როგორ გახდა მაკო აბრალავა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი

როგორ აღმოჩნდა მაკო აბრალავა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეპიცენტრში, რა გზა გაიარა მან საქართველოდან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველობამდე და როგორია მისი ქართულ–იტალიური ოჯახი შტატებში, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– მაკო, როგორ ცხოვრობდით საქართველოში, რა პროფესიის ხართ და რით იყავით დაკავებული?

– ჩვენს ოჯახში პრიორიტეტული გერმანული ენა იყო და ბავშვობიდან მეც გერმანულად ვსაუბრობდი, ამიტომ ინგლისური ჩემს ცხოვრებაში შედარებით გვიან შემოვიდა. განათლებაც გერმანიაში მაქვს მიღებული, გაცვლითი პროგრამით ვიყავი ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის, პროფესორ ჰუმელის სახელობის სტიპენდიანტი, სადაც საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტშიც საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი დავამთავრე. ასევე, დამთავრებული მაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ფილოლოგიის განხრით.

უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლის პერიოდში მე და ჩემს თანაკურსელებს ამერიკის გარშემო ყველაფერი გვაინტერესებდა – პოლიტიკა, კულტურა, ისტორია, ამერიკული ცხოვრების სტილი. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც სტუდენტური ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ და საქმიანი ურთიერთობა გვქონდა ამერიკის პრესისა და კულტურის სამსახურთან. ზუსტად აქედან დაიწყო ყველაფერი. პრესატაშესთან მივედით შეხვედრაზე და ისე მოვიხიბლე საელჩოს სამუშაო გარემოთი, რომ შეუძლებლის შეძლების სურვილი ამეკვიატა, რაც რეალობად ვაქციე. 20 წლის ასაკში დავიწყე ძალიან დაბალი საფეხურიდან (რადგან ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ყველა სხვა პოზიციაზე გამოცდილებას თხოულობდნენ), მაგრამ ძალიან სწრაფად დავწინაურდი. თავიდან უსაფრთხოების სამსახურში ვმუშაობდი, შემდეგ – საკონსულოში და ბოლოს – ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის უფროს კოორდინატორად.

– როგორია თქვენი გზა ამერიკამდე, რატომ გადაწყვიტეთ ცხოვრების სხვა ქვეყანაში გაგრძელება?

– 17 წლის განმავლობაში ამერიკის საელჩოში მუშაობის შემდეგ მივიღე სამსახურის შემოთავაზება კერძო კომპანიისგან, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს და სახელმწიფო პროექტებს ახორციელებს გლობალური მასშტაბით. ამერიკაში გადმოსვლის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. გამიჭირდა ოჯახისა და საელჩოში სამსახურის დატოვება, რომელიც უზომოდ მიყვარდა. არ იყო ადვილი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. დიდი ხანი ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი, მაგრამ გადავწყვიტე, გამოწვევა მიმეღო და 2015 წელს ვაშინგტონში გადმოვედი 11 წლის ლუკასთან ერთად, რომელიც ახლა 20 წლისაა. 6 წლის განმავლობაში კერძო სექტორში ვმუშაობდი, სადაც ვხელძღვანელობდი პროგრამებს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით. 6 წლის განმავლობაში 25 ქვეყანაში განვახორციელეთ წარმატებული პროექტები უსაფრთხოების, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და საზღვრის დაცვის მიმართულებით. ეს პროექტები გულისხმობდა პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას, სახელმწიფო კადრების გადამზადებას, საკანონმდებლო ბაზის შექმნას, კონსულტაციებსა და ტექნიკურ დახმარებას. მქონდა ბედნიერება, ამ პროექტების ფარგლებში ბევრ ქვეყანაში მემოგზაურა.

– როგორ გახდით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი? ალბათ, საქართველოს მოქალაქისთვის არ არის მარტივი ამ თანამდებობის დაკავება…

– ამერიკის საელჩო საქართველოში არის სახელმწიფო დეპარტმანტის სტრუქტურის ნაწილი და საელჩოში მუშაობის გამოცდილება ძალიან დამეხმარა შემდგომ კარიერულ წინსვლაში. სახელმწიფო დეპარტამენტში მოხვედრამდე ამერიკაში, კერძო სექტორშიც სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამებს ვხელმძღვანელობდი. მრჩევლის პოზიციაზე კონკურსის შედეგად მოვხვდი. კონკურენცია ნამდვილად ძალიან დიდი იყო, რადგან საჯარო სამსახურში მუშაობა ამერიკაში ძალიან პრესტიჟულია და უამრავ ადამიანს აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობის სურვილი, რომ თავისი წვლილი შეიტანონ სახელმწიფოს წინსვლაში. ამას ამერიკელები ძალიან საპატიო მისიად მიიჩნევენ. ჩემთვის, მით უმეტეს, უდიდესი პატივია, რომ ამხელა ნდობა გამომიცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტი ვარ, თუმცა ვთვლი, რომ უმცირესობაში ყოფნა ამ სტრუქტურაში ჩემი ძლიერი მხარეა. მათი ამხელა ნდობა უდიდესი პატივიც არის და შესაბამისად, უდიდესი პასუხისმგებლობაც.

ამერიკის ხიბლიც ზუსტად ის არის, რომ ფასდება ადამიანის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია და ეს ქვეყანა ემიგრანტსაც კი აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საპასუხისმგებლო პოზიცია დაიკავოს სახელმწიფო სექტორში.

– როგორია თქვენი სამსახურებრივი გარემო და რა პასუხისმგებლობები გაკისრიათ?

– ვმუშაობ სახელმწიფო დეპარტამენტში საკანონმდებლო ბიუროში. კონგრესთან ურთიერთობების მიმართულებით ვარ მრჩეველი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სანქციების კუთხით და წარმოვადგენ შუალედურ რგოლს კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის.

ეს პოზიცია უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობს. მჭიდრო თანამშრომლობა მაქვს კონგრესსა და სახელმწიფოს აღმასრულებელ უწყებებთან. ჩემს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ამ უწყებებს შორის ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება.

– ცხოვრება ემიგრაციაში – ერთ მხარეს პროფესიული წარმატებები, მეორე მხარეს სამშობლოს ნოსტალგია – რამდენად რთულია და იმავდროულად, რამდენად სასიხარულოა?

– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეპიცენტრში აღმოვჩნდებოდი. კმაყოფილების შეგრძნება ნამდვილად არის ის, რომ მიზანს, რომელიც მიუღწეველი მეჩვენებოდა, მოვახერხე და ხორცი შევასხი. მხოლოდ ოცნებებში თუ წარმოვიდგენდი ჩემს თავს იქ, ახლა სადაც ვარ. როცა მიზანს აღწევ, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს ეს მიზანი და ჩანაფიქრს რეალობად აქცევ ეს უდიდესი ბედნიერების შეგრძნებაა. ალბათ, სამშობლოსა და ახლობლების მონატრების დაძლევშიც ეს მეხმარება, რომ პროფესიულად რეალიზებული ვარ. ეს არის ის შეგრძნება, რაც მიადვილებს ემიგრაციაში ცხოვრებას.

– ამერიკაში ოჯახიც შექმენით, როგორ შეხვდით იტალიელ მეუღლეს და როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?

– მეუღლე იტალიური წარმოშობის ამერიკელია, უკვე მესამე თაობაა რაც ამერიკელები არიან. მისი ბაბუა, მამის მხრიდან, 17 წლის ყოფილა, როცა გემით მარტო გამოემგზავრა იტალიიდან, ჩემოდანიც არ ჩამოუტანია. საინტერესო ისტორიაა. ჩამოსვლის დღესვე სამსახური იშოვა მშენებლობაზე და რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად საკუთარი სამშენებლო იმპერია შექმნა.

რაც შეეხება ჩვენს ისტორიას, 39 წლის ვიყავი, რომ გავიცანი და უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორი ადამიანი მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. ფორტუნამაც არ დააყოვნა და გავიცანი ოუენი, რომელიც საოცარი ინტელექტითა და პიროვნული თვისებებით გამოირჩევა, თანაც პროფესიით ფსიქოლოგია, ჩემი ცხოვრების ყველა სიტუაციაში გვერდში მიდგას და საოცარ სიმშვიდესა და ჰარმონიას მიქმნის. ძალიან მადლიერი ვარ მისი და ჩემი ფორტუნის.

– თუ ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას და რა გენატრებათ ხოლმე ყველაზე მეტად?

– ოჯახის მონატრება არ ნელდება, სულ თან გვდევს ეს მონატრება. ჩემს შვილსაც, რომელიც, ფაქტობრივად, ამერიკაში გაიზარდა (11 წლის იყო, რომ ჩამოვიდა), საოცრად ქართული სული აქვს და უზომოდ აკლია და ენატრება ოჯახი, ქართველი მეგობრები, სითბო და ქართული ურთიერთობები. ამის ძალიან დიდი დანაკლისი გვაქვს. სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის ლიმიტირებული დროით გვიწევს ჩამოსვლა, თან, წელიწადში ერთხელ. ვაშინგტონში ძალიან კარგი ქართული დიასპორაა. აქ უახლოესი ქართველი მეგობრები მყავს, რომლებიც ოჯახის მაგივრობას მიწევენ.

ასევე იხილეთ