როგორ იპოვა ქეთი ლეშკაშელმა ომში მეორე ნახევარი და რა ჯილდო მიიღო მან ბრძოლაში სიმამაცის გამოჩენისთვის

ქართველი ექიმი ქეთი ლეშკაშელი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაშია და საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ცხოვრება ომამდე და ომში ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ რეალობას მოიცავს და ამაზე ქეთი თავად მოგვიყვება. ცოტა ხნის წინ ის უკრაინაში ოქროს ჯვრის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა და საუბარი სწორედ ამით დავიწყეთ.

ქეთი ლეშკაშელი: ეს ჯილდო 24 მარტს ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის გადმომეცა. ამ დღეს 6 გავედით მისიაზე და ძლიერი საარტილერიო თავდასხმის ქვეშ მოვყევით. ორი დაიღუპა, მათ შორის უფროსიც და ორი მძიმედ დაიჭრა. ყველაფერი ჩემს თავზე ავიღე და ოპერაცია ბოლომდე მივიყვანე. ორი დაჭრილი მე და კიდევ ერთმა გადარჩენილმა გამოვიყვანეთ. გვბომბავდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, მოვახერხეთ მათი გადარჩენა. ევაკუაციას შვიდი საათი დასჭირდა. მერე უკან დავბრუნდით და ერთი მიცვალებულიც გამოვიყვანეთ.

თავიდან ჯარისკაცი ვიყავი, მერე უფროსი სალდატი, ახლა უმცროსი სერჟანტი ვარ, ცოტა ხანში კი სერჟანტი გავხდები.

– ომამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრება და როგორ გადაწყვიტეთ უკრაინაში წასვლა?

– ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა. 27 წლის ვიყავი და როგორც ყველა ახალგაზრდას, მიყვარდა მოგზაურობა, კლუბი, ოჯახი და ასე შემდეგ. ბოლო ორი წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და ჩემი პროფესიით ვმუშაობდი კოვიდკლინიკაში. ყველაფერი კარგად იყო. ომი რომ დაიწყო და პირველი კადრები ვნახე, შოკში ჩავვარდი. 24-მა თებერვალმა ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.

როცა მათი უკრაინაში შეჭრის კადრები ვნახე, იმწამსვე გადავწყვიტე, რომ იქ უნდა წავსულიყავი. თავიდან წარმოდგენა არ მქონდა, სად მივდიოდი და რისთვის, მაგრამ ჩემს მშობლებსა და ძმას დავურეკე ამის სათქმელად. გაუკვირდათ, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. იციან ჩემი ხასიათი – ჩემი აზრით, ექიმი იქ უნდა იყოს, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო. უკრაინის საზღვარზე ბევრი კითხვა დამისვეს. ნახეს, რომ რუსეთში ვარ დაბადებული და ბუნებრივია, ეს ეჭვს იწვევდა, თუმცა, ყველაფერი მოგვარდა. საზღვარი რომ გადავკვეთე, ქართულ ლეგიონს დავურეკე და ვუთხარი, რომ უკვე იქ ვიყავი და მათთან თუ სხვასთან ერთად, მაგრამ მე აუცილებლად ვიბრძოლებდი. თავიანთ რიგებში მიმიღეს და იქ თვე-ნახევარი გავატარე. იქიდან „ვენდეტაში“ გადავედი, რომლის ფარგლებშიც უშუალოდ ფრონტზე აღმოვჩნდი, მისიებში ჩავერთე. სექტემბრიდან კი ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში გახლავართ.

– რუსეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ. ორმაგი მოქალაქეობაც გქონდათ, მაგრამ უარი თქვით რუსეთის მოქალაქეობაზე. ამ ფონზე ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო საინტერესოა.

– კი, რუსეთში დავიბადე და 11 წლამდე იქ ვცხოვრობდი. ბუნებრივია, ეს არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება. მაშინ ბავშვი ვიყავი და ბავშვების გარდა ვერავის შევაფასებდი. იქ რუსებსა თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ვმეგობრობდი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ურთიერთობები გვქონდა.

როცა აგვისტოს ომი დაიწყო, ჩვენ უკვე საქართველოში ვიყავით დაბრუნებული. ჩემზე ამან ძალიან იმოქმედა და ეს ზიზღი მაშინ გამიჩნდა. მერე დავიწყე ისტორიაში გარკვევა და რუსულ პოლიტიკაზე ბევრი რამ გავიგე.

მე რომ 3-4 წლის ვიყავი, ერთი ამბავი გადამხდა თავს, რაც რუსეთისთვის ჩვეული მოვლენა იყო და ამ ისტორიაში კარგად ჩანს მათი მავნებლური პოლიტიკა. შუაღამისას შემოვიდნენ სახლში, გაგვაღვიძეს და გარეთ გაგვიყვანეს, ვითომ ბომბებს ეძებდნენ, რომელიც ჩეჩნებმა დადეს. ასეთი რამ ხშირი იყო და ამით ხალხს ტვინს ურეცხავდნენ იმ მიზნით, რომ ჩეჩნები ტერორისტებად აღგვექვა. საქართველოში რომ დავბრუნდი, ცოტა წამოვიზარდე და ისტორიაში გავერკვიე, მივხვდი, რომ ჩეჩნები კი არ არიან ტერორისტები, არამედ, რუსეთმა მოახდინა ჩეჩნეთის სრული ოკუპირება და ახლა საქართველოშიც იმავეს აკეთებდნენ. ომმა, ანწუხელიძის კადრებმა და ასე შემდეგ ძალიან იმოქმედა ჩემზე და მას შემდეგ რუსეთში არ წავსულვართ. ყველაფრის მიუხედავად, მე ყველა რუსის მიმართ არ მქონდა ნეგატიური დამოკიდებულება, რადგან ყველამ ვიცით, ვინ არის ამის თავი და თავი. მეგობრები მყავდა იქ, თანაკლასელები, ვისთანაც ბავშვობიდან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ მერე, როგორც კი ერთი ფოტო დავდე ქართული ლეგიონიდან, ყველამ დამბლოკა ან წამშალა. მაშინ კარგად დავინახე, ხალხს იქ როგორ აქვთ ტვინი გამორეცხილი.

– საფრთხე ძალიან დიდია, თქვენ გვერდით ადამიანები იღუპებიან, თვითონაც არაერთხელ ჩაგიხედავთ სიკვდილისთვის თვალებში.

– კი, რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, ვფიქრობდი, რომ იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდი. ერთხელ დავიჭერი კიდეც. ექვსი საათი დასჭირდა ჩემს იქიდან გამოყვანას. ეს 16 თებერვალს მოხდა. თავდაცვითი ოპერაცია იყო. უკან გამოვდიოდით, როდესაც „მინამიოტი“ და კლასტერული ბომბები გვესროლეს. ჩემ გვერდით, ნახევარ მეტრში, ბიჭი დაიღუპა. ერთი მძიმედ დაიჭრა, მე ფეხში დავიჭრი. ექვსი საათი ფეხით მივდიოდით და სნაიპერული სიზუსტით გვესროდნენ, წამით არ შეწყვეტილა სროლა. ჩემგან ოთხ მეტრში ერთი ამერიკელი ჭურვმა შუაზე გახეთქა. შენელებული კადრივით მახსოვს ეს მომენტები. მართლა ბევრჯერ მიფიქრია, ოღონდ ახლა ცოცხალი გამიყვანა და აქ ფეხს აღარ დავადგამ-მეთქი, მაგრამ როგორც კი უკან ცოცხლები ვბრუნდებით, ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

ახლა პოსტტრავმული სინდრომი მაქვს, ფსიქიატრთან ვმკურნალობ. ასეთი მკურნალობა, გარკვეული პრეპარატებით, თითქმის ყველას სჭირდება. ერთი თვე უნდა მივიღო ეს მედიკამენტები. ღამე ვყვიროდი, საშინელი კლაუსტროფობია დამეწყო, რადგან ერთხელ ბუნკერში ვისხედით, „152-ები“ გვესროლეს და ბუნკერი თავზე ჩამომემსხვრა. წამლების მეშვეობით ნელ-ნელა გამოვდივარ ამ მძიმე მდგომარეობიდან.

– გვერდით რომ თანამებრძოლი იღუპება, ამ დროს თქვენს გონებაში რა ხდება?

– იმ მომენტში – საერთოდ არაფერი. მაგ მომენტში იმდენად ცივი გონებით აზროვნებ, ვერ აღიქვამ, რომ მეგობარი, თანამებრძოლი ან, სულაც, ნათესავი დაკარგე. დაღუპულის სახე იმდენად მალე იცვლება, რომ ვერც აღიქვამ, თუ 15 წუთის წინ ის შენი მეგობარი იყო. თუ დაიჭრა, ყველანაირად ცდილობ, გადაარჩინო და სახეზე კი არა, ტრავმაზე უყურებ. ცდილობ, რაც შესაძლებელია ყველაფერი გააკეთო. გონება სხვა ფიქრებით გაქვს მოცული. პლუს, შენი სიცოცხლის გეშინია და იქიდან გაღწევაზეც ფიქრობ. გოგო ხარ, ემოციური არსება, მაგრამ იქ რომ ემოციებს აჰყვე, შენ გამო ყველა მკვდარია და შენს თავს ამის უფლება არ უნდა მისცე. ყველაზე რთული მერეა, როცა სახლში ბრუნდები. მერე გახსენდება რას გეუბნებოდა შენი თანამებრძოლი დაღუპვამდე ხუთი წუთით ადრე, მის ნივთებს ხედავ და გონებაში საშინელი აზრები გიტრიალებს, ეს მართლა ძალიან მძიმეა.

– როგორ შეგცვალათ ომმა?

– რომ ვიხსენებ, როგორი ვიყავი წარსულში, მგონია, რომ ის საერთოდ სხვა ადამიანი იყო. ახლანდელი ქეთი რადიკალურად განსხვავებულია. ადრეც მქონია დეპრესიები რაღაც სისულელეების გამო. ეს ყველაფერი გაქრა. ელემენტარული პრობლემები აღარ მაღელვებს, არადა, ადრე სულ სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს. ახლახან, 15-ში ოპერაციაზე შესულებს ოთხი კაცი დაგვეღუპა, 9 დაგვეჭრა. გუშინ ბოლო მიცვალებულები გამოასვენეს. ამოსაცნობად მე წავედი და ნახევარი ადამიანი დამხვდა. ტანი არ ჰქონდა, მარტო ფეხები იყო და შრამით ამოვიცანი. ადრე რომ ასეთი რამ მენახა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ვარ, შეიძლებოდა, ჭკუიდან გადავსულიყავი, მაგრამ ახლა, ამოცნობიდან რომ გამოვედი, მაღაზიაში წავედი, ხორცი ვიყიდე და შევიწვი. უფროსმა მითხრა, ახლა ამის ჭამა როგორ შეგიძლიაო. ძალიან მარტივად, მშიოდა. აქ ყველაფერს ეჩვევი, ყველაფერს სხვანაირად უყურებ.

– ზოგჯერ კარგი ამბებიც ხდება. ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმს ჰგავს, მაგრამ ნათელი წერტილიც გამოჩნდა – ომში სიყვარული იპოვეთ და დაოჯახდით კიდეც. რთულად წარმოსადგენი ამბავია. როგორ მოხდა?

– ყველაფერი შარშან, სექტემბრის თვეში დაიწყო. ფრონტთან ახლოს, სოფელში ვიმყოფებოდით. შემოვიდა ერთი სისხლიანი და ჭუჭყიანი, მაღალი ტიპი, ექიმთან ჰქონდა საქმე. მე უკრაინაში ცნობილი ვარ სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამო, მანაც მიცნო და გამომელაპარაკა. საერთოდ, რადგან ჯარში ამდენი მამაკაცის გარემოცვაში ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ, თავშეკავებული, თავდაჭერილი ვიყო. ჩათვალეთ, რომ ჯარი ერთი დიდი სოფელია და ოდნავ ზედმეტიც რომ გააკეთო, მაშინვე ჭორაობა დაიწყება. ასეთ რამეს ძალიან ვერიდებოდი. თუმცა, ეს ბიჭი ოფიცერი აღმოჩნდა, არ გასჭირვებია ჩემი ნომრის გაგება და მომწერა (იცინის). სოციალურ ქსელში მანამდეც ჰქონია მოწერილი, მაგრამ უამრავ შეტყობინებას შორის არ მინახავს. ვგრძნობდი, რომ სურვილი მქონდა, მეპასუხა, მაგრამ როგორც გითხარით, არ მინდოდა გავთქვეფილიყავი და თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. ერთხელაც, ნოემბრის თვეში, ოპერაციიდან გამოსულს წითელი ვარდების დიდი თაიგული დამხვდა (იცინის). ყველაფერი იქიდან დაიწყო, მაგრამ როგორც ასეთი, შეყვარებულები რომ ერთად ხელიხელჩაკიდებულები სეირნობენ, ჩვენ ასე არ ვყოფილვართ. ის სხვაგან იყო, მე – სხვაგან. ცოტა უცნაური სიყვარულის ისტორიაა. პირველად რომ ხელი მთხოვა, ვუთხარი, ომი რომ დამთავრდება, მერე ვიფიქროთ ამ ყველაფერზე-მეთქი. მერე მე დავიჭერი, ისიც დაიჭრა, ბევრი ცუდი ამბავი მოხდა, რამაც დამაფიქრა – ახლა თუ არა, როდის?! შეიძლება, ხვალ საერთოდ არ ვიყო. 22 ივნისს ისევ მთხოვა ხელი და ძალიან მოკრძალებულ გარემოში დავქორწინდით. ჯარის ფორმითა და ჭუჭყიანი ფეხსაცმლით მივედით ხელის მოსაწერად (იცინის).

– ცალ-ცალკე ხართ და ეს არ არის სტანდარტული ოჯახური ცხოვრება, მაგრამ ალბათ, მისი არსებობა დიდი იმედია.

– რა თქმა უნდა. ძალიან დიდი იმედია. როცა სახიფათო მომენტი გაქვს, ფიქრობ, ოღონდ აქედან გავიდე და მისი ხმა გავიგო… სულიერად გამაგრებს ასეთი ადამიანის არსებობა. არა მარტო ჩემი მეუღლის, დედაჩემის ხმის გაგონებაც ძალიან ბევრჯერ მინატრია და გავუმაგრებივარ ამ ფიქრს. როცა იცი, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც უყვარხარ და რაც არ უნდა მოხდეს, შენ გვერდით იქნება, ზღვის გადალახვა რომ დასჭირდეს, მაინც შენთან გაჩნდება, ეს ბევრს ნიშნავს. ბევრმა იცის სიტყვებით კოშკების აგება, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებენ. როცა ბიჭი გაგანია ომში, საშინლად მძიმე სიტუაციაში, იმ დროს სულ რომ არ გახსოვს მისი არსებობა, უცებ შენთან ჩნდება, მერე სიცოცხლესაც კიდევ უფრო უფრთხილდები, მაგრამ ამის მინუსიც აქვს – კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლეზე დარდი გემატება. ვოვას ძალიან უნდა, რომ ჯარიდან წავიდე, მაგრამ მე თავიდანვე ვუთხარი, რომ ვერაფერი შემაცვლევინებს აზრს. სიკვდილამდე ან გამარჯვებამდე! ჩემთვის სხვა გზა არ არსებობს.

– მეუღლე უკრაინელია და მგონია, ძალიან კარგი კუთხით გაიცნო საქართველო.

– მანამდე არც მას და არც მის ოჯახს არ ჰქონიათ შეხება საქართველოსთან და არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩვენზე. ოჯახის გასაცნობად რომ მივყავდი, გზაში დედას ელაპარაკა და მან ჰკითხა, ქეთი ღორის ხორცს ჭამსო? გამეცინა, მუსლიმანი კი არ ვარ-მეთქი (იცინის). ახლა ისე შეუყვარდათ საქართველო, დედამისს ერთი სული აქვს, როდის ჩამოვა. ძალიან ტკბილი და უშუალო ოჯახი აქვს.

– ოდესმე ასეთ რამეს წარმოიდგენდით?

– მე ვერც იმას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ომში წავიდოდი. გათხოვება მეორე ამბავია. დედა დღემდე შოკშია, შვილი ომში გავუშვი და იქ გამითხოვდაო (იცინის). ჩემი წარმოდგენებისგან იმდენად განსხვავებულად წარიმართა ჩემი ცხოვრება, რომ მივხვდი გეგმებს აზრი არ აქვს. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ღმერთს უნდა.

– რამდენად იმედიანია ყოველდღიურობა და როგორია ხვალინდელ დღეზე ოცნება?

– მაქსიმალურად ვიკავებ თავს მომავალზე ფიქრისგან. ახლაც, რომ გესაუბრებით, ნებისმიერ წამს შეიძლება, აღარ ვიყო. თუ მაინც ოცნებებს ჩავუღრმავდებით, საქართველოში მინდა ცხოვრება. მინდა, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არიან გაფანტული, ჩვენს დიდ სახლში ვცხოვრობდე და შვილები მყავდეს.

ასევე იხილეთ