“რომელ ქალსაც ანიტა რაჭველიშვილის სხეული აღიზიანებს, მერწმუნეთ მას საკუთარი სხეული კიდევ უფრო მეტად სძულს!”

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ანიტა რაჭველის შესანიშნავმა ცეკვამ (ლინკი კომენტარებში) ფბ დამკომენტარებლებში გაღიზიანება გამოიწვია. გარდა იმისა, რომ ცეკვა ცეცხლოვანი და ვნებიანია, რაც აღსაშფოთებლად უკვე საკმარისი მიზეზია: ქართველ ქალს სექსუალურობასაც ხომ გრამობით უზომავენ და ვნებიანობას არ პატიობენ, სხვა ტიპის სიძულვილიც დიდი დოზით გადმოინთხა არასიგამხდრის გამო. დამკომენტარებლებში ბევრი ქალიაო (ტრადიციულად) და ხალხი ჩაღრმავებას და ქალების ფსიქოანალიზს ცდილობს.

ფბ-ზე ქალები მართლა თვალშისაცემად განიკითხავენ სხვა ქალებს, თუ საქმე “კაიქალობას” და “პატიოსნებას” ეხება. ამით ისინი ცდილობენ ხაზი გაუსვან იმ ფაქტს, რომ ქალის გენდერულ როლს ანუ “კაიქალობას” თავად კარგად შეესაბამებიან, ხოლო ვინც მაგ როლიდან ამოხტება – უნდა განიკიცხოს. (ზუსტად ასე ცოცხლობს პატრიარქატი ქალებში, ეს მათ გაჩენის დღიდან ესმოდათ: იქნები დამჯერე? – იქნება კაი ქალი. არ იქნები დამჯერე და თან სექსუალობას გამოავლენ ზომაზე მეტად? იქნები ცუდი/ბოზი ქალი! 

ხოდა, იმეორებენ და კვლავაწარმოებენ ამ შეგონებას ქალები ისე, რომ ხშირად ვერც ხვდებიან, რომ სხვა ქალების თათხვა და სხვა ქალის მიმართ არასოლიდარულობა, მხოლოდ პატრიარქატს აძლიერებს და ქალთა ბორკილებს ამყარებს).

მეორე დიდი ამბავია სხეულის ამბავი. ქალებს გვასწავლეს, რომ მხოლოდ გამხდარი და ტანწერწეტა სხეულია კარგი და მხოლოდ ეგეთ სხეულს შეუძლია იშრიალოს სცენაზე და იქაც დასაშვებია მხოლოდ კდემამოსილი მოძრაობები. მხოლოდ გამხდარ სხეულს შეუძლია იცეკვოს ვნებიანი ტანგო და ისიც მოგუდული სექსუალობით. სხვა სხეულები დაეტიონ მაყურებელთა რიგებში! აჰ, წონა მოგემატა? პატარა ხორცი დაგედო მუცელსა და ბაყვზე? – მაშინ გძულდეს ეგ სხეული, გინდა შენი იყოს და გინდა სხვისი! რომელ ქალსაც ანიტა რაჭველიშვილის სხეული აღიზიანებს, მერწმუნეთ, მას საკუთარი სხეული კიდევ უფრო მეტად სძულს! და ეს ტრაგედიაა.

საბოლოო ჯამში კი ანიტას ამ ცეკვის დამუნათება ჩვეულებრივი მიზოგინიაა, ანუ ზოგადად ქალის სიძულვილი: ქალის სხეულის, მისი წონისა და ფორმის, ქალის სექსუალობის, ქალური ვნების სიძულვილია და სხვა არაფერი. რას ვიზამთ?! ქალებს ბავშვობიდან გვასწავლიან ქალის სხეულის და სექსუალობის მიუღებლობასა და დათრგუნვას. გგონიათ, გამხდარ ქალებს უყვართ თავიანთი სხეულები და სექსუალობა? არა… ვინც ანიტას უკივის, ის ქალი პირველ რიგში საკუთარ თავს უკივის და უზომოდ სევდიანია ეს ამბავი. 

პ.ს. რაც შეეხება კაცებს… ნეტა მხოლოდ ილანძღებოდნენ კაცებიც და არ ცემდნენ და არ კლავდნენ ქალებს… ლანძღვას როგორმე ავიტანთ… – წერს ბაიია პატარაია.

ასევე იხილეთ