”ერთი წელია, რაც მარტო ვცხოვრობთ, ვისწავლეთ დათმობა, მოთმენა, ერთმანეთის გაგება”

თბილისის მერიის ბიგ ბენდის სოლისტს, მომღერალ მარიკო ებრალიძეს,  მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს. მისთვის ყველაზე ახლობელი ჯაზია, სადაც საკუთარი თავი იპოვა. წლების წინ მარიკო ევროვიზიის მონაწილე იყო ანსამბლ ,,შინთან” ერთად. მართალია, ნახევარფინალში ვერ გადავიდა, მაგრამ დიდი გამოცდილება შეიძინა. მანამდე კი იყო სატელევიზიო მუსიკალური რეალითი შოუ ,,ვარსკვლავების აკადემია”. სწორედ იქიდან შეიტყო მაყურებელმა ნიჭიერი გოგონას შესაძლებლობების შესახებ.

თავისი ცხოვრების ამ ეტაპზე ახალგაზრდა ქალს, რა თქმა უნდა, აქვს სურვილები და ნატვრები, მათ შორის, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც, რის შესახებაც მან ,,სარკეს” ინტერვიუში გაუმხილა.

-უკვე ორი შვილის დედა ხართ. გაიხსენეთ, როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი – მომავალი ქმრის გაცნობა, სიყვარულის ისტორია, ერთობლივი ცხოვრება, შვილების შეძენის ემოციები…

– ჩემი მეუღლე, გიორგი დოლიძე, ექიმ-გინეკოლოგია, ლაპარასკოპისტი. ორ წელზე მეტი შეყვარებულები ვიყავით. ეს იყო ზღაპრული დრო! არ ვჩქარობდით დაქორწინებას, იმდენად მოგვწონდა რომანტიკული შეხვედრები. როცა დავქორწინდით, მე 29 წლის ვიყავი, გიორგი – 30-ის. მალე პირველი შვილიც შეგვეძინა – დემეტრე დოლიძე.

ჩვენ გიორგის მშობლებთან ვცხოვრობდით და დიდი ხელისშეწყობა გვქონდა მათი მხრიდან. დედაჩემი და ჩემი დედამთილი იტოვებდნენ ბავშვს, როცა მე კონცერტები მქონდა.

ორი შვილი გვყავს, დემეტრე და დანიელ დოლიძეები. მინდა გოგონაც მყავდეს, აუცილებლად გავაჩენ კიდევ შვილს. სურვილი ერთია, მაგრამ რასაც ღმერთი მომცემს  ბედნიერი ვიქნები.

ოჯახური ცხოვრება ერთგვაროვანი არ არის, აზრთა სხვადასხვაობა ხშირია. როგორ შეიძლება ისე იცხოვრო წლები, არ იკამათო, ჩურჩულით ისაუბრო, სულ ხვევნა-ფერებაში იყო?! ჩვენც ჩვეულებრივი წყვილი ვართ, ვკამათობთ, ვჩხუბობთ კიდეც, მაგრამ მთავარი მაკავშირებელი სიყვარული და პატივისცემაა. თუ სიყვარული არ არის, ოჯახს ვერ შეინარჩუნებ, შვილების გულისთვისაც კი. ვისწავლეთ დათმობა, მოთმენა, ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის დახმარება. რაც მთავარია, წლებთან ერთად სიყვარულმა კი არ იკლო, მოიმატა.

– დიასახლისობთ სახლში?

–  ერთი წელია, რაც მარტო ვცხოვრობთ. ყოველდღიურად შემწვარ-მოხრაკულს არ ვაკეთებ, მაგრამ, რასაც მოვამზადებ, გემრიელი გამოდის. გიორგის უნდა უფრო ხშირად ვიტრიალო სამზარეულოში, თვითონ საუკეთესოდ ამზადებს. ძალიან მიყვარს მისი ნახელავი.

ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი ენერგიაც სჭირდება. ახლა კიდევ უფრო ვაფასებ დედაჩემის შრომას, ყოველთვის ყველაფერს ასწრებდა, ჩვენ გვივლიდა, მუშაობდა, სტუმრებს მასპინძლობდა, ნაირ-ნაირს ამზადებდა, არასდროს გამიგია მისგან სიტყვა “დავიღალე”. მისი მეგობრები რომ შეიკრიბებოდნენ, მღეროდნენ, ისე ერთობოდნენ, გეგონებოდა, სადარდელი არაფერი ჰქონდათ. არადა, არ იყო მაშინ იოლი ცხოვრება.

ახლა ჩვენ, გოგოები, რომ დავსხდებით, წუწუნით ვიკლებთ ერთმანეთს, ვაი, როგორ დავიღალე, ოჯახში რამდენი საქმეა. ეტყობა, გარემო პირობები და ასეთი ქაოსური ცხოვრებაც მოქმედებს.

 

ასევე იხილეთ