როგორ გახდა ხატია გოგალაძე საბრძოლო ქვედანაყოფის ასეულის პირველი ქალი მეთაური

27 წლის ხატია გოგალაძე პირველი ქალია საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, ვინც საბრძოლო ქვედანაყოფის ასეულის მეთაურად დაინიშნა.

ხატია გოგალაძე: გავიარე ყველა ის საფეხური, რომელიც ამ თანამდებობამდე მისაღწევად იყო საჭირო. წლების განმავლობაში ყველა საჭირო გამოცდილება დავაგროვე და ვაკმაყოფილებდი საჭირო კრიტერიუმებს იმისთვის, რომ გავმხდარიყავი საბრძოლო ქვედანაყოფის ასეულის მეთაური. ჩემთვის ეს პროცესი შედარებით რთული აღმოჩნდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი საფეხურია განვითარებისა და კიდევ უფრო დიდი ქვედანაყოფის სამართავად. გამომდინარე იმ სირთულეებიდან, რაც საბრძოლო ქვედანაყოფის მართვას ახლავს, აქამდე საბრძოლო ქვედანაყოფი ხელშეუხებელი და აუღებელი ციხესიმაგრე იყო სამხედრო მოსამსახურე ქალებისთვის. იმდენად მინდოდა, განვვითარებულიყავი ამ მიმართულებით, ისე საინტერესოა ეს ჩემთვის, რომ ბევრი ვიშრომე ამ მიზნის მისაღწევად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა ქალი სამხედროებისთვის. მათთვის, ვინც ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლობს, ახლა იწყებს იმ მიმართულებით მუშაობას ან უბრალოდ ოცნებობს ამაზე. გაკვალული გზა ძალიან დაეხმარებათ განვითარებაში და არ ექნებათ განცდა, რომ მიუხედავად ბევრი შრომისა, ამ თანამდებობაზე არ დანიშნავენ და ამ კუთხით ვერ განვითარდებიან. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მე ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი იმ ადამიანების გარეშე, ვის ხელშიც განვვითარდი, ესენი არიან ჩემი მეთაურები, ვინც ასეთი ნდობა გამომიცხადეს.

– რა სირთულეებია ამ გზაზე?

– ასეულის მეთაურობას სჭირდება შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური მზაობა და მართვის უნარ-ჩვევები. ქალისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგან მე არ ვარ ქალბატონების მეთაური, ჩემს ქვედანაყოფში ყველა მამაკაცია. ზუსტად აქ გჭირდება ლიდერის უნარები, რაც ბევრ კაც სამხედროსაც უჭირს, განსაკუთრებით დასაწყისში. ამას სჭირდება შრომა, ფსიქოლოგიური მზაობა და შინაგანადაც უნდა გაგაჩნდეს ეს უნარი. დიდი პასუხისმგებლობა და წნეხია, რაც ალბათ, ყველასთვის არ არის. საერთოდ, მეთაურობა არის საკმაოდ რთული და მით უმეტეს ასეთ მასკულინურ და „მამაკაცების სამყაროში“. აქ თავის დამკვიდრება და ნდობის მოპოვებაა ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ ის არ არის საკმარისი, საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდე. თუ სამხედროებმა ნდობა არ გამოგიცხადეს, ძალიან გაგიჭირდება.

– როგორი განწყობა აქვთ ასეულის მამაკაცებს ქალი მეთაურის მიმართ?

– ვფიქრობ, ძალიან კარგი. როდესაც ასეულის მეთაურად დავინიშნე, პირველ რიგში, გულწრფელად გადავუხადე მადლობა იმ ადამიანებს, ვისი მეთაურიც მქვია. ეს ადამიანები მე მაგრძნობინებდნენ თანაგრძნობასა და პატივისცემას, რაც მეთაურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გრძნობ, რომ პატივს სცემენ შენს პიროვნულ თვისებებს და მმართველობის უნარებს, ეს ბევრს ნიშნავს. ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნები, ეს ბუნებრივია, მაგრამ მთლიანობაში მე მათგან თანადგომას ვგრძნობ. ასეულისთვის ეს არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ზუსტად იმ ქვედანაყოფში დავწინაურდი, საიდანაც დაბალი საფეხურიდან დავიწყე განვითარება. მათ უკვე ჰქონდათ წარმოდგენა, ვინ ვიყავი, რისი გაკეთება შემეძლო. მეთაურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯარისკაცებისგან გრძნობდე პატივისცემას.

– როდის დაინტერესდით სამხედრო ძალებით?

– სკოლის პერიოდში მქონდა შეხება თავდაცვის აკადემიასთან. ღია კარის დღეზე ვიყავი მისული, სკოლიდან წაგვიყვანეს. გარშემო სამხედრო არავინ მყავს, დღემდე ასეა და მაშინ პირველად გავეცანი ამ საქმიანობას. აღმაფრთოვანა თავდაცვის აკადემიამ, მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. მას შემდეგ წლები გავიდა და ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ პროფესიის შესახებ არჩევანის გაკეთების დრო რომ მოვიდა, მივხვდი, რომ მთელი გულით მინდოდა თავდაცვის აკადემიაში ჩაბარება, სწორედ, იმ შესაძლებლობების გამო, რასაც აკადემია მთავაზობდა. მაშინ ვერ ვიაზრებდი, რას ვაპირებდი და რა მინდოდა, მაგრამ როდესაც სწავლა დავიწყე და გავიაზრე, სად ვიყავი, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ძალიან ბევრი რთული დღე მახსენდება, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ერთხელაც კი არ მინანია ჩემი არჩევანი.

– როგორი იყო ოჯახის დამოკიდებულება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გარშემო არავინ გყოლიათ ამ სფეროს წარმომადგენელი?

– მათთვის საკმაოდ რთული იყო ამის გააზრება. ეს სფერო ძალიან უცხო იყო ჩვენთვის. მათ ჰქონდათ შიში, რამდენად შევძლებდი, ვყოფილიყავი სამხედრო. ქალისთვის ეს ნამდვილად არ არის კომფორტული გარემო, სადაც მშვიდად, თბილად და უზრუნველყოფილი გაატარებს დროს. ჩემი მშობლების შიში აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. ამას ემატებოდა საზოგადოების მხრიდან წნეხი. ბევრი ეუბნებოდა მათ, გოგო, რომელიც ძალიან კარგად სწავლობს სკოლაში, რატომ უნდა წავიდეს ჯარში?! ცნობადობა და ცნობიერება ამ მიმართულებით მაშინ არც ისე მაღალი იყო და ჩემს მშობლებს ძალიან გაუჭირდათ, ბოლომდე დაეჭირათ ჩემთვის მხარი. ძალიან მიხარია, რომ მათ, ყველაფრის მიუხედავად, ეს მომენტები გადალახეს და გვერდით დამიდგნენ. მე ვიცი, რომ ამას ბევრი მშობელი ვერ ახერხებს სწორედ იმ წნეხის გამო, რაც საზოგადოებისგან მოდის. დღეს ისინი ძალიან ბედნიერები და ამაყები არიან იმის გამო, როგორიც ვარ და რასაც ვაკეთებ. ის ადამიანებიც, ვინც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, დღეს ჩემით ამაყობენ.

– ბავშვობიდან ფიზიკურად ძლიერი იყავით?

– არა, ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი, მაგრამ პატარა ასაკიდანვე სპორტით ვიყავი დაკავებული. დღემდე ვთამაშობ ჩოგბურთს. შესაბამისად, სპორტული აღნაგობა ჩამომიყალიბდა და ამან გამაბედვინა სამხედრო პროფესიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ სირთულეებს შევჭიდებოდი. მერე ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა ჩემი ფიზიკური მონაცემები და ვერც კი შევადარებ საწყისი ეტაპისა და ახლანდელ ჩემს შესაძლებლობებს.

– მამაკაცებს როგორი დამოკიდებულება აქვთ სამხედრო ქალის მიმართ?

– ვფიქრობ, რომ ჩემ გარშემო არსებული ადამიანები პატივისცემას გამოხატავენ ჩემ მიმართ, მაგრამ გარემო სტერეოტიპულია და ალბათ, სამხედრო ქალები ბევრისთვის ვერ აღიქმება ფემინურად. შესაძლებელია, ზოგიერთ მამაკაცში შიშიც გაჩნდეს სამხედრო ქალების მიმართ. უმეტესად ასეთი განწყობა იგრძნობა. ზოგს ურჩევნია, დაუცველობის შეგრძნების მქონე ადამიანი ჰყავდეს გვერდით, ვიდრე ძლიერი და ჩამოყალიბებული ქალი, რომელიც თავადაც გაუმკლავდება ბევრ ისეთ პრობლემას, რაც სტერეოტიპულად კაცის საქმედ ითვლება.

– კიდევ ერთი სტერეოტიპი-სამხედრო სამსახური ხელს უშლის ქალს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში. ასეა?

– გამომდინარე იქიდან, რომ მარტო ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პირადი ცხოვრება მხოლოდ საყვარელი ადამიანის არსებობას არ გულისხმობს. მე საკმაოდ აქტიური ცხოვრება მაქვს და ეს ცხოვრება გამიჯნულია სამხედრო ცხოვრებისგან. სამუშაო დღის ბოლოს ჩემთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა გართობის საშუალება, იქნება კინო, თეატრი თუ სპორტი ან, უბრალოდ, მეგობრებთან დროის გატარება, ამას დიდ დროს ვუთმობ და სტრესული სამსახურებრივი გარემოს გათვალისწინებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია. არ ვფიქრობ, რომ სამხედრო სამსახური რამეში მიშლის ხელს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. პირიქით, ძალიან აქტიური ვარ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ჰობის დონეზე ჩოგბურთის ტურნირებშიც ვმონაწილეობ. ახლახან მოვიგე ლოპოტას თასი. საქართველოშიც ბევრი ტურნირის გამარჯვებული ვარ, 2019 წელს კი ბაქოში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დავიკავე. სამომავლოდაც მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს.

– მოსალოც ტექსტებს ვკითხულობდი თქვენს გვერდზე და იქ იყო სურვილები გენერლობასთან დაკავშირებით. როგორია მიზნები?

– ცხოვრების ამ ეტაპზე, ჩემთვის გენერლობა ძალიან შორეული და წარმოუდგენელი ჩანს. თუმცა, არსებობს ასეთი გამოთქმა – „მე ისეთ ჯარისკაცს რა ვუთხარი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს“ და მე ვეთანხმები ამ გამოთქმას. დიახ, გენერლობა არის ჩემი ოცნება. რამდენად შეესხმება ფრთები ამ ოცნებას, არ ვიცი. ამას ბევრი წელი და სხვადასხვა გარემოებები სჭირდება. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ არ გადავუხვიო ჩემს მიზანს და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ასევე იხილეთ