“მოგონებად იქცა მისი არწივისებრი იერი და მისი ნამღერი ყოველივე კეთილზე”

მომღერალი თემურ წიკლაური პირველ თებერვალს, 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვლა. 

სოციალურ ქსელში უამრავი ემოციური პოსტი გავრცელდა. მათ შორის არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, კონსტანტინე გამსახურდიას სტატუსიც.

„თემურ წიკლაურის გარდაცვალებაზე:

სტუდენტობისას მახსოვს, ერთ საინტერესო წიგნში, რომელიც ევროპულ, აღმოსავლურ და ქართულ წყაროებს ეყრდნობოდა, აღწერილი იყო უცნაური ჩიტი, რომელსაც სპარსელი ზედამხედველნი ირანისკენ გარეკილი ქართველი ტყვეების ქარავანებისა უწოდებდნენ „გიაურ-ყუშის“, ანუ „ურწმუნოთა ჩიტს“. მათ სძულდათ ეს ფრინველი და ყველანაირად ცდილობდნენ დაეფრთხოთ, ისრებსაც უშენდნენ. ეს ყოფილა გვრიტის მსგავსი ფრინველი, რომლის ხმიდანაც ქართველ ტყვეებს ესმოდათ „ნუ გათათრდები“; ანუ თავიანთივე სინდისის ხმა, ოღონდ ფრინველის გამონაცემი.

თემურ წიკლაურის გარდაცვალებამ გამახსენა ეს ჩიტი. სწორედ მისი ომახიანი სიმღერიდანაც ისმოდა რაღაც მსგავსი, ცხადია ამ ეპოქის კონტექსტთან შესაბამისობაში მყოფი – „ანდუყაფარო, ლიპარიტო“, „არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი“, „იყიდება საქართველო“ … დიახ, შესაბამისი იმ ეპოქისა, სადაც ყველაფერი გაიზომა ვალუტების კურსებზე, სამხედრო ტექნოლოგიებზე, ბაზარზე და ბაზრებზე, ისეთ უსულგულო აზრებზე და უსულდგმულო ციფრებზე, რამაც ადამიანური და ეროვნულ-კულტურული განზომილებისთვის ადგილიც აღარ დატოვა.

წავიდა თემურ წიკლაური და მოგონებად იქცა მისი არწივისებრი იერი, მისი ნამღერი ყოველივე კეთილზე, ამაღლებულზე, რამაც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი საზოგადოების იმად წარმოქმნისათვის თავისი დადებითი მხრიდან, რანიც ვართ; იმ გარემოზე, სადაც ჩვენ ჩამოვყალიბდით, სადაც მან დასცალა სამწდე ჩვენი ამქვეყნად გაჩენისა, როგორც ასეთი და არა სხვანაირი ერისა, სწორედ ამ გენოტიპის, ამ ენის, ამ ისტორიის, ამ ურთიერთობების, ამ ხელოვნების შემოქმედის და დღემდე მომტანის. მოიხსენოს უფალმა“, – წერს კოსტანტინე გამსახურდია.

ასევე იხილეთ