“მაშინ დიდი რეიტინგი მქონდა, იმ კლუბს, სადაც მე გამოვდიოდი, ფარესაშვილის კლუბს ეძახდნენ, ბევრი მოშურე მყავდა”

ქეთი ფარესაშვილს განსაკუთრებულად არ წარვადგენ. უბრალოდ, გეტყვით, რომ ლათინო-ამერიკული სიმღერების შემსრულებელს თავის დროზე, თურმე, სულაც არ უფიქრია, სიმღერა პროფესიად ექცია. მას ძალიან ბევრი ინტერესთა სფერო ჰქონდა და აქვს, რომელთა შეცნობასა და შესწავლასაც ახლა ცდილობს. ეს ინტერვიუ კი მისმა ქალაქიდან სოფლად გადასვლამ განაპირობა. რატომ, როდის და როგორ მოხდა ეს ამბავი, ამას თავად მომღერლისგან შეიტყობთ.

– შენი ქალაქიდან სოფლად გადასვლას, ლამაზი, კომფორტული სააგარაკე სივრცის შექმნას, ბევრი მიზეზი ჰქონდა. ალბათ, ისიც იყო მოტივაცია, რომ ბოლო დროს ბევრმა დატოვა ქალაქი. როდის დაიწყე ამაზე ფიქრი და როგორ გადაწყვიტე ეს ამბავი?

– საკმაოდ მარტივად გადაწყდა. ბევრი არც გვიფიქრია. ჩვენს ოჯახში სულ იყო კერძო სახლის თემა. ყველას გვინდოდა ჩვენი პატარა ბუდე გვქონოდა სადმე, ლამაზ ბუნებაში. რასაც ვფიქრობდით, განვახორციელეთ. მე მგონი, ეს ყველას ოცნებაა, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანების, ვინც ქალაქში ცხოვრობს და დაღლილია, მობეზრებული აქვს ეს ქაოსი, უჰაერობა… ძალიან უყვარს ბუნება, ცვრიანი ბალახის სუნი, ჩიტების ჭიკჭიკი… ეს ყველაფერი ძალიან დადებითად მოქმედებს აზროვნებაზე, ჯანმრთელობაზე, მოკლედ, ყველანაირად კარგია.

– კი, ყველანაირად კარგია, მაგრამ არის ერთი მომენტი – უცებ გენატრება ისევ ის ქაოსი, ხმაური, აქტიური ცხოვრება, მერე ისევ სრული სიჩუმე, ჰაერი, ლამაზი ბუნება… ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასეა და შენთვის?

– როცა მომენატრება ქალაქი, ლისიდან დავეშვები და უცებ, ქალაქში ხარ. ეს, ვინც თბილისთან ძალიან ახლოში ცხოვრობს. ჩამოსვლაც არ ჰქვია, მაინც თბილისში ვარ, ვაკეს ეკუთვნის. შეიძლება, ცოტა ტრანსპორტირება იყოს რთული, რაც თავისთავად, დისკომფორტს ქმნის, მაგრამ როცა მანქანით მოძრაობ, არანაირი დისკომფორტი არაა. შეიძლება, მაქსიმუმ, 15 წუთი დაგეკარგოს. ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული და ქალაქი არ მენატრება. მგონია, რომ ახლა როგორც ვარ, ესაა უკეთესი ვარიანტი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ისეთი გარემოა, რომელიც ყოველთვის მინდოდა, მინდა და ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე მენდომება. არ ვიცი წლების მერე როგორ შემეცვლება აზროვნება, მაგრამ რატომღაც, მგონია, ამასთან დაკავშირებით სულ ასე ვიფიქრებ. სიმშვიდე ყოველთვის სჯობს, მით უმეტეს, რომ ძალიან პატარა და კარგი უბანია.

– ძალიან ბევრი პლუსი შემიძლია ჩამოვწერო, თუ რატომ არის სოფელში ცხოვრება ძალიან მაგარი, თუნდაც ის რომ სრულიად იდეალურ გარემოში, შეგიძლია, საწერ მაგიდას მიუჯდე, ბევრი იკითხო, იმუშავო მშვიდად. არანაირი ხმაური, არანაირი ნერვიულობა და სტრესი. ალბათ, ეს სხვაობა დაინახე. აი, შენ რომ გიყვარს პოლიტიკური ამბების კითხვა, ახლა უფრო მეტ ინფორმაციას გაეცნობი.

– კი, ახლაც ვარ დაინტერესებული დასავლეთისა და საერთოდ, მთელი მსოფლიოს პოლიტიკით. ეს ინტერესი არ დამკარგვია. უბრალოდ, რადგან დასავლეთი ყოველთვის იყო მსოფლიოს ვექტორი, აქედან გამომდინარე ყველაზე მეტად მაინტერესებს, იქ რა ხდება პოლიტიკაში.

– საინტერესოა. ესე იგი, პოლიტიკაშიც მოხვიდოდი?

– პირდაპირ ვიტყვი, რომ მაინტერესებს პოლიტიკა და სიამოვნებით ვიქნებოდი პოლიტიკაში. საინტერესოა იმ ქვეყნების მართვა, რომლებიც წარმატებულია, სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების გაცვლა… დღეს მთელს მსოფლიოში იმდენად მძიმე სიტუაციაა, ურთულესია ამის გაკეთება, მაგრამ მაინც სიამოვნებით ჩავერთვებოდი. მხოლოდ მუსიკით ვერ შემოვიფარგლები. ესეც ერთ-ერთი განხრაა ჩემს ცხოვრებაში, ანუ ვფიქრობ, ადრეც უნდა დამეთმო დრო სხვა საქმეებისთვის, დამატებით ცოდნა უნდა მიმეღო. უცხო ენები დავამთავრე, ინგლისური ენის განხრით. საერთოდ, ენების მიმართ მქონდა მიდრეკილება. ინსტიტუტში ფრანგულსაც ვსწავლობდით, ლათინურსაც… კარგი განათლება მოგვცეს მსოფლიო კლასიკის კუთხით, თავისი სახარებით, ბიბლიით… ყველაფერი ინგლისურ ენაზე გავიარეთ. იქ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. სიმღერაში კი შემთხვევით მოვხვდი. ჩემმა მეგობარმა გახსნა ჯაზკლუბი. მითხრა, ოცნებას აგისრულებო და ავისრულე. საერთოდ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი აინტერესებს, რაც მთელს მსოფლიოში საინტერესო არსებობს. სულ ვფიქრობდი იმაზე, რომ ამ ინტერესთა სფეროს რაღაც აკლდა, კიდევ რაღაც მინდოდა და საერთაშორისო პოლიტიკაზე დავიწყე ბევრი კითხვა. სერიოზულად ვარ დაინტერესებული. სხვანაირად, მიმაჩნია, რომ ჩემთვის ცხოვრებას აზრი არ აქვს, მარტო მუსიკაზე რომ მეფიქრა, დეგრადაციაში წამიყვანდა. ყველაფერს ვეცნობი. ინფორმაციები ყველაფერზე უნდა მქონდეს.

– შენ კარგი ფსიქოლოგიც ხარ, ასევე, ანალიტიკოსი. ამიტომ ყოველთვის საინტერესოა შენისთანა ადამიანთან საუბარი. ძალიან დამაინტერესა შენმა ხედვამ მენტალობაზე.

– იცი, ხალხს აქვს თვითგანადგურების რეჟიმი და დესტრუქციული, საოცარი აზროვნება. მაგალითად, ყველაფერში ეძებენ ცუდს. ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი სულ ამ კრიტიკაში ატარებს დროს. არ გაძლევენ საშუალებას, ბედნიერად იცხოვრო, ყველაფერში ცდილობენ, ხელი შეგიშალონ. ეს მოქმედებს გუნება-განწყობაზე. მთელი დედამიწა და კაცობრიობა ერთი სხეულია. ეს უნდა გვესმოდეს. ცუდია. ამით საკუთარ თავს აყენებენ დიდ ზიანს, ვიდრე იმას, ვის მიმართაც ეს საშინელი კრიტიკა აქვთ. სანამ არ ამოაგდებენ ადამიანს დედაბუდიანად, ვერ ისვენებენ, თუმცა, არსებობს ძალიან კეთილშობილი კატეგორია, ანუ გონიერი ნაწილი. ასე რომ, საზოგადოება სულ ის პირველი ნაწილი რომ იყოს, ამოვწყდებოდით და გადავგვარდებოდით.

– სადაც არ უნდა იყო, როცა იმ გარემოს და სახლს შენი ჰქვია, ადამიანს ყველგან გიჩნდება სურვილი, შენი გემოვნებით მოაწყო, შენი სულიერი მდგომარეობა. განწყობა და დამოკიდებულება გადმოსცე…

– გეთანხმები. აქ ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის. ნელ-ნელა პატარა გამწვანებასაც ვაკეთებ ისეთი მცენარეებით, რომლებიც მარადმწვანეა. არ მინდა, ეზოში იყოს ისეთი მცენარე, რომელსაც დაელოდები, როდის გამწვანდება და გამოყვავილდება და მერე, დარჩენილი წელიწადის ორი დრო, სულ გამხმარი იქნება. ვარჩევთ. რაღაცებმა გაიხარა, რაღაცებმა – ვერა. ვაკვიდრებით, რა უფრო მოუხდება ამ მიწას. ჩემმა მეგობარმა ერთი მებაღე ქალბატონი მირჩია და ასე, თანდათან ვაკეთებთ რაღაცებს.

– ყველას გვაქვს ნაკლი, მავნე ჩვევა. ამ გადასახედიდან, როგორ უყურებ ამას და როგორ დაძლიე თუ გქონდა, დავუშვათ, ისეთ მავნე ჩვევა, როგორიც არის მოწევა, სმა… გახსოვს, ერთი პერიოდი შენზე ამასთან დაკავშირებით ლაპარაკობდნენ. თუ ეს მხოლოდ ჭორი იყო და სხვა არაფერი?

– მაშინ ამდენი სიბრძნე და ცოდნა რომ არ გამაჩნდა, ამიტომ მქონდა რაღაც ჩვევები, თუმცა ჩემს ცხოვრებაში დალევა, მოწევა და მსგავსი რაღაცები გამორიცხული იყო. ასეთ ადამიანებსაც კი, ვერიდებოდი და ყოველთვის თავიდან მომიცილებია ამის გამო. ჯანსაღი ცხოვრება მომწონდა და დღემდე ასე ვცხოვრობ. საკვების მიმართაც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, ადრე ვეგეტარიანელი ვიყავი.

– რას გულისხმობ ჩვევებთან მიმართბით ცოდნაში?

– არ ვიყავი ასეთი ინტერესიანი, როგორიც ახლა, ანუ უფრო, ვაიგნორებდი. ახლა კი ვფიქრობ, რამდენად წინ ვიქნებოდი ყველაფერში ესა და ეს თვისება რომ არ მქონოდა. ნაკლებად აქტიური ვიყავი და ყველაზე მთავარი – არ მქონდა საკუთარი თავის მიმართ სიყვარული. მე არ ვგულისხმობ ამპარტავნებას, თავში ავარდნას, არამედ ღრმა პატივისემას და ნამდვილ სიყვარულს, საკუთარი თავის ისეთად მიღებას, როგორიც ხარ. მე კი საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკული ვიყავი, ამაზე ვმუშაობ. ალბათ, ეს იყო ჩემი მავნე ჩვევა.

– შენ მიმართ გაღიზიანებული, დაბოღმილი ადამიანები თუ შეგიმჩნევია? საქართველოში ხომ სულ ასეა – შენი წარმატება პირად თუ საქმიან ცხოვრებაში არავის ახარებს და დაცემა – ყველას. როგორ ფიქრობ, რატომ ხდება ასე?

– იმდენად იდეალური ბავშვი ვიყავი, მერე კი უკვე სკოლაში ბევრისგან განსხვავებული ტიპაჟი ვიყავი, სხვანაირი შეხედულებები, აზროვნება, ჩემი სამყარო მქონდა, რომ ბევრი მოშურნე მყავდა. სკოლის პერიოდში, ქუჩაშიც რომ გავდიოდი, ბევრი თაყვანისმცემელი მიჩნდებოდა, ჩემ გამო სხვა სკოლებიდანაც კი მოდიოდნენ. ალბათ, ვიღაცები ღიზიანდებოდნენ, არ ვიცი. მე უფრო სერიოზული ვიყავი. მაინტერესებდა მეცნიერება, უცხო ცივილიზაციით ვიყავი დაინტერესებული, ბევრს ვლოცულობდი, 16 წლიდან ვიდექი ხატების წინ. ლოცვები სხვადასხვა საათებში მქონდა. ასეთი რაღაცების დაჯერება უჭირთ ადამიანებს, იმდენად უჭირთ, რომ უნდათ, ჩირქი მოგცხონ, თუმცა, გვერდით ძალიან ბევრი მოსიყვარულე ადამიანი მყავდა. რა გითხრა? როდესაც ადამიანი ძალიან წარმატებულია, მაშინ ხდება ასე.

– თან, მაშინ უკვე მღეროდი?

– მაშინ დიდი რეიტინგი მქონდა, იმ კლუბს, სადაც მე გამოვდიოდი, ფარესაშვილის კლუბს ეძახდნენ. ბევრი მოშურე მყავდა. ასეა, ჯერ აღგაზევებენ და მერე ლაფში გსვრიან. მისი „პაკლონიკი“, რომ შენი თაყვანისმცემელი ხდება, ბუნებრივია, ამას ყველას უკეთებენ. საერთოდ, ძალიან კარგია, როცა გაკრიტიკებენ, განგიკითხავენ და გჭორავენ. პირიქით, ეს გასუფთავებს და ამით თვითონ იღებენ ძალიან ცუდს ანუ მათთვისაა უარესი. სადაც მსგავს, მდაბიო სიტუაციებს ვხედავდი, გავურბოდი. ყოველთვის მიზიდავდა უფრო ინტელექტუალური წრე, განათლებულ ხალხში ყოფნა. მე მიყვარს განვითარება და წინსვლა. ჭორიკანა საზოგადოებას სულ ვერიდები. არანაირად არ არის ჩემი ცხოვრების სტილი.

ასევე იხილეთ