რა გზით მიაღწია დიდ წარმატებას ვასილ ჭიჭიაშვილმა მაკედონიაში და როგორ შეცვალა მისი გეგმები სიყვარულმა
ვასილ ჭიჭიაშვილი მაკედონიაში მოღვაწე ქართველი ბალერონია, რომელმაც ცეკვა საქართველოში დაიწყო, თუმცა ამის შემდეგ, კარიერა ჯერ თურქეთში, შემდეგ კი მაკედონიაში განაგრძო.
– როგორი იყო თქვენი ბავშვობა და თქვენი პირველი ნაბიჯები ხელოვნების სამყაროში?
– ჩემი ბავშვობა ქალაქ ახმეტაში იწყება, სადაც დავიბადე და 10 წლის ასაკამდე ვიზრდებოდი. დავიბადე ჩვეულებრივ ქართულ, მშრომელ ოჯახში. გვარი, წარმოშობით, სოფელი მატანიდან არის. სხვათა შორის, მატანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიური სოფელია. ასევე, ახმეტა და მატანი ჭიდაობაში არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების მშობლიური მხარეა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საამაყოა. ჩემი ცეკვასთან შეხება სკოლაში ჩარიცხვისთანავე მოხდა, სადაც არსებობდა ქართული ცეკვის წრე. ცეკვაზე ჩემი შესვლა დედაჩემის სურვილი იყო, მამაჩემს კი ჭიდაობაზე უნდოდა შევეყვანე. რადგან ეს ორი სფერო ერთმანეთთან შეუთავსებადია, არჩევანი ცეკვაზე გაკეთდა. 10 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემმა გაზეთიდან შეიტყო, რომ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მოსწავლეების მიღება იწყებოდა. ჩამომიყვანეს სინჯებზე და მიმიღეს. ასე მოვხვდი კახელი ბიჭი ბალეტში (იცინის). ჩემს მომავალზე, ასევე, უდიდესი გავლენა იქონიეს პედაგოგებმა, რომლებიც სასწავლებელში მყავდა. დიდი მადლობა მათ გაწეული ღვაწლისთვის! საბედნიეროდ, ჩემი თაობა მოესწრო თვით ვახტანგ ჭაბუკიანს, როდესაც კიდევ ზრდიდა ახალ თაობებს და მასთან ერთი სასწავლო წელი გავატარეთ. ზოგადად, უნიკალური სასწავლებელი იყო თავისი წესრიგითა და დისციპლინით. იმ დროს რეგიონებიდან მიღებული ბავშვებისთვის ინტერნატი არსებობდა სასწავლებელში. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ ბავშვები. ასე რომ, რომ არა ინტერნატის არსებობა, სწავლის საშუალებაც არ მომეცემოდა. სამწუხაროდ, 1992 წლიდან სასწავლებელში ინტერნატი გაუქმდა. მახსოვს, რადგან მე ვიყავი ბოლო მოსწავლე, კარიც მე გამოვიხურე. ახლა სასწავლებელს არ გააჩნია მუდმივი ბაზა, სადაც შესაბამისი რაოდენობის დარბაზი და ინტერნატი ექნებოდა.
– საქმიანობა საქართველოში დაიწყეთ – როგორი იყო თქვენი პირველი პერიოდის წარმატებები ჩვენს ქვეყანაში?
– 1992 წლიდან, სასწავლებლის დამთავრებისთანავე, მიმიღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის დასში. ოპერის თეატრი გახდა ჩემი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილიც – მაშინდელმა თეატრის დირექციამ საგრიმიორო გამომიყო, სადაც დროებით ვცხოვრობდი. ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო ქვეყნისთვის 90-ანი წლები. სრული ქაოსი იყო! განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ხელოვნების დარგი. მიუხედავად ქვეყანაში მძიმე მდგომარეობისა, მაინც ვახერხებდით მუშაობას გაყინულ დარბაზებში. არანაირი პირობა არ არსებობდა, უშუქობა, უწყლობა და შიმშილი იყო ყველგან. დაიწყო დასიდან მსახიობების გადინება, ძირითადად, რუსეთში. მეც მქონდა წასვლის სურვილი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, კარგია, რომ დავრჩი. ხუთი სეზონი ვიმუშავე ჩვენს დასში და იმ დროს არსებული რეპერტუარიდან ყველა სოლო და წამყვანი პარტია შევასრულე.
– საქართველოს შემდეგ კარიერა თურქეთში განაგრძეთ. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, დავიწყე ფიქრი სხვა ქვეყანაში წასვლაზე. 1997 წლიდან გადავედი თურქეთის ქალაქ მერსინში. მერსინში დასის სამხატვრო ხელმძღვანელად და ქორეოგრაფად ახალი დანიშნული იყო ნუგზარ მაღალაშვილი – წარსულში ჩვენი თეატრის წამყვანი მოცეკვავე. სხვათა შორის, თურქეთში ხელოვნება ძალიან დაფასებულია. ყველა დიდ ქალაქში ოპერისა და ბალეტის თეატრი გახსნეს. მერსინში საკმაოდ წარმატებული წლები მქონდა. ნუგზარ მაღალაშვილის დანიშვნამდე სულ 2-3 სპექტაკლი ჰქონდათ. ჩემი იქ ყოფნის დროს რეპერტუარი გაიზარდა. პირველად თურქეთის ბალეტის ისტორიაში, მერსინის ბალეტმა დაიწყო ტურებზე გასვლა ევროპაში. თურქეთში 4 სეზონის პროდუქტიული მუშაობის შემდეგ, დადგა დრო, გადავსულიყავი ჩრდილოეთ მაკედონიაში. მანამდე სპექტაკლებზე მიმიწვიეს და მალევე შემომთავაზეს მათ ბალეტში გადასვლა. 2002 წლიდან მაკედონიის ბალეტის წამყვანი სოლისტი გავხდი. თუმცა მაკედონიაში გაჩერებას არ ვაპირებდი, გეგმა მქონდა, გადავსულიყავი დასავლეთ ევროპაში, მაგრამ გეგმაში კორექციის შეტანა მომიხდა მას მერე, რაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. მაკედონია პატარა და საქართველოსთან შედარებით, მშვიდი ქვეყანაა. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, მათაც ტრანზიციის რთული პერიოდი გაიარეს. დღეს „ნატოს“ წევრია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე.
2007 წელს, ნინო ანანიაშვილის დაპატიჟებით, თბილისში ვბრუნდები. იმ დროს ქართული ბალეტი საკმაოდ წარმატებული იყო, განახლებული სპექტაკლებითა და გაზრდილი რეპერტუარით. დასში დაბრუნებისას, მალევე მომეცა შანსი, პარტნიორობა გამეწია ქალბატონი ნინოსთვის. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სტიმული და პატივი იყო მასთან ცეკვა. თბილისში ექვსი სეზონი ვიმუშავე და ეს პერიოდი იყო შემოქმედებითად ყველაზე წარმატებული. ჩემს რეპერტუარს შეემატა ბალანჩინის და ირჟი კილიანის შესანიშნავი სპექტაკლები. მომანიჭეს ღირსების ორდენი. იყო უამრავი გასტროლი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.
მიუხედავად ამისა, დადგა ის დრო, როდესაც უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, შემეცვალა პირადი ცხოვრება და ჩემი მომავალი, რომლის პერსპექტივა საქართველოში არ ჩანდა. 2012 წელს დავბრუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც შევქმენი ოჯახი და 2022 წლამდე მაკედონიის ბალეტის მოქმედი მოცეკვავე ვიყავი.
– დღეს რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას და პროფესიონალური თვალსაზრისით თუ ინარჩუნებთ კონტაქტებს?
– თბილისის დასთან წამოსვლიდან სულ ორჯერ მქონდა ურთიერთობა. მეტი პროფესიონალური კონტაქტი აღარ მქონია. თუმცა, დასში უამრავი მეგობარი მყავს და ვინარჩუნებ მათთან ურთიერთობას. ვადევნებ თვალყურს მათ წარმატებებს და დასის სიახლეებს.
– ახლა როგორ ცხოვრობთ?
– ახლა პედაგოგ-რეპეტიტორი ვარ მაკედონიის თეატრში. მყავს მეუღლე და 10 წლის ქალიშვილი. ვცდილობ, ქართული ვასწავლო. საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივართ და ვმოგზაურობთ სხვადასხვა კუთხეში. მინდა, უკეთ გავაცნო ქვეყანა. ძალიან მოსწონთ საქართველოში ყოფნა, განსაკუთრებით სამზარეულო (იცინის).