“არ გამომდის თავიდანვე ყველაფრისთვის პოზიტიურად ყურება”

ბოლო პერიოდში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განსაკუთრებით საინტერესოდ ვითარდება მოვლენები თამუნას, ბაქარისა და თენგოს პერსონაჟების გარშემო, რაზეც თამუნას როლის შემსრულებელს – ანა მჭედლიძეს ვესაუბრეთ.

ანა მჭედლიძე: ძალიან დიდი ინტერესია ჩემი პერსონაჟის გარშემო ჩემი ახლობლების, ნაცნობებისა თუ უცნობების მხრიდან. ყველა მეკითხებოდა, რა მოხდებოდა შემდეგ სერიებში, მაგრამ რა თქმა უნდა, არაფრის თქმა არ შემეძლო. ათასი ვერსია ჰქონდათ, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ეს ამბავი ასე დამთავრდებოდა. ყველა უწონებს გადაწყვეტილებას თამუნას, კმაყოფილები არიან, რომ ფული თვითონ დაიტოვა (იცინის).

– თვითონ როგორი მოლოდინი გქონდა?

– ადამიანურად ძალიან ლოგიკური იყო, რაც მოხდა. ბაქარის საქციელიდან გამომდინარე, არ გამკვირვებია თამუნას შემდეგი ნაბიჯები. რეალურად, არავინ ვიცით, რისი გამკეთებლები ვართ, გააჩნია რა სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ბაქარის საქციელი იმდენად გამაღიზიანებელი იყო, ცოლობა რომ შესთავაზა ამდენწლიანი მეგობრობის შემდეგ, ეს ხომ წარმოუდგენელი და შოკის მომგვრელი იქნებოდა თამუნასთვის?! ამიტომ მე ძალიან ბუნებრივი მეჩვენება თამუნას მძაფრი რეაქცია.

– შენი, ბაქარისა და თენგოს როლის შემსრულებლები ამდენი წელია, ერთად მოდიხართ და თვითონ როგორი რეაქცია გაქვთ საკუთარი პერსონაჟების ასეთ ცვლილებაზე?

– ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. მაგალითად, ბაქარის პერსონაჟი ავიღოთ, მისი ცვლილება მაყურებლისთვის ხომ ძალიან მძაფრად აღსაქმელია, მაგრამ ჩვენთვის – ორმაგად. ბუბა ძალიან კარგად თამაშობს ამ როლს და იმ სცენებს, რომ ვუყურებ, მეც ისე მაღიზიანებს, რომ არ ვიცი, როგორ აღვწერო. თამუნას რომ ეს შესთავაზა და მერე დაფიქრება სთხოვა, ჩემთვისაც საშინლად გამაღიზიანებელი იყო. ჩვენც გაოცებული ვკითხულობთ ხოლმე სცენარს, ერთმანეთში ვსაუბრობთ ნახე რა ხდებაო. (იცინის).

თამუნას პერსონაჟს რაც შეხება, მომწონს, რომ ცდილობს, ფეხზე მყარად დადგეს. თითქოს, აქამდე ფრთები ვერ ჰქონდა გაშლილი. ახლა ცდილობს ძლიერი მხარეები წინ წამოსწიოს, განვითარდეს, მივესალმები ამ ყველაფერს. ძალიან კარგად იცის, როგორი ქმარი ჰყავს. ბაქარსაც ეუბნება, ჯიჯღინი კი იცის, მაგრამ გულში კარგი ადამიანიაო. ზეპირად იცის ქმრის პლუსები და მინუსები და საკუთარი თავის მოძლიერებასთან ერთად, მასთან თანაცხოვრებაში დინებას მიჰყვება. ვნახოთ, მერე რა მოხდება.

– შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას ფულთან მიმართებაში?

– ალბათ, მეც თამუნას მსგავსად მოვიქცეოდი, ნამდვილად არ გადავყლაპავდი ბაქარის საზიზღარ საქციელს. ფულს რაც შეეხება, მე, როგორც ანას, მაგალითად, მეგონა, რომ სასაფლაოზე ყოფნის არ მეშინოდა, მაგრამ ამ გადაღებების დროს აღმოვაჩინე, რომ თურმე, მეშინია. ამიტომ, კაცმა არ იცის, გამწარებულ გულზე როგორ მოიქცევი. ალბათ, მეც ზუსტად იმავენაირად მოვიქცეოდი. არ ვიცი, შეიძლება, უარესიც მექნა. საერთოდ, წინაპირობებს გააჩნია. შეიძლება, დღეს რაღაცაზე ფიქრობდე, რომ არ გააკეთებ, მაგრამ ხვალ ისეთი რამ მოხდეს, რომ ზუსტად ის გააკეთო, რაც ვერ წარმოგედგინა. ამიტომ, თუ ასეთი წინაპირობა იარსებებდა, ვფიქრობ, რომ მეც თამუნასავით მძაფრი რეაქცია მექნებოდა.

– რამდენი წელია, რაც „ჩემი ცოლის დაქალები“ გრძელდება შენს ცხოვრებაში?

– მგონი, უკვე რვა წელია. ცხოვრების წესად იქცა და ძალიან მიხარია, რომ ასეა. ამ წლების განმავლობაში ყველაფერი კარგისკენ შეიცვალა. როცა შეგიძლია, ბავშვებს რაღაცით სიხარული მიანიჭო, როცა პატარებისა თუ უფროსების სიყვარულს გრძნობ, არ ვიცი, რა უნდა იყოს ამაზე დიდი საჩუქარი?!

– როგორ ფიქრობ, ეს წარმატება უფრო იღბლის დამსახურებაა თუ შენი შრომისმოყვარეობის?

– ვერ გეტყვით, მართლა არ ვიცი. ჩემი აზრით, იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანია და შრომისმოყვარეობაც. თუ ორივე ერთადაა, მაშინ ყველაფერი იდეალურად იქნება. საერთოდ, რადგან ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ, ესე იგი, უკვე იღბლიანი ვარ (იცინის). ცხოვრებაში დაღმართიც გვხვდება და აღმართიც, მაგრამ ხომ ამბობენ, რაც არ გკლავს, გაძლიერებსო.

– ემოციური ხარ?

– მგონი, ძალიან ემოციური ვარ. ვცდილობ, არ შევიმჩნიო, მაგრამ გულის სიღრმეში დიდ განცდებში ვარ. ხომ არსებობენ სიახლეების მოყვარული ადამიანები და მე პირიქით, ცოტა მაპანიკებს სიახლეები. ამ დროს ჩემს დას მივმართავ დასახმარებლად (იცინის). ვიცი, რომ ის ძალიან პრაგმატულ რჩევას მომცემს. სიახლე კარგიც რომ იყოს, ჩემში, პირველ რიგში, შიშს იწვევს.

– როგორი წინათგრძნობა გაქვს?

– არა მგონია, წინასწარ ვინმე რამეს ხვდებოდეს, მაგრამ სანამ ნაბიჯს გადავდგამ, ყოველთვის ვცდილობ, სიტუაცია კარგად გავაანალიზო. ყველა პლუსისა და მინუსის აწონ-დაწონას ვცდილობ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაც მოხდება, მოხდება, ყველაფერს შენ ვერ განსაზღვრავ და შედეგი ცუდი იქნება თუ კარგი, ვეღარსად წაუხვალ. ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, დადებით შედეგსაც და უარყოფითსაც მზად შევხვდე, ესეც – შეძლებისდაგვარად, თორემ წინასწარ ყველაფრისთვისაც ვერ მოემზადები. ვარდისფერი სათვალით ყურება მიჭირს, პირიქით, სულ რაღაც ეჭვები მაქვს ხოლმე. პირველ რიგში, ყოველთვის რისკებს განვიხილავ. მგონი, ჯობს, ცუდისთვის იყო მზად, კარგი ისედაც მოხდება. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ალბათ, ვინც პირიქით ფიქრობს, ის უკეთესად გრძნობს თავს (იცინის). რა ვქნა, მე არ გამომდის თავიდანვე ყველაფრისთვის პოზიტიურად ყურება. ეს მომენტი მე არ გამომიცდია. მირჩევნია, ყველაფრისთვის მზად ვიყო და მაინც მგონია, რომ ყველა, პირველ რიგში, მინუსებზე ფიქრობს. ზედმეტი ეჭვების გამო, შეიძლება, ბევრ რამეზეც მითქვამს უარი, რაც, ალბათ, კარგი არ არის, რადგან როგორც ამბობენ – „ვინც რისკავს, ის სვამს შამპანურს“, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჯობს, ნაკლებად რისკიანი ვიყო.

– ძლიერი ადამიანი ხარ?

– ხან მგონია, რომ ძლიერი ვარ, ხან ძალიან დავპატარავდები ხოლმე. გააჩნია, ცხოვრების რა ეტაპზე ვარ, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. არ შეიძლება, სულ მოწოდების სიმაღლეზე იყო. ადამიანები ვართ და ხან ისე ვგრძნობთ თავს, ხან – ასე.

ასევე იხილეთ