“სულ 21 წლისაა, ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, რაც არაა მისი საქმე… ის “ნაცებსაც“ უნდა უყვარდეს, “ქოცებსაც“, ორივე ფლანგის “გირჩებსაც“ და”ტიფოზებსაც“

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილ ბულინგის კამპანიას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განმარტებით, ის, რომ კვარაცხელიამ არ გალანძღა ყოფილი კლუბი, რუსეთი და მისი საქართველოში გადმოსვლა სამიტინგო პათოსით არ აღწერა, ეს პიროვნულ ტაქტზე მიუთითებს.

რომან გოცირიძე საზოგადოებას ურჩევს „ყველამ თავისი საქმე აკეთოს და „კვარა“ ყველაზე უკეთ გააცნობს იტალიელებს საქართველოს“.

„მორიგი უაზრო აჟიოტაჟი ატყდა ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში გამართული პრესკონფერენციის გამო. მისი პასუხი რუსეთიდან წამოსვლის შესახებ იყო სწორი.

როგორც კი მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავიდა, იმ დღიდან ვაკვირდები ამ ბიჭს. მისი თითქმის ყველა თამაში მაქვს ნანახი სხვადასხვა ინტერნეტსტრიმებით, მათ შორის საწვრთნელი შეკრებების დროს ჩატარებული.

რაც შეეხება მის პირად მხარეს: არის ლაღი, ხალისიანი, კარგი იუმორის მქონე, ზომიერი შეფასებებში, ხაზს უსვამს სხვების დამსახურებებს და არ არის ეგოისტრად პატივმოყვარე. გუშინდელ ნახევარსაათიან პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა ეს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გალანძღა ყოფილი კლუბი, რუსეთი და მისი საქართველოში გადმოსვლა არ აღწერა სამიტინგო პათოსით, ეს მის პიროვნულ ტაქტზე მიუთითებს. რომ არა “რუბინში” გადასვლა, რომ არა მწვრთნელის შეცვლა და სლუცკის( რომელიც მას შვილობილს ეძახის) ხელში მისი ჩავარდნა, შეიძლება დღესაც “ლოკომოტივის” ან “რუბინის” დუბლებში ეხეხა სკამი. ნიჭიერია და ეს ასე არ მოხდებოდა? ბევრი ნიჭიერი გვინახავს დაკარგული. მინიფეხბურთშიც გვყავდა ნიჭიერი ბავშვი, ქართველი მარადონა, არქანია იყო გვარად. იცით ახლა სად არის? გსმენიათ რაიმე მის შემდგომ კარიერაზე? მე არა.

კვარაცხელია სულ 21 წლისაა, ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, რაც არაა მისი საქმე. ის ნაცებსაც უნდა უყვარდეს, ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც.

სპორტსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის იდეალური მაგალითი იყო ზაზა ფაჩულია. მუდამ გუნდურობას და სხვების დამსახურებას უსვამდა ხაზს, კონფლიქტური სიტუაციების კომენტირებისას იყო ჯენტლმენი და ყველანაირად კორექტულ, მათ შორის პოლიტკორექტულ შეფასებებს აკეთებდა (ძირითადად, ამერიკული აუდიტორიისათვის). თავის დროზე ეს დავწერე კიდევაც. ვიღაცამ მაშინ დამიკომენტარა, დედა უწერს განცხადების ტექსტებსო:)). არაა ეს ასე რა თქმა უნდა. ალბათ არ სჯეროდათ, რომ ეს პატარა ბიჭი ასეთი გონიერი და თავმდაბალი იყო. ხვიჩაც პატარაა.

რაც შეეხება გუშინდელ ინტერვიუს, იტალიურად ცუდად რომ ითარგმნებოდა მეც კი მივხვდი, ამ ენის არმცოდნემ. ალბათ არ იყო ადვილი იტალიაში სპორტის მცოდნე ქართველი თარჯიმნის მოძებნა. ასეთი კურიოზული შემთხვევაც იყო: ჟურნალისტი ეკითხება, რას იტყვით იმაზე, რომ თქვენ “კვარადონას” გეძახიან, მოგწონთ თუ არაო. თარჯიმანმა უთარგმნა და მერე წასჩურჩულა, რომ იცოდეთ, დონა იტალიურად ქალს ნიშნავსო. სინამდვილეში “კვარაქალოს” კი არა მარადონას ადარებდნენ. ხვიჩამ რა თქმა უნდა, სწორი პასუხი გასცა და “გაატარა” თარჯიმნის “წახმარება”:))

მოკლედ რომ ვთქვათ, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. საქართველოს “კვარა” ყველაზე უკეთ გააცნობს იტალიელებს, ისევე როგორც ჩვენი რაგბისტების მეშვეობით ფრანგები უფრო მეტს გებულობენ, ვიდრე მთელი პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების მეშვეობით.

ბოლოთქმა: სპორტის დიდი მოყვარული ვარ და ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობდი. 9 ნომერი ვიყავი, სლავა მეტრეველის და ვოვა გუცაევის მსგავსად:))

სხვათა შორის, მე და ვოვა ერთ საფეხბურთო გუნდში ვთამაშობდით…პარლამენტში. ორჯერ მყავს მოტყუებული“, – წერს რომან გოცირიძე.

ასევე იხილეთ