რატომ სთხოვდა ეთერ კაკულია პატრიარქს ნარდის თამაშს და როგორ გაუშვა მან მეცხრეკლასელი შვილი სკოლაში მანქანით

ალეკო ვაჩიბერიძე ეთერ კაკულიას ერთადერთი შვილი გახლავთ. დედასთან განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა და ყოველთვის მის გვერდით იყო. თურმე, ქალბატონი ეთერი შვილს საოცრად ანებივრებდა, მისგან არასდროს არაფერი სწყინდა და ყოველთვის ყველაფერში ხელს უწყობდა.

ალეკო ვაჩიბერიძე: ბევრი მეკითხება, როგორი დედა იყო ეთერიო და თამამად ვამბობ, რომ ძალიან კარგი დედა იყო. წარმოიდგინეთ, მეცხრე კლასში რომ ხარ და დედა გეტყვის, თუ გეზარება სკოლაში ფეხით სიარული, მანქანას მოგცემ და იარეო (იცინის). მერე ის მანქანა მე დამრჩა, თვითონ აღარ დამჯდარა. ყველაფერში ასეთი იყო.

– მკაცრი არ იყო?

– არა, საერთოდ არ იცოდა, რა იყო სიმკაცრე. არისტოკრატი ქალი იყო. საჭმლის კეთება საერთოდ არ იცოდა. კარტოფილს რომ შეწვავდა, მარტო იმიტომ ვჭამდი, რომ არ სწყენოდა (იცინის). ეწყინებოდა, აბა, რა, მთელი დღე წვავდა. გათლა ხომ უნდოდა კარტოფილს და მერე დაჭრა. შეწვის დროს მთელი სამზარეულო კარაქიანი ხდებოდა. მოკლედ, კარტოფილის შეწვა იყო მთელი რიტუალი, ოღონდ უსიამოვნო (იცინის).

– სკოლაში გაკითხავდათ?

– მაკითხავდა კი არა, პირველი ორი კლასი გვერდით მეჯდა. პირველად, სკოლაში რომ მიმიყვანეს, არ დავრჩი, არ მინდა-მეთქი, განვაცხადე. კარგი რა, მეც შენ გვერდით ვიქნები და ერთად ვიყოთო. ასე ვიჯექით პირველი ორი კლასი ერთ მერხზე (იცინის). ბაღში არ გამიშვა – ცოდოა ბავშვიო. ინსტიტუტშიც იგივე მოხდა. მეზარებოდა სიარული და ვწუწუნებდი, იქ რა ივლის-მეთქი და მითხრა, მაშინ არ იაროო. სმენა არ მქონდა და მეუბნებოდა, არაჩვეულებრივი სმენა გაქვსო. დედა იყო, რა! (იცინის) არადა, სიმღერა საერთოდ არ ვიცი, რომ მომისმინოთ, შეიძლება, გაიქცეთ. მარტო მე კი არ მეუბნებოდა, კარგად მღერიო, სხვებსაც იმავეს უმეორებდა. ეთერ, სირცხვილია, კაცმა რომ მითხრას, იმღერეო, როგორ ვიმღერო-მეთქი, ვეუბნებოდი და რას ამბობ, არაჩვეულებრივი სმენა გაქვსო (იცინის).

– რაზე ბრაზდებოდა?

– თუ გვიან მივიდოდი სახლში ან საერთოდ არ მივიდოდი ერთი სამი დღე, ამაზე ბრაზდებოდა. ღამე სახლში უნდა დავრჩენილიყავი, მეტი პრობლემა მე არ მქონდა. მისი გაბრაზებაც რა იყო, ორი-სამი დღე არ ვლაპარაკობდით. ჩხუბი საერთოდ არ იცოდა, მარტო მე კი არა, მგონი, საერთოდ არავის არ ეჩხუბებოდა. მე მისი ჩხუბი არასდროს მინახავს. ერთხელ იყო, რაღაცაზე ძალიან გაბრაზდა და ოჯახის წევრები გაოგნებულები ვუყურებდით. ეს მხოლოდ ერთხელ იყო. საერთოდ არაფერზე არ ბრაზდებოდა. ცუდსაც ვერავისზე ათქმევინებდი. ვინ არ მოდიოდა ჩვენთან და რას არ ჰყვებოდნენ ერთმანეთზე, მაგრამ გამორიცხული იყო, ეთერს ვინმესთვის ეთქვა, იმან შენზე ეს და ის თქვაო. მგონია, ნაწყენიც კი არავისზე ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს.

ერთხელ, საღამოს ცხრა საათია და ტელეფონი რეკავს, გვეუბნებიან, პატრიარქი მოდის და სახლში თუ ხართო?! მისი დაცვის უფროსი, ოხანაშვილი გვირეკავდა. სახლში ვართ, მაგრამ კიბეებზე ვერ ამოვა პატრიარქი-მეთქი. მეოთხე სართულზე ვცხოვრობდით და ლიფტი არ მუშაობდა. ეგ შენი პრობლემა არ არისო, მითხრა. ჩვენ საპატრიარქოში ყოველ კვირა დღეს დავდიოდით. ეთერი და პატრიარქი ერთად სხდებოდნენ, ტრაპეზობდნენ, საუბრობდნენ. ასე გრძელდებოდა ბოლო ორი წელი. ერთ დღეს რომ ვერ მივედით, რადგან ეთერმა თქვა, არ შემიძლიაო, უწმინდესმა მოიკითხა და ვიღაცას უთქვამს, შეუძლოდ არისო. პატრიარქს უთქვამს, მაშინ მე უნდა წავიდეო. 2015 წელია, არ გეგონოთ, რომ პატრიარქი ძალიან ახალგაზრდა იყო. ვიფიქრეთ, რომ გვეხუმრებოდნენ, ეს როგორი დასაჯერებელია? მაგრამ მართლა მოვიდა. მეოთხე სართულზეც ამოვიდა, დასხდნენ და ორი საათი ლაპარაკობდნენ. პატრიარქს მეუფე ახლდა და თქვა, ალბათ, ერთი ათი წელია, მე პატრიარქის ამდენი სიცილი არ მინახავსო. იცით, რაზე იცინა? ეთერმა უთხრა, მოდი, ნარდი ვითამაშოთო და კაცი ჩაბჟირდა. ეგეთი გაცინებული, ალბათ, არავის ეყოლება ნანახი, ხარხარებდა, სიცილისგან ცუდად გახდა (იცინის). წარმოიდგინეთ, პატრიარქი რომ ზის და ნარდს თამაშობს. დარწმუნებული ვარ, არ იცის თამაში. ეთერი კი ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ძალიან მაგრად თამაშობდა. მაგრამ აზარტული თამაში და პატრიარქი, როგორ წარმოგიდგენიათ?! (იცინის) მსოფლიოში არავის მიუმართავს პატრიარქისთვის ბატონო ილიათი, ეთერის გარდა. უწმინდესოთი არ მიმართავდა. უთხრა კიდეც პატრიარქმა, შენ შეგიძლია, ბატონო ილია დამიძახოო.

– ეს ენერგია და იუმორი მისი ყოველდღიურობის ნაწილი იყო?

– კი, კი, სხვასაც თუ შეამჩნევდა, რომ ცუდ ხასიათზე იყო, ყველაფერს გააკეთებდა, რომ გაემხიარულებინა. ზუსტად ისეთი იყო, როგორც ეკრანზე, მაგრამ ეგრე არ ლაპარაკობდა, როგორც ტელევიზიაში. ბოლო წლებში დაიწყო ასე და ვკითხე კიდეც, რატომ წელავ ასე საუბარს-მეთქი. ეს მისი არტისტული ფორმა იყო, რაც ალბათ, ყველას თავისებური აქვს.

– მოსწონდა პოპულარობა?

– ბოლოს თქვა, მეც არ ვიცოდი, თუ ასე ვუყვარდი ხალხსო. ქაშუეთიდან რომ უნდა გამოგვესვენებინა, გამვლელი რომ იკითხავდა, ვისი გასვენებააო და ეტყოდნენ, ეთერ კაკულიასიო, ჩერდებოდნენ და ტიროდნენ, ეს მე ჩემი თვალით ვნახე. მეც არ მეგონა, თუ ასე უყვარდა ხალხს. სანამ ცოცხალი იყო, ქუჩაშიც დიდი სიყვარულით ხვდებოდნენ. უნდა გენახათ, რა ხდებოდა, როცა ეთერი ბაზარში შედიოდა. მთელი ბაზარი ჩერდებოდა, სანამ ეთერი არ გაივლიდა და ლაპარაკს არ მორჩებოდა, ხალხი ვეღარ ვაჭრობდა. იქ ამბავი ტყდებოდა… ვერ გეტყვით. ეთერი რომ გამოვიდოდა ბაზრიდან, მერე გრძელდებოდა ყველაფერი (იცინის).

– სახლშიც სულ ფორმაში იყო?

– კი, მე არ მახსოვს დედაჩემი სხვანაირად. ხალათითა და ჩუსტებით ძალიან იშვიათად მინახავს. სულ სტუმრები გვყავდა, ჩვენს ოჯახში სულ სუფრები და ქეიფი იყო.

– თქვენ რა პროფესია აირჩიეთ?

– საერთაშორისო სამართალი, იურისტი ვარ, მაგრამ უნივერსიტეტში სიარული მეზარებოდა, სწავლა ბავშვობიდან არ მიყვარდა და არც არავინ მაძალებდა (იცინის).

– ძალიან განებივრებდათ?

– იმაზე მეტად, ვიდრე საერთოდ ანებივრებენ ხოლმე დედისერთა შვილებს. მერე ქალიშვილი შემეძინა, რომელზეც მართლა ჭკუა ეკეტებოდა. ცოტა ვიეჭვიანე კიდეც (იცინის). მასაც ძალიან ანებივრებდა. მარიამი ხუთი წლის იყო, როცა ბებია გარდაიცვალა და ძალიან ბუნდოვნად ახსოვს. მოასწრო ჩემი შვილის კონცერტზე გამოყვანა, მაშინ მარიამი სამი წლის იყო. ფილარმონიაში ვარსკვლავს რომ უხსნიდნენ, მარიამიც გვერდით ჰყავდა და ბედნიერი იყო. ახლა მარიამი მღერის და ძალიან მიხარია.

– დედასთან განშორება რთული იქნებოდა.

– მეგონა, რომ დამთავრდა ჩემი ცხოვრება. ძალიან გამიჭირდა. შვილმა გადამატანინა.

– როგორ გახსოვთ ბოლო პერიოდი?

– სამკურნალოდ ისრაელში რომ წავედით, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, რომ წამოსულიყო, მაგრამ არავინ წამოიყვანა. მხოლოდ მე დამყავდა ყველგან. არ უნდოდა, ვინმეს ასეთი ენახა. ბოლოს კარგად აღარ იყო. ამიტომ დამყავდა მარტო მე, თორემ რამდენი ადამიანი მოდიოდა საკუთარი სახსრებით, არ იცით. ისრაელში რომ ჩავფრინდით, მეგონა, რომ ჩვენთან ერთად დელეგაცია ჩამოვიდა. რომ ჩავედით, ვიცოდით, რომ იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უნდა დაგვხვედროდა კლინიკიდან, მაგრამ რომ გავედი, იმდენი ხალხი დავინახე, ვიფიქრე, რომ დელეგაცია ელოდა ვინმეს, ვინც თვითმფრინავით ჩვენთან ერთად ჩამოვიდა. თურმე, იქაურ ქართველებს რომ გაუგიათ, მოსულან. დაახლოებით 200-300 კაცი იყო და ყველა თავისთან გვეპატიჟებოდა. გავგიჟდი. დელეგაცია კი არა, თურმე, დედაჩემის გულშემატკივრები ყოფილან. გადაიარია სიხარულისგან. ვცდილობდი, ფეხით არ ევლო და ეტლში იჯდა. არ უნდოდა, მაგრამ მე დავიჟინებდი ხოლმე, არ მინდოდა, გადაღლილიყო და ეს ხალხი რომ დაინახა, სიხარულისგან ფეხზე წამოფრინდა. ამიტომ ამბობდა, მეც არ ვიცოდი, ხალხს თუ ასე ვუყვარდიო.

არ იცოდა, თუ სიმსივნე ჰქონდა, აბსოლუტურად სხვა რამეს ვეუბნებოდით.

– თქვენ როგორ ცხოვრობთ?

– ამწუთას მარტო ვცხოვრობ. ოფიციალური სამსახური, როგორც ასეთი, არ მაქვს. როგორც ყველა ახალგაზრდა მამაკაცი, ძიებაში ვარ ოჯახის შესაქმნელად. როგორც გითხარით, ერთი შვილი მყავს და ვცდილობ, კარგი მამა ვიყო.

ასევე იხილეთ