“სამი ოპერის თეატრში მაქვს ნამუშევარი და ასეთი დისკომფორტი არსად შემხვედრია”

რა ადგილი უჭირავს ლაშა ონიანის წარმატებაში იღბალს, რა ეხმარება მას რთულ მდგომარეობაში გამოსავლის პოვნაში და რა ასწავლა გამოცდილებამ, ამაზე თავად მოგვიყვება.

ლაშა ონიანი: იღბლიანი ვარ იმდენად, რამდენადაც არ მოვეშვები იმას, რისი გაკეთებაც მსურს. შეიძლება, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ შედეგს აუცილებლად ვაღწევ და კმაყოფილი ვარ ამის გამო. ზუსტად იმიტომ, რომ იღბლიანი ვარ, ხელის შემშლელი პირობები უძლური ხდება ხოლმე ჩემ წინაშე.

– ბრძოლისუნარიანიც ყოფილხართ…

– როგორც კი ხელის შემშლელი ფაქტორები იწყებენ ამოქმედებას, მეც ვიწყებ ბრძოლას და ბოლოში სასურველი შედეგით მივდივართ. წინააღმდეგობები ვერაფერს მაკლებს. კი, ასეა – მარტო იღბალი ვერ დაგეხმარება, თუ ბრძოლისუნარიანი არ იქნები.

– როდის გიფიქრიათ, რა იღბლიანი ვარო?

– ერთი და ორი არა, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში რამდენჯერმე მოხდა. ბოლოს ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე ვიმუშავე. ზუსტად გახსნის წინა დღეს ამოვარდა გრიგალი, წვიმა წამოვიდა. დროშები დამიგლიჯა, რომლებსაც ორი კვირის განმავლობაში ვამზადებდი. ჩემს იღბლად, იმ მინიქარხნის ხელმძღვანელი, ვინც ეს დროშები დამიმზადა, თბილისში აღმოჩნდა და ჩემ გამო დილის ოთხ საათზე დაიწყეს მუშაობა, რათა ხელმეორედ დაებეჭდათ დროშები, რომელთა სიმაღლე 12 მეტრი იყო, სიგანე კი – 4. შუადღეს მომიტანეს გამზადებული, როცა ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ანუ, გრიგალმაც ვერაფერი დამაკლო. არადა, მთელი დღის გეგმები ჩამეშალა, რეპეტიცია ვერ შედგა, წვიმა არ შეჩერდა, მომღერლები, მოცეკვავეები, ფეხბურთელები – მინდორზე ვერავინ შევიყვანე. წყალი უწყვეტად დიოდა. წვიმა გვიან საღამომდე გაგრძელდა. რეპეტიციისა და ყველაფრის გარეშე დავრჩი, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი შევძელით და გახსნაც შედგა.

– მგონი, ძალიან კარგი ნერვული სისტემა გაქვთ.

– სიმართლე გითხრათ, ნერვული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილებას ექვემდებარება და სხვას არაფერს. მაგალითად, 2016 წელს თბილისში, ოპერის სახელმწიფო თეატრში დოჩანაშვილის „სამოსელ პირველს“ ვაკეთებდი. რაც იქ მოხდა, იმას ხელის შეშლაც აღარ ერქვა. როცა ოპერის თეატრთან აფორმებ ხელშეკრულებას, პრემიერამდე 12 დღის განმავლობაში მთელი თეატრი გემსახურება ყველა შესაძლო რესურსით და მიდის უწყვეტი რეპეტიციები. ჩემს შემთხვევაში ოპერის თეატრის პარტერიდან სცენაზე გადასასვლელი ხიდი, რითაც უნდა მესარგებლა, როგორც დამდგმელ რეჟისორს, პრემიერამდე მხოლოდ ორი დღით ადრე მქონდა. მანამდე დავფრინავდი (იცინის). ათი დღის განმავლობაში „დრელის“ ხმა არ გაჩერებულა. სცენაზე დეკორაცია უკვე აწყობილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მომღერლებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს გაერთიანებული რეპეტიციების გავლა. მსგავსი ხელის შეშლა მე არ ვიცი. რამდენი წელია, სცენაზე ვმუშაობ, ჯერ, როგორც მოცეკვავედ, მერე როგორც მსახიობად, მერე როგორც დამდგმელ რეჟისორად, უწყვეტ რეჟიმში, ალბათ, ნახევარი საუკუნეა და მსგავსი რამ არსად მინახავს. სამი ოპერის თეატრში მაქვს ნამუშევარი და ასეთი დისკომფორტი არსად შემხვედრია.

– ისე არ მომხდარა, რომ დიდი შრომის მიუხედავად, ვერ მიგიღიათ ის, რაც გსურდათ?

– 90-იანი წლების ბოლოს ევროპის შოუბიზნესის წარმომადგენლობამ დიდი თანხები ჩადო, რომ „კარმინა ბურანას“ პროდუქციის წარდგენა ევროპის ყველა დიდ ქალაქში შემდგარიყო. ქალაქი ზაარბრიუკენი, სადაც მე ვცხოვრობ, გერმანიაში იგივეა, რაც საქართველოსთვის თელავი, რეგიონის დედაქალაქია. ამ პროდუქციამ ლონდონი, პარიზი, მიუნხენი, ბერლინი, ჰამბურგი, მადრიდი – ეს ქალაქები მოიარა. „კარმინა ბურანა“ იდგმებოდა ყველგან, ღია ცის ქვეშ. ზაარბრიუკენი იყო ერთადერთი პატარა ქალაქი იყო, რომელიც ამ ქსელში ჩართეს. მე ამ პროდუქციის მთავარი დამდგმელი ვიყავი. 120 კაცი მუშაობდა მის შექმნაში. უზარმაზარი გუნდი იყო ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ჩამოყვანილი, გერმანელების უზარმაზარი ორკესტრი, ორი თეატრის დასი, პლუს ჩემი მიმოდრამის თეატრის მსახიობები. სამგანზომილებიანი სცენა, თავისი ტექნიკური აღჭურვილობით. 90-იან წლებში პირველად გამოჩნდა, სასცენო ეფექტები, ფეთქებადი ბომბები, მოკლედ, საოცარი სამზადისი იყო. ზაარბრიუკენში არის ძალიან დიდი ქარხანა, ძველი შენობაა ძალიან დიდი ეზოთი. დეკორაციად ამ ქარხნის კედლები ამოვირჩიე. ამ ქარხნის ეზოში ავაშენეთ უზარმაზარი სცენა. ბილეთები, დაახლოებით, 6 ათასი მაყურებლისთვის იყო გაყიდული. ჩვენება საღამოს 9 საათზე იწყებოდა. მაყურებელი პლედებით მოვიდა, რომ ღამე არ შესცივნოდათ. დაწყებამდე ათი წუთი იყო დარჩენილი, როცა გაწვიმდა. ორ საათზე მეტი არ გადაიღო. ჭექა-ქუხილი, ქარიშხალი, საშინელება ხდებოდა. ხალხი – ზოგი წავიდა, ზოგი პლედებში გახვეული იცდიდა. სცენის ქვეშ შევედი და 10-15 წუთი ისტერიულად ვყვიროდი, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვხაოდი. სპექტაკლი, რა თქმა უნდა, მოიხსნა. დარჩენილ მაყურებელს ვაჩვენეთ, რომ ტექნიკურად ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ წვიმა არ გვაძლევდა მისი გამართვის საშუალებას, მხოლოდ 12-ის ნახევარზე გადაიღო. ყველაფერი ჩაიშალა, ბილეთების ღირებულება მაყურებელს დაუბრუნდა. ეს ჩემთვის ინფარქტის ტოლფასი იყო. 1997 წლიდან იმ დიდი რეჟისორების სიაში შევიდოდი, რომლებმაც „კარმინა ბურანაზე“ იმუშავეს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩავარდა. ეს საშინელი ტრავმა იყო, რომელიც ალბათ, მთელი ცხოვრება მემახსოვრება. როგორ დამავიწყდება, სცენის ქვეშ რომ უკანასკნელ ხმაზე ვხაოდი. წარმოუდგენელი რამ მოხდა, ეს იყო მსოფლიო პროექტი, უდიდესი განაცხადი. იქ არც ბედმა გაჭრა, არც იღბალმა, არც მუშაობამ და საერთოდ, არაფერმა. ძალიან ცუდი ფაქტი იყო, ყველასთვის შოკი. მე მაშინ 28 წლის ვიყავი და ეს ჩემთვის უზარმაზარი ტრამპლინი იქნებოდა. არ ვიცი, ახლა რამხელა ტრამპლინზე ვდგავარ, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, ალბათ, ათი საფეხურით მაღლა ვიდგებოდი. ნერვული სისტემა ზუსტად ამ გამოცდილების თემაა. ეს გეხმარება, რომ გული არ გასკდეს, როცა წინ ათასი დაბრკოლება გადაგეღობება (იცინის).

– პროფესიის მიღმა, უიღბლოდ რაში მიიჩნევთ თავს?

– ცხოვრებას აქვს თავისი ტრაგიკული და ბედნიერი მხარეები – დაცემა, წამოდგომა. უიღბლო, შეიძლება ვიყო იმის გამო, რომ ძალიან ახალგაზრდა ასაკში გამომეცალენ ხელიდან ჩემი ოჯახის წევრები. იმის ბედნიერება არ მაქვს, რომ მათთან ერთად დავბერდე. ეს, უიღბლობაზე მეტად, ალბათ, სხვა რამეა. თუმცა, არის რაღაცები, რაც არ გამომდის.

ასევე იხილეთ