“ჩემზე კომფორტული ორსული და ცოლი მგონი არ არსებობს”

ანი ამაშუკელისა და გიორგი შერმადინის ცხოვრებაში საოცარი სიახლეა – წყვილი მეხუთე შვილის მოლოდინშია.

ანი ამაშუკელი: ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ბუნებრივია, რომ პირველად გიორგის ვუთხარი და გაოცებული, უცხოსავით მიყურებდა – დარწმუნებული ხარო?! (იცინის). ფაქტიც ვაჩვენე და თვითონაც დარწმუნდა (იცინის). თავიდან მართლა გავოცდით, იმიტომ, რომ არ ველოდით. როცა ასეთი დაუგეგმავია, უცებ ბოლომდე ვერ ხვდები, რა რეაქცია უნდა გქონდეს. მერე, რომ გავაანალიზეთ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. რომ არა მისი ნება, ასე არ მოხდებოდა.

– ბავშვებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

– გოგომ სიხარულისგან ტირილი დაიწყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლო ერთი წელი ხშირად მეკითხებიან, – დედი, ორსულად ხომ არ ხარ?! მე აქამდე ვპასუხობდი: არა დედი, უბრალოდ კარგად ნაჭამი ვარ-მეთქი (იცინის). იმდენი მეძახეს, ორსულად ხომ არ ხარო, მართლა ვარ (იცინის). ბიჭსაც საოცრად გაუხარდა და რატომღაც ჩათვალა, რომ ბიჭი უნდა ყოფილიყო. არა მხოლოდ მან, ყველამ ასე ჩავთვალეთ. პირველი გოგო გვყავს, მერე ბიჭი, მესამე და მეოთხე ტყუპი გოგონები და თითქოს, ჩვენი გათვლებით თუ კანონზომიერებით, ბიჭს ველოდით, მაგრამ გოგო აღმოჩნდა (იცინის). ეს რომ გავიგეთ, ბიჭმა ცოტა მოიწყინა, თავიდან ტირილიც დაიწყო, ძმა მინდოდაო, მაგრამ მერე კეთილგონიერებამ სძლია და ახლა ბედნიერი ელოდება თავის დაიკოს. ტყუპებიც გადარეულები არიან სიხარულით. ექვსი წლისები არიან და უკვე საქმეებს ინაწილებენ: ერთი ამბობს, მე უნდა ვაჭამოო, მეორემ მე უნდა გამოვუცვალო და გავასეირნო ხოლმეო. ისე გადაინაწილეს ფუნქციები, რომ მგონი, მე ამოვისუნთქებ. ჩემთვის გაისროლა „ავრორამ“ (იცინის).

– ეგოისტური მომენტები არცერთს არ ჰქონია?

– არა. პატარა რომ დაიბადება და დაინახავენ, მერე შეიძლება, რამე მსგავსი იყოს, მაგრამ ამ ეტაპისთვის – არაფერი მსგავსი, პირიქით, ერთი სული აქვთ პატარა დაიბადოს და იმედი მაქვს, ბოლომდე ამ განწყობას შეინარჩუნებენ.

– როგორ მიდის ფეხმძიმობა და როდის ელოდებით პატარას დაბადებას?

– მადლობა ღმერთს, ორსულობა მშვენივრად მიდის. პატარას თებერვლის დასაწყისისთვის ველოდებით. ცოტა დროა დარჩენილი. დიდი მოლოდინი გვაქვს. უკვე ვარჩევთ ტანსაცმელს, საბავშვო ეტლს და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი შვილი გვყავს, ახლა სადაც ვცხოვრობთ, პატარა ბავშვისთვის აბსოლუტურად არაფერი მაქვს. აქ არცერთი შვილი არ გამიჩენია და ყველაფერი თავიდან უნდა შევიძინო.

– საერთოდ, უპრეტენზიო ფეხმძიმე ხართ?

– ჩემზე კომფორტული ორსული და ცოლი, მგონი, ამ ქვეყანაზე არ დადის. პირიქით, უფრო ვითვალისწინებ, მეუღლეს რა უნდა. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, მე ვარ ორსულად თუ ის-მეთქი (იცინის). შეიძლება, ამაზე უფრო გიორგიმ უნდა ისაუბროს, მაგრამ მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ აბსოლუტურად უპრეტენზიო და უპრობლემო ორსული ვარ. არც „ეს მინდა, ის მინდა“ მახასიათებს, არც დაღლა მაწუხებს და მოკლედ, პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობებს (იცინის).

– სად დაიბადება პატარა?

– ესპანეთში. ახალ წელსაც აქ შევხვდებით. ორსულობიდან გამომდინარე – არა, შობა-ახალ წელს ძირითადად, ყოველთვის აქ ვრჩებით ხოლმე. რთულია ამდენი ბავშვით მოგზაურობა. თან, აქედან წამოსასვლელად სამ თვითმფრინავს ვიცვლით. უკვე რამდენიმე წელია, კანარის კუნძულზე, ტენერიფეზე ვცხოვრობთ და დაახლოებით, 24 საათი გვჭირდება საქართველოში ჩამოსასვლელად. ამდენივე – უკან დასაბრუნებლად და არდადეგებისთვის იმდენი დროც არ გვაქვს, რომ გზაში ამდენი დღე დავხარჯოთ. რეჟიმიც გვერევა და ყველაზე მეტად რაც მადარდებს ხოლმე, გიორგი რჩება ცოტა მიუხედავი. რეჟიმის ადამიანია და თავის დროზე სჭირდება კვება – პირველი, მეორე, მესამე თავის კომპოტებით (იცინის). თორემ სულით, გულითა და ფიქრებით საქართველოში ვართ. განსაკუთრებით ასეთ დღესასწაულებზე მენატრება საქართველო, ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრები, მაგრამ ვერ გვეწყობა ხელი, რომ ხშირად ჩამოვიდეთ.

– ოთხი შვილი, მეუღლე, რომელსაც დიდი ყურადღება სჭირდება და მეხუთე პატარას ელოდებით. როდის ასწრებთ ამდენს?

– ეგ ხანდახან მე თვითონაც მიკვირს ხოლმე. ზოგჯერ დღე ისე მიეწყობა, რომ დაჯდომისა და ამოსუნთქვის დრო არ არის, მაგრამ მე მგონი, რაც უფრო მეტი შვილი გყავს და მეტი საქმე გაქვს, ადამიანი მით უფრო მეტად მობილიზებული ხდები. შესაბამისად, უფრო მეტად უმკლავდები იმას, რაც მანამდე რთულად გეჩვენებოდა. ორი შვილისა და შედარებით ნაკლებად დატვირთულობის შემთხვევაში, უფრო რთულია ხოლმე მობილიზება. ხანდახან დილით რომ გავიღვიძებ, უკვე რობოტივით დაპროგრამებული ვმოქმედებ. ვიცი, სად უნდა წავიდე, რომელი შვილი სად წავიყვანო, რა გავაკეთო, რა წავიღო, წამოვიღო და ასე შემდეგ (იცინის).

– საქართველოში რომ ცხოვრობდეთ, შედარებით უფრო მარტივი იქნებოდა, ოჯახის წევრების დახმარების იმედი გექნებოდათ, მანდ ყველაფერს მარტო უნდა გაუმკლავდეთ…

– რა თქმა უნდა, ზუსტად ასეა. რამდენიმე დღის წინ, გიორგის იმ დროს უნდა გავყოლოდი საქმეზე, როცა ბავშვები უნდა გამომეყვანა სკოლიდან. ამიტომ მომიწია, ბავშვები ცოტა ადრე წამომეყვანა. კი, აქაც დაგეხმარება ვინმე, მაგრამ ამას სისტემატურად ვერავის სთხოვ. უცხოეთში უფრო სხვა სტილის ცხოვრებაა. კი, საქართველოში რაღაც-რაღაცები უფრო მარტივია, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ღმერთის ძალიან მადლობელი ვარ იმის, რაც მაქვს.

– ოცნებობდით დიდ ოჯახზე, ბევრ შვილზე?

– ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ძალიან მინდოდა ბევრი შვილის ყოლა. მე თვითონ ოჯახში ერთი ვარ, და-ძმა არ მყავს. დეიდაშვილებთან გავიზარდე, მაგრამ და და ძმა, რომელიც სულ ჩემთან იქნებოდა, ძალიან მინდოდა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. სამი იქნებოდა, ოთხი თუ ხუთი, ეს უფლის ნებაა და მგონი, ღმერთმა პირდაპირ შეისმინა ჩემი თხოვნა (იცინის).

გიორგის დაც ჰყავს და ძმაც, ბავშვების დეფიციტი არ ჰქონია, მრავალშვილიანი ოჯახიდან არის და მისთვის ეს უცხო ამბავი არაა, მაგრამ სამსა და ხუთს შორის, რა თქმა უნდა, დიდი სხვაობაა. ძალიან ბედნიერია, ძალიან გახარებულია. დაღლა არის, ბევრი შრომა სჭირდება და კი, ყველა გაგებით რთულია ბევრი შვილის ყოლა, მაგრამ როცა ბავშვები სახლში არიან და გიორგისაც დასვენების დღე აქვს, თავის ნაშიერებს, ყველას ერთად რომ უყურებს, ისეთი ბედნიერებით ევსება თვალები, რომ ამისთვის ყველაფერი ღირს. კინოს ვუყურებთ, პიცას ვაცხობთ, სასეირნოდ მივდივართ თუ სხვა რამეს ვაკეთებთ, ერთიანობის განცდა უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებს.

– ახლობლები როგორ შეხვდნენ თქვენს სიახლეს?

– ყველას ძალიან გაუხარდა. ზოგმა, ალბათ, ისიც იფიქრა, რა იყო, ამათ მეტი საქმე არ აქვთო?! ზოგის სახეზე პირდაპირ ამოვიკითხე ეს რეაქცია (იცინის). ეს ლირიკული გადახვევისთვის, რეალურად მართლა ყველას ძალიან გაუხარდა, მთელი გულით მოგვილოცეს და ისეთ ხოტბას მასხამენ, ხანდახან მრცხვენია ხოლმე. იციან, რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული ეს, რამდენი ფინანსები, დრო, ნერვები და ასე შემდეგ არის საჭირო, ამიტომ აღტყინებული მიჯნურებივით მიყურებენ ხოლმე (იცინის).

– მართლა დიდი გამბედაობა სჭირდება ხუთი შვილის გაჩენას.

– კი, კი. აქ ჩვენი სკოლის დირექტორმა რომ გაიგო, მეხუთე შვილს ველოდით, ძალიან გაუკვირდა. აქ ეს ძალიან უჩვეულოა. ამათთან მრავალშვილიანობად, მაქსიმუმ, სამი შვილი ითვლება. აქ მე არ ვიცნობ ოჯახს, სამ შვილზე მეტი რომ ჰყავდეს. უკვირთ, თუმცა ამ საკითხს ძალიან დიდი პატივისცემით უდგებიან და მართლა აღტყინებული მზერით მიყურებენ ხოლმე, ყოჩაღ თქვენო. ჩვენ ეს არ დაგვიგეგმავს, ასე იყო ტყუპებზეც. მესამე შვილი შეიძლება, დაგეგმო, მაგრამ მესამეს თუ ავტომატურად მეოთხეც მოჰყვება, ამას ვერ დაგეგმავ. ეს იმხელა სიხარული იყო ჩვენთვის, რომ ენით ვერ აღვწერ. არც მე და არც გიორგის გენეტიკაში ტყუპები არ გვყავს. ესეც სასწაული იყო და მეხუთე, საერთოდ დაუგეგმავი, ხომ – საერთოდ.

ასევე იხილეთ