“ღმერთმა გადმომაგდო, რომ გადავრჩენილიყავი. არ შევიცვალე, ისევ იგივე გავაკეთე სხვა დროს და ტალღებს გავყევი”

ბლიცინტერვიუ თამარ დათუაშვილთან 👇

სახელი: თამარი.

გვარი: დათუაშვილი.

პროფესია: მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან…

– ჩემი ბავშვობა ყოველთვის სცენასთან, სიმღერასთან, ცეკვასთან და კონცერტებთან იყო დაკავშირებული. საბჭოთა ბავშვი ვიყავი და როცა აღლუმები იმართებოდა, ყოველთვის მივყავდი ხელმძღვანელობას. ერთ დღესაც, სპორტის სასახლის გახსნაზე, ხრუშჩოვი ჩამოვიდა. მითხრეს, გახსნის მომენტში უნდა მივსულიყავი მასთან და ხელში ამიყვანდა. რასაც მეუბნებოდნენ ყოველთვის ვასრულებდი, მეც მივედი და ვფიქრობ, როგორ არ შევასრულო მასწავლებლების დანაბარები-მეთქი და იმ მიზნით, რომ ხელში ავეყვანე, ჩავეხუტე ხრუშჩოვს. დაიგრიალა ტაშმა, მართლაც ამიყვანა ხელში, ბევრი მეფერა და მე და მან ერთად გავხსენით თბილისის სპორტის სასახლე. თუმცა, ხრუშჩოვი დიდად არ უყვარდათ და ამიტომ დედას ვეუბნებოდი, არავისთან ეთქვა ეს ამბავი-მეთქი (იცინის). ხშირად ვიყავი ხოლმე მსგავსი ისტორიული ფაქტების მთავარი მონაწილე.

– მშობლების როლი…

– ძალიან დიდია. განსაკუთრებით დედის და ბებიის, ჩემი დიდი მეგობრები იყვნენ. სამწუხაროდ, დღეს ორივე გარდაცვლილია. დედა ახლაც შეიძლებოდა კარგად ყოფილიყო, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა. ჩემი ცეკვა, სიმღერა, სკოლა, განათლება, მეგობრები დედაჩემის დამსახურებაა. მამა ძალიან კარგად მღეროდა, „პირველი ტრიოს“ მომღერალი გახლდათ, კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და გიტარაზე შესანიშნავად უკრავდა. მუსიკალური ნიჭი სწორედ მისგან მერგო.

– ჩემი პროფესია განაპირობა…

– ოჯახმა. ბავშვობიდან ისეთი ცხოვრება მქონდა, ჩემი გზა ბოლომდე თეატრალურისკენ მიდიოდა. კინოში 12 წლის გადამიღეს, ეს იყო სატელევიზიო ფილმი „კედელი“, რომელიც იმ პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. მაშინ, ერთადერთი ტელევიზია გვქონდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამ ფილმს კვირაში ერთხელ მაინც აჩვენებდნენ ხოლმე. შესაბამისად, პოპულარული ვიყავი მეც და ჩემი პარტნიორიც – საშა იოსელიანი, რომელიც აფხაზეთის ომის დროს გარდაიცვალა… ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და ვფიქრობ, პროფესიაში ნამდვილად არ შევმცდარვარ.

– ჩემი მეტსახელი…

– ფისო. როცა დავიბადე, იქვე სამშობიაროში დამარქვეს ფისო, ეს უფრო დედის ინიციატივა იყო და იქიდან მოყოლებული დღემდე მომმართავენ ასე. ისე, ბებიის სახელი მქვია – თამარი.

– ადამიანში ვაფასებ…

– სიკეთესა და გულისხმიერებას. დაუნახავ ადამიანზე საშინელება არ არსებობს, ყველაფერში კარგს უნდა ხედავდე, მე ძალიან ვცდილობ ამას და გამომდის კიდეც. კიდევ, შური არის ცუდი რამე, კეთილი და გახსნილი გულით სულ გაბრწყინებული იქნები.

– ღმერთის ჩემეული აღქმა…

– სიკეთით სავსეა. რაც მითხოვია, ყოველთვის შეუსრულებია, თუმცა რაიმე არარსებულს არც არასოდეს ვთხოვ.

– მეშინია…

– ისევ და ისევ უფლის.

– ვრისკავ…

– 50-50-ზე. გააჩნია რას ვრისკავ და რა მდგომარეობაა. ალბათ, შვილების გამო ბევრ რამეს გავრისკავ.

– მაკვირვებს…

– უზრდელობა, უტიფრობა და ასეთ ხალხს ვერიდები, თუმცა ვცდილობ, მათ გამოსწორებას და მაინტერესებს რამდენად გამომივა. ვიღაცაზე მეტყვიან, გამარჯობის თქმა არ იცისო. მივსულვარ მასთან და ღიმილით მითქვამს გამარჯობა, ღიმილითვე დამბრუნებია პასუხი. ყურადღებიანი ხალხი მიყვარს, რადგან თავად ვარ ყურადღებიანი და იმავდროულად, ძალიან პუნქტუალური. ეს თვისებები მომწონს ადამიანებში. ვინც არაა პუნქტუალური, მასთან საქმის დაჭერას არავის ვურჩევ, რადგან მათ პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია…

– გულგრილობა შეინიშნება და კონკრეტული საკითხების მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება.

– ბედისწერა არის…

– მჯერა ბედისწერის, ზოგჯერ რომ ჩაგიქროლებს, უნდა დაიჭირო, იგრძნო და მიხვდე, რომ შენი ბედია. არ უნდა გაატარო. რაც გიწერია, იმას ვერ აუვლი გვერდს. სამწუხაროდ, ცუდიც ბევრი ხდება და ამიტომ ვამბობ, რაც მოხდა, ეს ასე უნდა ყოფილიყო-მეთქი.

– რთული პერიოდი…

– მქონია, თან, ისეთი რთული, რომლის გახსენებაც სასტიკად არ მიყვარს. ვცდილობ, ეს რთული პერიოდები ისე დავივიწყო, რომ აღარც ვისაუბრო მათზე. არ ვჩიჩქნი წარსულს და არ ვღიზიანდები ამით. სხვები რომ იხსენებენ ხოლმე, ყველას ვეუბნები, ეს იყო და ამაზე ნუღარ საუბრობ, შენც უარეს დღეში ვარდები და ვისაც უყვები, მისთვის კი მხოლოდ სეირია-მეთქი.

– სიყვარული…

– ყველაფერია, მის გარეშე ცხოვრებას აზრი საერთოდ არ აქვს. მარტო მეუღლის სიყვარულზე კი არ ვამბობ, ყველაფერი უნდა გიყვარდეს. არაჩვეულებრივი გრძნობაა და თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს მისი განცდის უნარი. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ადამიანებს სიტყვა „მიყვარხარს“ ვეუბნები.

– დრო და სიყვარული…

– დროსთან ერთად, ჩემთვის სიყვარული ბევრად მნიშვნელოვანი ხდება. თავიდან სულ სხვა შეგრძნებაა, მერე კიდევ სხვა ეტაპებს გადის, მაგრამ, რაც მთავარია, გრძნობა რჩება. მე და ზურა 50 წელია, ერთად ვცხოვრობთ და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად საინტერესო გახდა ეს გრძნობა. მართლაც რომ, ერთნი ვართ და ჩვენი გაყოფა წარმოუდგენელია. ბვერ რამეს გაუძლო ამ გრძნობამ, რადგან ცხოვრებაში ათასი რამ ხდება. მთავარია, ჩასაფრებულ პოზიციაში არ იყო, ეს ძალიან მავნებელია ურთიერთობისთვის. ეჭვიანობას კარგი არაფერი მოუტანია, თუმცა, თუ ეჭვის რეალური საფუძველი არსებობს, ეს სულ სხვა საქმეა. არ შეიძლება, სულ იძახო: სად მიდიხარ, როდის წახვალ, როდის მოხვალ და ასე შემდეგ. ჩვენთან ასე არ ხდება, სიყვარულიდან გამომდინარე, ერთმანეთის ნდობაც გვაქვს და საინტერესო ცხოვრებაც.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია…

– უღირსი საქციელი. ღირსეულად მოიქეცი, ადამიანო, ღირსება ძალიან მნიშვნელოვანი რამაა!

– შემშურებია…

– არა, რაღაც მომნდომებია და მითქვამს: მეც მინდა, მაგრამ სხვისი კარგი შემშურებოდეს, მსგავსი რამ არ მახსენდება.

– სამაგიეროს გადახდა…

– ვინც ცუდ რამეს გამიკეთებს, მას თავისთავად გადაეხდება სამაგიერო, ღმერთი ზემოდან იყურება, რომლის სიყვარულიც და შიშიც მაქვს. ის ყველაფერს ისე ალაგებს, რომ ამ პროცესში ჩარევა ჩვენ არ გვჭირდება.

– ბოდიშის მოხდა…

– არ მიჭირს.

– ჩემი თილისმა…

– მხოლოდ ჯვარს ვატარებ, რომელიც ყველაფრისგან იცავს ადამიანს.

– არასოდეს დამავიწყდება…

– ზღვაში ვიხჩობოდი და ეს არ მავიწყდება დღემდე. კარგად ვცურავ, მაგრამ გამიჭირდა გამოსვლა. ეს მოხდა ბიჭვინთაში, სადაც ულამაზესი ზღვაა. 16 წლის ვიყავი. მოსკოვიდან იყვნენ ჩამოსულები, ჩემთვის ფოტოები უნდა გადაეღოთ ზღვის ფონზე. დიდი, მაგრამ ულამაზესი ტალღები იყო, თავიდან არ შევდიოდი, მერე გავიფიქრე, ბარემ შევალ და ტალღებში ბევრად ლამაზი ფოტოები გამოვა-მეთქი. გავიხადე კომბინეზონი და შევცურე. თურმე, რას შეცურავ, უდიდესი ტალღები დამხვდა, ფილმებში რომ გინახავთ, ისეთი. შიგნით მითრევდა, მატრიალებდა და ვეღარ გამოვდიოდი. თუმცა, ვფიქრობდი დედაზე, რომელიც სანაპიროზე მელოდებოდა და როგორც კი თავს ამოვყოფდი, მაშინვე ვიღიმოდი. ღმერთი მიყვარს, აბა, რა, მან გადმომაგდო, რომ გადავრჩენილიყავი. ზუსტად ერთი მომენტი იყო ტალღამ მისროლა და გადავრჩი, ეს იყო უფლის ხელი, მან გადამარჩინა.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა…

– ამ ამბის შემდეგ, წესით, ზღვაში საერთოდ არ უნდა შევსულიყავი, მაგრამ არა, არ შევიცვალე, ისევ იგივე გავაკეთე სხვა დროს და ტალღებს გავყევი… დღემდე არაფერს შევუცვლივარ.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს…

– როცა მე და ზურა დავქორწინდით, ბებიამ გვითხრა, როცა ერთი იქნება გაბრაზებული, მეორე უნდა გაჩუმდეს. როცა ორივე ერთად ბრაზობს, მაშინ ხდება საშინელებაო. მართლაც ასეა, ოჯახურ ამბებში დათმობა მნიშვნელოვანია, ოღონდ აქ არ ვგულისხმობ რაიმე სერიოზულ საკითხს.

ასევე იხილეთ