“ეზოს კარს რომ ვაღებ, პირდაპირ ზღვის სანაპიროზე ვარ – არც გამოცვლა მჭირდება, არც დაძაბული ვარ”

ზაფხული დასვენებასა და გართობასთან ასოცირდება. ამ დროს ყველა ცდილობს, მთელი წლისთვის საკმარისი ენერგიით დაიმუხტოს და დრო განსაკუთრებულად გაატაროს. ვნახოთ, როგორია დალი ჩიტალაძის საზაფხულო არდადეგები.

დალი ჩიტალაძე: საოცნებო არდადეგები სხვანაირია, მაგრამ ნათქვამია, საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე დაიფარეო (იცინის). ოცნებით ძალიან მინდა, ახლა კაპრიზე ან საბერძნეთის რომელიმე კუნძულზე ვიყო, მაგრამ მერე რა, რომ არ ვარ?! ოცნებები კარგია, იმიტომ რომ ისინი აუცილებლად რეალიზდება. ოცნებაც არ დავარქვათ, სურვილი უნდა ჩაიფიქრო და ის აუცილებლად აგისრულდება. ადრე უფრო მეტს ვმოგზაურობდი, ახლა – ნაკლებად, იმიტომ, რომ ძალიან დაკავებული ვარ. სხვა პასუხისმგებლობები მაქვს – მოხუცი მშობლები, საკუთარ ჯანმრთელობასაც ცოტა მივხედე და ამ მომენტში ნაკლებად ვიცლი მოგზაურობისთვის, თუმცა, წინ კიდევ დიდი დროა. საერთოდ, ცხოვრება მაშინ არის საინტერესო, როდესაც ბევრს მოგზაურობ. სხვა არაფერს ვნატრობ, იმდენი საშუალება მქონდეს, რომ სადაც მინდა, იქ წავიდე. მინდა, მთელი ჩემი დედამიწა მოვიარო, თავის ყველა საინტერესო კუთხით. თუმცა, მოგზაურობა და დასვენება ორი სხვადასხვა რამ არის. ჩემთვის დასვენება პლაჟთან და გრიგოლეთთან ასოცირდება. ეს არის ადგილი, სადაც არ ვფიქრობ, რა მაცვია, როგორ გამოვიყურები, როგორი მაკიაჟი მაქვს (იცინის). მთელი დღე ვცურავ, ვამზადებ გემრიელ ვახშამს და იქ საკუთარი თავიცა და ოჯახის დანარჩენი წევრებიც, ყველა თევზის დიეტაზე მყავს. ასე გემრიელად ვისვენებთ.

– რადგან გამორჩეულ სტილთან ასოცირდებით და თავის მოვლაც ძალიან გიყვართ, იქ არ გიჭირთ ამ ყველაფრის გარეშე?

– ზღვაზე ზღვის მოდა მაქვს და იქაც გავაკეთებ ფოტოსესიებს, ზღვისპირა ლუქებს შემოგთავაზებთ. მაგრამ იქ არ დამჭირდება მაკიაჟზე ფიქრი. არც სალონში წასვლასა და ვარცხნილობებზე ვფიქრობ. ნესტიან ჰავაზე თმა სულ მეხვევა და ზღვას უხდება გაჩეჩილი თმა, ჩალმები, ფერადი გადმოსაცმელები. თან, იქ მხოლოდ საკუთარ გარემოცვაში ვარ. უცხოს ვერავის ვხედავ. ვართ ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები და მე, მეტი – არავინ. როცა ზღვისპირა ქალაქში ხარ, იქ იმაზეც უნდა იფიქრო, რომ ყოველდღე სხვადასხვა გეცვას და გეხუროს, მაგრამ გრიგოლეთში, საღამოს, ოჯახურ გარემოში, გემრიელად რომ „დავეყრებით“, არაფერ მსგავსზე არ მიწევს ფიქრი. რამე გემრიელ კერძს მოვამზადებ და მივირთმევთ.

– ზაფხულში ზღვისპირას კულინარიის მოყვარულებსაც არ უყვართ დიდად კერძების მზადება. თქვენ ახერხებთ ამას?

– იქ ვცხოვრობთ სახლში, რომელიც ზედ ზღვის პირასაა. ეზოს კარს რომ ვაღებ, პირდაპირ ზღვის სანაპიროზე ვარ. არც გამოცვლა მჭირდება, არც დაძაბული ვარ, ძალიან მშვიდი და ოჯახური გარემო გვაქვს. მთელი დღე იმდენად არაფერს ვაკეთებთ, საღამოს ყველა ერთად რომ დავსხდებით, მინდება, რამე გემრიელი გავაკეთო. თან, მე ვინ გამიშვებს ისე, რომ რამე გემრიელი არ გავაკეთო? (იცინის) იქვე ცხოვრობს მეთევზე, გვერდითა მეზობელი მეყველე გვყავს და მოკლედ, ძალიან ნატურალურ პირობებში ვართ.

– მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, საერთო არდადეგების დაგეგმვა არ გიჭირთ?

– მე რომ ჩავდივარ, რიგრიგობით ჩამოდიან ხოლმე ჩემები. მოდიან-მიდიან, მოდიან-მიდიან და მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში დიდი ჟრიამული გვაქვს, ზოგჯერ ერთი თვეც კი. ეს ჩემთვის უდიდესი რეაბილიტაციაა. თუ დიდხანს მოვახერხებ დარჩენას, ძალიან მიხარია. არის დასვენება, რომელიც პირიქით, გღლის. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ბათუმში სამი დღით ვიყავი წასული და ძალიან დავიღალე. ნამდვილი საგიჟეთი იყო, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგი მასპინძლები მყავდა და არაჩვეულებრივ სასტუმროში ვცხოვრობდი. უამრავი ადამიანია გარშემო. ამდენი ხალხი, მგონი, თბილისში არ არის. უამრავი ტურისტია, რაც ეკონომიკისთვის კარგია, მაგრამ დასასვენებლად ბათუმში ვერ წავალ. პირიქით, იქ დავიღალე და ისე წამოვედი (იცინის). ჩემთვის კი ენერგიის წყარო პასიური დასვენებაა. ამ დროს, რასაც ჰქვია, ჩემს „ბატარიებს“ ვტენი (იცინის).

– დასასვენებლად რომ მიდიხართ, მთელი გარდერობი მიგაქვთ თუ ამ საკითხს ძალიან პრაქტიკულად უდგებით?

– ბევრი რამ მიმაქვს, მაგრამ უფრო საზღვაო სარაფნები, ქუდები, გადმოსაცმელები. საღამოს ზოგჯერ აცივდება, წვიმაც ხშირია და ამ ყველაფერისთვის მომზადებული მივდივარ. ზედმეტი და ზღვისთვის შეუსაბამო არაფერი მიმაქვს.

– ზღვისთვის მზადება ქალებისთვის საკმაოდ შრომატევადი პროცესია. კანი, კილოგრამები, თმა – ბევრი საზრუნავია.

– ჩემი თავის მოვლის რუტინა მთელი წლის განმავლობაში ერთნაირია. ვუვლი როგორც სახის, ისე ტანის კანს. მაგრამ, როდესაც ზღვის სეზონი ახლოვდება, რა თქმა უნდა, ვცდილობ, ზედმეტი კილოგრამები მოვიშორო. ზამთარს და ადრეულ გაზაფხულს ახასიათებს კალორიების დაგროვება და შედეგად მიღებული ზედმეტი კილოგრამები აუცილებლად უნდა მოიცილო. ჩემთვის ის 2-3 კილოგრამიც ძალიან ბევრს ნიშნავს. ზედმეტი კილოგრამები ყოველთვის დისკომფორტს მიქმნის. მე გემრიელი ჭამა მიყვარს, მაგრამ თუ შევატყვე, რომ წონის აკრეფა დავიწყე, მაშინვე ვჩერდები. ხუთ კილოგრამზე მეტი არასდროს მომიმატნია. თუ ამდენი მოვიმატე, უკვე განგაშის სიგნალს ვრთავ, წითელ ხაზებს არ ვკვეთ (იცინის). რა ვქნა, არ მომწონს და არ მიყვარს ჩემი თავი ასეთ ფორმაში.

– და როგორ აღწევთ შედეგს?

– ყველაფერს ვჭამ რაც გემრიელია, მაგრამ როგორც კი დოზას გავზრდი, ვიმატებ. თუ ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ცოტ-ცოტას, გამორიცხულია მოვიმატო. ეს არის ჩემი ოქროს წესი – შეამცირეთ დოზა. თუ გინდათ, საგრძნობლად დაიკლოთ, მაშინ რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცომეული, ბურღულეული და უნდა მიიღოთ მეტი ცილა, ბოსტნეული და ხილი. თევზი, კვერცხი, ყველი, ბოსტნეულთან ერთად. ამ პროდუქტის მიღება აუცილებელია, ძალიან საჭიროა ორგანიზმისთვის, თუმცა, ხანდახან განტვირთვის დღეებიც, ანუ მხოლოდ ბოსტნეულის მიღებაც კარგია.

ასევე იხილეთ