ახლა ვემშვიდობები ჩვენს თითქმის 55 წლიან მეგობრობას… ახლა ვემშვიდობები კაცს, რომელიც, ასაკის მიუხედავად, არც ბრძოლის ველს გაქცევია და არც ბრძოლას გარიდებია… რომელსაც წლებია, ომიდან დარჩენილი მძიმე იარები აწუხებდა, მაგრამ მაინც ვერ გატეხა მისი ვაჟკაცური და დაუდგრომელი სული…
მშვიდობით ვაჟა, მშვიდობით მეგობარო, მშვიდობით რაინდო… მშვიდობით გენერალო… დამელოდე….”-წერს თევზაძე.

 

ასევე იხილეთ