“ვამაყობ, რომ დეპრესიას არასდროს დავემორჩილე, არ მიწუწუნია, არ დავნებებულვარ”

ქართული კინოსა და თეატრის უაღრესად ნიჭიერი მსახიობი, ნინო ლეჟავა, გამორჩეულია თავისი გულწრფელობით და ყოველთვის ღიად საუბრობს პროფესიული საქმიანობისა თუ ცხოვრებისეული მოვლენების, სიხარულისა თუ გასაჭირის შესახებ. ოთხი შვილის დედას საფიქრალი ყოველთვის ბევრი აქვს, რადგან ყოველდღიურად გაძვირებული ცხოვრება არ იძლევა საშუალებას, დამღლელი რეპეტიციებისა და ემოციურად დატვირთული სპექტაკლების შემდეგ თავს მოდუნების უფლება მისცეს.

მისმა უფროსმა ვაჟიშვილმა, მსახიობმა ნიკუშა ზაქარიაშვილმა, თავის რჩეულთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა და ნინომ ახალი სტატუსი მიიღო – დედამთილი გახდა. ამ სიახლესა და შემოქმედებით და ოჯახურ ყოფაზე მსახიობი ,,სარკეს” ესაუბრა:

– ვერაფრით ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებაში რაიმე შეიცვალა. სახელი ,,დედამთილი” მხოლოდ სტატუსად რჩება. ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო ჩემი შვილის მეორე ნახევრისთვის, ვინც ის გააბედნიერა, როგორც მე მესიამოვნებოდა და გამიხარდებოდა, თავად რომ ვიყო რძლის ადგილზე.

განსაკუთრებულად აღვნიშნავ, რომ ვიქნები მათ გვერდზე, როცა დავჭირდები. მკითხავენ რჩევას? მივცემ. ზედმეტად არაფერში ჩავერევი, რადგან მხოლოდ ორი ადამიანის გადასაწყვეტია, როგორ უნდათ ცხოვრება, რომელიც, რა შეხმატკბილებულიც უნდა იყოს, კინკლაობის გარეშე ვერ ჩაივლის. ამიტომ თავად უნდა მორიგდნენ, თავად დაალაგონ ურთიერთობა.

– თქვენ თუ ცხოვრობდით მეუღლის მშობლებთან და როგორი რძალდედამთილობა გქონდათ?

– ძალიან ცოტა დროით მოგვიწია ერთად ცხოვრება. როცა შვილი შემეძინა, დედასთან გადავედი. მაშინ მამა იყო ცუდად და ყურადღება სჭირდებოდა. შემდეგ კი დამოუკიდებლად განვაგრძეთ ცხოვრება. ჩემი და ჩემი დედამთილის დამოკიდებულება არ ყოფილა ტრადიციული რძალდედამთილიანი. თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

– განსაკუთრებული სიმძაფრით გიყვართ თეატრი. თქვენთვის ეს არ არის ჩვეულებრივი სამსახური, არა?

– ეს არის მეორე სახლი, ჩემი სულიერი საზრდო, სამყარო, სადაც სუფევს სიხარული, აღფრთოვანება, წყენა, გაწბილება, გამარჯვება, უდიდესი ბედნიერება. მე აქ ვიპოვე ჩემი ფერები. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ეს ფერებიც გაქრეს და არასაჭირო აღმოჩნდეს.

– ამაზე გიფიქრიათ, რომ დადგება ერთი დღე და საჭირო აღარ იქნებით?

– რასაკვირველია. თეატრალურში ჩაბარების დღიდან, უფრო სწორად, გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რომ შენ გინდა მსახიობობა, ეს თუ არ გააცნობიერე, ძალიან გაგიჭირდება. გაცნობიერებული მაქვს, რომ წლების გასვლის შემდეგ ამ სიხშირით საჭირო აღარ ვიქნები და მომიწევს, გზა დავუთმო ახალგაზრდებს. ბედნიერი ვარ, ჩვენთან მოსული ახალგაზრდა თაობის შემხედვარე.

– არასდროს დაგიმალავთ, რომ მიუხედავად რამდენიმე სამსახურში მუშაობისა, მაინც განიცდით ფინანსების უკმარისობას. ზაფხულშიც გამოძებნეთ შემოსავლის დამატებითი წყარო?

– დიახ, ასეა, მეც და ჩემი მეუღლეც ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ხელფასებით ვერ ვეწევით მუდმივად მაღლა გაფრენილ ფასებს პროდუქტებზე, კომუნალურ გადასახადებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე. ასეთ დღეში არა მარტო ჩემი ოჯახია, ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობა ასე ცხოვრობს. საშინელი ინფლაციაა.

სულ ვთხოვ ღმერთს, მომცეს ჯანმრთელობა, გამძლეობა და მოთმინება, რომ სანამ სული მიდგას, ჩემს საყვარელ ძირითად საქმესთან ერთად კიდევ ვიპოვო სამსახური მუდმივი ან დროებითი ისე, რომ ჩემს თეატრს და კოლეგებს ხელი არ შევუშალო. არაფერი მეთაკილება.

– გასულ წელს კახეთში იმუშავეთ ყურძნის კრეფაზე. ეს მძიმე ფიზიკური შრომა როგორ გაგივიდათ?

– დიახ. სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში, სადაც პატარა სახლი გვაქვს, ბრიგადასთან ერთად ყურძნის მოკრეფაზე ვიმუშავე. ეს იყო ძალიან დამღლელი, შრომატევადი და, ამავე დროს, ძალიან სახალისო საქმიანობა. ჩემ გვერდით იყვნენ 80 წლის მოხუცებიც და 11 წლის მოზარდებიც. დილის 5 საათზე უნდა გაიღვიძო, მოემზადო, რომ 6 საათზე წახვიდე, 7-ზე უკვე ზვრებში ხარ მაკრატლით შეიარაღებული. მთელი დღე თაკარა მზეში ხან ხელს გაიჭრი, ხან წელი აგტკივდება, მაგრამ ისეთი სილამაზეა, ისეთი საოცრებაა მზით სავსე მტევნებისთვის ხელის შევლება, სიტყვებით ვერ აღგიწერთ!

– კახეთში, თქვენს სოფელში რაიმე მოსავალი თუ მოგყავთ?

– სახლი 8 წლის წინ შევიძინე. ყოველთვის მინდოდა, ჩემი ვაჟისთვის, ნიკუშასთვის, რაღაც კაპიტალი შემექმნა. თბილისში სახლის შეძენას ვერ შევწვდი, ამიტომ, როგორც კი გამოჩნდა შანსი, ამ ლამაზ სოფელში მოვახერხე ყიდვა. ბაღჩასაც ვერ ვაკეთებ, რადგან წელიწადში ერთხელ ვახერხებ ჩასვლას. სახლი ნიკუშას საკუთრებაა და მას შეუძლია ისე გამოიყენოს, როგორც თავად გადაწყვეტს.

– ასეთი დატვირთული ხართ სპექტაკლებით, საოჯახო საქმეებით, რამდენიმე სამსახურით. ხომ არ დაიჩაგრა ლამაზი, მწვანეთვალება ნინო ლეჟავა?

– ძალიან ვამაყობ, რომ დეპრესიას არასდროს დავემორჩილე, არ მიწუწუნია, არ დავნებებულვარ. ყოველთვის ვიბრძვი და ბოლომდე ასე ვიქნები. სპექტაკლ “ამიკოში” მთავარი გმირი ამბობს სირანო დე ბერჟერაკის სიტყვებს, რომელიც ძალიან მიყვარს: “ჯერ ისევ ვიბრძვი, ჯერ არ მოვმკვდარვარ და ამ ბრძოლაში ამომდის სული!”.

ასევე იხილეთ