“ქმარმა როცა მითხრა, რომ სულიერი გზით უნდოდა წასვლა, წინააღმდეგობა არ გამიწევია”

ქართული თეატრისა და კინოს უმშვენიერესი მსახიობი, საყოველთაოდ ცნობილი სპექტაკლიდან ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ეკა ქუთათელაძე, რეჟისორის, ანზორ ქუთათელაძის, ქალიშვილია. 10 წლის იყო, როცა მამის სპექტაკლში პირველად დადგა ფეხი სცენაზე. როლი შესანიშნავად შეასრულა, მაყურებლისგან ყვავილებიც მიიღო, რომელიც იქვე გაუნაწილა უფროს კოლეგებს.

რაც თავი ახსოვს, სულ მსახიობობაზე ოცნებობდა. მამას არ მოსწონდა ქალიშვილის გადაწყვეტილება, არ ემეტებოდა სათუთი გოგონა მსახიობის რთული პროფესიისთვის. რაღაც მომენტში ეკაც დაეთანხმა და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ მაინც მიხვდა, რომ მისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობდა და ეს იყო თეატრალური ინსტიტუტისკენ მიმავალი გზა.

ეკას 3 შვილი და 12 შვილიშვილი ჰყავს. ცხოვრებამ ბევრი მოსაგონარი დაუტოვა, ტკივილიანიც და სიხარულით სავსეც, შეინარჩუნა სიმშვიდე, გულწრფელობა, კეთილშობილება და ადამიანების სიყვარული. ამ ყველაფერს მკითხველი თავად დაინახავს მისი ინტერვიუდან, რომელსაც ,,სარკე” ქვემოთ გთავაზობთ.

– თქვენ გაიზარდეთ ცნობილი რეჟისორის და პედაგოგის, ანზორ ქუთათელაძის, ოჯახში, ბავშვობის შთაბეჭდილებები ყველაზე ფერადი და დაუვიწყარია. ამოკრიფეთ ყველაზე ნათელი მოგონებები თქვენი ბავშვობიდან.

– მშობლები ყველასთვის საყვარელნი და ძვირფასნი არიან, ასევე იყო ჩემთვისაც. მამამ უდიდესი როლი შეასრულა არა მხოლოდ ჩვენი შვილების ცხოვრებაში, ასევე  შვილიშვილების, ვინც მოესწრო მას.  ყოველთვის გვეუბნებოდა, მთავარია, პირველ რიგში, იყოთ კარგი ადამიანი, შემდეგ, რაც გინდათ, ის გამოდით, თქვენი ნებააო.

ბებია და ბაბუა სოხუმში ცხოვრობდნენ, ზაფხულობით ჩვენც იქ მივდიოდით. მამა სოხუმის თეატრში მუშაობდა. 10 წლის ვიყავი, როცა მკითხა: “გინდა, სპექტაკლში გათამაშო?”. “ოიდიპოსს” დგამდა და ანტიგონეს ბავშვობის როლი მანდო. ამ სპექტაკლით წავედით ოდესაში გემით. ეს მართლაც დაუვიწყარი თავგადასავალი იყო –  ზღვა, მუსიკა, ცეკვა, ოდესის თეატრში წარმატება, ტაში და ყვავილები.

ამან ისე აღმაფრთოვანა, თავისთავად გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი, თუმცა რაღაც პერიოდი გადავიფიქრე და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. როცა მარჯანიშვილის თეატრი მოსკოვში გაემგზავრა, მამა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. რუსმა მაყურებელმა “ძველი ვოდევილები” იხილა, ფარდა 25-ჯერ გაიხსნა და დაიხურა, მსახიობებს სცენიდან არ უშვებდნენ.

მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ განცდას, როცა სცენაზე დგახარ და მაყურებელი თავის აღფრთოვანებას გამოხატავს, არაფერი შეედრება. გადაწყვეტილება კვლავ თეატრალური ინსტიტუტის სასარგებლოდ შეიცვალა.

მამა არ იყო მომხრე ჩემი მსახიობობის. მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ამ პროფესიის სირთულეები. მირჩევდა, არ გინდა, ეკა, ისევ ხატვას მიხედეო. გაჯიუტებულს კი ამიკრძალა მისი სახელის ხსენება. დავპირდი, არც სახელს ვახსენებ და საერთოდ ვიტყვი, რომ არ ვიცი,  ვინ ხარ-მეთქი.

რა თქმა უნდა, ეს აბსურდი იყო. თეატრალურის მიმღები კომისიის წევრები – დოდო ალექსიძე, ეთერ გუგუშვილი, გიზო ჟორდანია, რეზო მირცხულავა – ყველანი მიცნობდნენ. ისინი მამის დიდი მეგობრები იყვნენ და ოჯახშიც ხშირად გვსტუმრობდნენ. დოდო ალექსიძემ, სხვათა შორის, მკითხა, ანზორ ქუთათელაძე რა არის შენიო. მაშინვე მივუგე, არ ვიცი, ვისზე მეკითხებით-მეთქი. ბევრი იცინეს.

ოჯახში მუდმივი სტუმრიანობა იყო, თეატრალური სამყაროს წარმომადგენლები იყრიდნენ თავს, განსაკუთრებით ხშირად მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები. ახლა მიკვირს, დედას რა ენერგია ჰქონდა, რა ხალისი. პროფესიით ექიმი იყო, მუშაობდა, ოჯახს უვლიდა, შვილებს გვზრდიდა, მუდმივად მასპინძლის როლში იყო, უამრავ კერძს ამზადებდა ყოველგვარი დახმარების გარეშე. ყოველთვის შუბლგახსნილი, მომღიმარე ხვდებოდა სტუმრებს.

 თქვენი მშობლების სიყვარულის ამბავი გაიხსენეთ. როგორც ვიცი, განსაკუთრებით ემოციური იყო მათი ცხოვრების ბოლო წლები.

– დედა და მამა ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. მაშინ გოგონები და ვაჟები ცალ-ცალკე სწავლობდნენ, მათი სიყვარულიც სათავეს სკოლის წლებიდან იღებს. ძალიან უფრთხილდებოდნენ გრძნობის გამომზეურებას. საზოგადოება სხვანაირად რეაგირებდა, ამიტომ მამა ბარათებს უგზავნიდა დედას, რომელიც ასე იწყებოდა: “გან-გან-გან ანზორისაგან, კენ-კენ-კენ, ლიანასაკენ”. კონვერტს კი დედას რომელიმე მეგობრის სახელით აგზავნიდა.

შვილებისთვის ფაქიზი დამოკიდებულება განსაკუთრებით საგრძნობი მაშინ გახდა, როცა გავიზარდეთ. მამა სხვადასხვა თეატრებში მუშაობდა, უამრავი მშვენიერი მსახიობი ქალბატონი ტრიალებდა მის გვერდით, მაგრამ საოცრად ერთგული იყო თავისი მეუღლისა და ბოლომდე უზომოდ შეყვარებული.

დედა პედიატრი იყო, დღესაც მხვდებიან მისი პატარა პაციენტების მშობლები. ყველაფერი ეხერხებოდა, კერძების მომზადება, ტორტების ცხობა, ქარგავდა, კერავდა. გოგოებს გვიკერავდა ყველაფერს, საცურაო კოსტიუმებსაც კი. მამა “საგარეო საქმეთა მინისტრი” იყო, ბაზარი მას ეკუთვნოდა, სულ მოწესრიგებული, გაწკეპილი იყო დედის წყალობით.

დედას ასაკში დიაბეტი დაემართა, მხედველობა დაკარგა, თავისას მაინც არ იშლიდა, ჩვენ გვეჩხუბებოდა, რომ მოდიხართ, ნუ მილაგებთ, მერე ვერაფერს ვპოულობო. ასეთ მდგომარეობაშიც კი  მამის პერანგების დაუთოებას არ გვანებებდა.

მამას ავადმყოფობაც მოულოდნელად დაიწყო. გასტროლიდან დაბრუნდა, დედაჩემის დაბადების დღე იყო, 25 მაისი. რამდენიმე მეგობარი იყო მოსული. მამამ ბოდიში მოიხადა, თავს ცუდად ვგრძნობო და თავის ოთახში შევიდა. სულ მალე კი გაირკვა, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული.

დედამ მამაჩემის ავადმყოფობა რომ გაიგო, ჭამა აკრძალა, ანზორის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვსო. მამა სულ გადაირია, რას ჰქვია, ლიანა არ ჭამსო. ჩვენი მეგობარი, დიმიტრი ღვთისიაშვილი,  იყო ჩვენთან. მას სთხოვა, ჩაცმაში დახმარებოდა. ძალიან უჭირდა, მაინც დადგა ფეხზე, გამოეწყო და დედას სთხოვა, ლიანა, ძალიან მომშივდა, გამოდი სამზარეულოში, პაემანზე გეპატიჟები, ერთად მივირთვათ ძველებურადო… ძალიან მძიმეა ჩემთვის ეს მომენტი გასახსენებლად.

– მსახიობის ცხოვრებაში ყოველთვის არის ერთი როლი, რომელსაც ისეთი ბედი დაჰყვება, რა დროც უნდა გავიდეს, ამით ახსოვს მაყურებელს. ეს იყო თქვენთვის ნინიკო სპექტაკლიდან “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”.

– როცა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად რუსთავიდან მშობლიურ თეატრში დაბრუნდნენ, მამა დაინიშნა რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. მან მთელი ჯგუფი წაგვიყვანა თეატრში. მაშინ დაიდგა ლაშა თაბუკაშვილის ეს ცნობილი პიესა, რომელიც სხვა თეატრებმაც დადგეს, მაგრამ რატომღაც ჩვენი აღმოჩნდა ასეთი გახმაურებული. დღევანდელი ახალი თაობაც კი ნახულობს მას ინტერნეტით.

რა უნდა ვთქვა, ძალიან სასიამოვნოა, როცა საყოველთაო სიყვარულს იმსახურებ. რამდენიმე ხნის წინ გორში ვიყავი, მასტერკლასები ჩავატარე. მოვიდა ჩემთან ქალბატონი თავის გოგონასთან ერთად და მითხრა, არ შემეძლო, არ მოვსულიყავი, ჩემი პატივისცემა არ გამომეხატაო. შვილს კი უთხრა, დედიკო, ეს ის გოგონაა, მე რომ სპექტაკლი გაჩვენეო.

– თქვენი რჩეული თქვენივე თანაკურსელი იყო. როგორი იყო თქვენი ოჯახური ცხოვრება?

– ვაჟა მინდიაშვილი ჩემი კურსელი გახლდათ. ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავით, როცა ერთმანეთი შეგვიყვარდა. 8 მარტი იყო, მომილოცა და მამიდაშვილის ოჯახში დამპატიჟა. ცოტათი დავეჭვდი, ამიტომ მანქანაში არ ჩავუჯექი და ავტობუსით წავედით.

იქ გაშლილი სუფრა დაგვხვდა. მამა ყოველთვის მაფრთხილებდა, რომ სახლში საღამოს 11 საათზე ვყოფილიყავი, სულ საათს ვუყურებდი. მის მამიდაშვილებს ისრები ხელოვნურად გადმოუწევიათ, ბოლოს აღმოჩნდა, რომ ღამის პირველი საათი იყო. დიდი წინააღმდეგობაც არ გამიწევია და დავრჩი. მაშინ 17 წლის ვიყავი.

თბილი, მზრუნველი და კარგი მეუღლე მყავდა, შესანიშნავი მსახიობიც იყო. 9 აპრილის მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე. ვაჟა მიტინგზე იყო და მთელი ღამე არ მოსულა. მე ბავშვები ვერ დავტოვე, საშინელი სტრესი მივიღე.

მოკლედ რომ გითხრათ, ამის შემდეგ გადაწყვიტა, სულიერი ცხოვრების გზას დასდგომოდა. როცა ამაზე მესაუბრა, წინააღმდეგობა არ გამიწევია, ვუთხარი, როგორც საჭიროდ თვლიდა, ისე მოქცეულიყო.

ასე წავიდა სასულიერო სემინარიაში. შემდეგ კი, მღვდლად ეკურთხა. ჯერ სიონში მსახურებდა, შემდეგ ახალგახსნილი  ამაღლების ტაძრის წინამძღვარი იყო. ძალიან ბევრ შვილმკვდარ დედას დაუბრუნა რწმენა და სიცოცხლისკენ მოატრიალა.

ჩემი ვაჟიც სტიქაროსანი იყო, ჯერ კიდევ ძალიან პატარა. ჩვენი უწმინდესი ხშირად გვიწვევდა ოჯახის ტრაპეზზე. მე მასში პატრიარქის გარდა მზრუნველ ბაბუას ვხედავდი. უწმინდესმა რომ გაიგო, მეც დავთმე მსახიობობა, მირჩია, რომ ჩემს პროფესიას დავბრუნებოდი – შენ ხომ ცუდს არაფერს აკეთებ, პირიქით, ადამიანებს დადებითი ემოციების მიღებაში ეხმარებიო, მაგრამ ვეღარ შევძელი.

თეატრალურ ინსტიტუტში კი ჩემმა პედაგოგმა, გიზო ჟორდანიამ, მიმიყვანა. არ მეგონა, რომ შევძლებდი,  სტუდენტებისთვის მესწავლებინა, დღეს კი ძალიან მიყვარს მათთან ურთიერთობა.

ჩვენი ოჯახური ცხოვრება 30 წელი გაგრძელდა, ძნელი იყო ამ ტკივილთან გამკლავება, თუმცა ცხოვრება გრძელდება, შვილები, შვილიშვილები მაძლიერებენ.

– თქვენი შვილებიდან არც ერთმა გამოთქვა სურვილი, მსახიობი გამხდარიყო?

– სამივეს უნდოდა, მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი და გადავაფიქრებინე. ნატალია მხატვარია, თავისი სახელოსნო აქვს, მისი მეუღლე, ირაკლი ბოჭორიშვილი, დიზაინერია. 4 შვილი ჰყავთ. არჩილი და მისი მეუღლე, თეა ლეჟავა, “თიბისი ბანკში” მუშაობენ, 6 შვილს ზრდიან. უმცროსი, ალექსანდრე, მორაგბე იყო, სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, სამხრეთ აფრიკაში სწავლობდა. სამწუხაროდ,  მეუღლეს გაშორდა. მათ 2 შვილი ჰყავთ. ჯამში, 12 შვილიშვილის ბებია ვარ.

პატარები სანამ იყვნენ, ჩემთან რომ მოდიოდნენ, დიდ ტახტზე სიგანეზე ვაწვენდი. ახლა გაიზარდნენ, ყველანი რომ მოვიდნენ სახლში, ვერც დაეტევიან, ამიტომ წავკისში ვიკრიბებით, ჩემი დის დიდ სახლში. მასაც 5 შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავს, დიდი ბედნიერებაა ამდენი შთამომავლის ყურება.

– ასაკთან შეადრებით ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებით. რაშია ქალის  მომხიბვლელობის საიდუმლო?

– ასაკს წინ არაფერი დაუდგება, მთავარია, ამაზე არ იფიქრო, ყველა ასაკი თავისებურად საინტერესოა. ის ნაოჭიც შენი ცხოვრების ნაწილია, მტკივნეულად არ უნდა მიიღო. არასდროს დამიმალავს, რომ 60-ს გადავცდი. ის უფრო მომწონს, როცა ასაკს ვამბობ და არ მიჯერებენ.

ცხოვრებას ბევრი სიხარულიც მოაქვს და ბევრი ტკივილიც. არ არის ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი საჭირო. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, გაწონასწორებული ვიყო, დავრჩე მოყვარულ ადამიანად. ცუდია, როცა ადამიანები ერთმანეთს გულს სტკენენ, თუმცა ამას ყოველთვის ვერ აცდები. ჩვენი ყოფა ისეთი ხანმოკლეა, შეიძლება დღეს ხარ, ხვალ აღარ იყო, ამიტომ მიმტევებლობა საუკეთესო გრძნობაა.

ჩემი მშობლებიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი მომფერებია, სიყვარული გამოუხატავს. მშობლების კეთილი სახელი დიდი სიმდიდრეა, ამიტომ მეც ისე ვცხოვრობ, ჩემი შთამომავლებისთვის ვიყო სასიამოვნოდ გასახსენებელი, საზოგადოებაში კი ადამიანის სახელი დავტოვო.

ასევე იხილეთ