რის გამო უწევდა სალომე კოკუაშვილს ტყუილების თქმა და რატომ არ მიაჩნია მას სავალდებულოდ გათხოვება და შვილის გაჩენა

სალომე კოკუაშვილის სამსახიობო კარიერა იმდენად პატარა ასაკში დაიწყო, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად მშობლების დახმარება გახდა საჭირო. მიზანს, ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ყველაფერს შეძლებდა, მალე მიაღწია და იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე ცდილობს, საკუთარ ოცნებებსა და სურვილებს არასდროს უღალატოს.

სალომე კოკუაშვილი: ბავშვობიდან მინდოდა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ვყოფილიყავი. სამი წლის ასაკიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი და თან პოპსთარობაც მსურდა (იცინის). ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ცდილობდნენ, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ ძალიან ყრუ აღმოვჩნდი და არ გამოვიდა ჩემგან მომღერალი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ერთ-ერთ ანსამბლშიც ვცდილობდი, მემღერა (იცინის). ვოცნებობდი ბევრ პროფესიასა და საინტერესო ცხოვრებაზე და მადლობა ჩემს მშობლებს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება მომცეს. ძალიან განიცდიდნენ, რომ მე მსახიობობა მინდოდა, ეს კი შემოსავლიანი პროფესია არ გახლდათ, მაგრამ 16 წლისაც კი არ ვიყავი, როცა დავუმტკიცე, რომ შემიძლია, ამ სფეროში იმდენი ფული ვიშოვო, რომ მეყოს (იცინის). ამ ასაკში უკვე ოფიციალურად ვმუშაობდი რამდენიმე ტელევიზიაში.

– ეს როგორ მოახერხე?

– ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო. პირველად ცეკვით დავუკავშირდი ტელევიზიას. მაშინ „რუსთავი 2-ის“ ეთერში „მხიარული სტარტები“ გადიოდა და იქ გუნდის კაპიტანი ვიყავი. ვცეკვავდი. მერე შემოთავაზება მივიღე და „კომედი შოუში“ გადავედი. სხვათა შორის, ასაკი არავის უკითხავს და რა თქმა უნდა, მეც არ მითქვამს, რომ სრულწლოვანი არ ვიყავი (იცინის). მანამდე რამდენიმე ქასთინგზე მითხრეს უარი, მაგრამ ამის გამო უკან არ დამიხევია. ვიცოდი, რა მინდოდა და ჯიუტად მივიწევდი წინ, უარს არ შევუშინებივარ (იცინის). ამიტომ შემდეგ ქასთინგზე 16 წლისამ განვაცხადე, რომ 18 წლის ვიყავი. მაშინ აბსოლუტურად ყველაფერი მოვიტყუე (იცინის). როლზე დამამტკიცეს, გადაღებები დაიწყო და ხელშეკრულების გაფორმების დრო რომ მოვიდა, მაშინ აღმოაჩინეს, რომ არასრულწლოვანი ვიყავი, რაზეც თვითონაც ძალიან ბევრი იხალისეს და ხელშეკრულება დედაჩემის დახმარებით გავაფორმეთ.

– თუმცა, ეს არაფერია იმასთან, რომ 13 წლის ასაკში დაიწყე მუშაობა.

– გარეგნობა მიწყობდა ხელს, რამდენიმე წლით უფროსს ვგავდი. თამამად ვიტყუებოდი და ყველასთვის დამაჯერებელი იყო. 13 წლისა 15-ისას ვგავდი. თან მაღალი ვიყავი და ესეც ხელს მიწყობდა. მოკლედ, ტელევიზიაში უწყინარი ტყუილებით მოვხვდი (იცინის). შანსი მჭირდებოდა, რომ ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა და ასე ამიტომ მოვიქეცი.

– მერე დაიწყო საკმაოდ ცნობილი სერიალები…

– „მესამე თაობა“ ერქვა სერიალს, რომელმაც პოპულარობა მომიტანა. ზუსტად აქ მოვიტყუე ჩემი ასაკი. 18 წლიდან უკვე აღარაფერი მქონდა დასამალი, თავისუფლად ვმუშაობდი (იცინის). დღეს მეცინება ხოლმე, 25 წლის ახალგაზრდები რომ მეუბნებიან, ბავშვობაში სულ გიყურებდი და კი მაგრამ, ახლა რამდენი წლის ხარო?! (იცინის). არადა, მაშინ მეც ბავშვი ვიყავი.

– თუმცა, სხვა პროფესია აირჩიე.

– პროფესიის არჩევის დრო რომ მოვიდა, უკვე სერიალში ვთამაშობდი. გადავწყვიტე, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი და ჩემს ნიჭს შორიდანვე შეამჩნევდნენ. თეატრალურში ძალიან მოუმზადებელი გავედი გამოცდაზე და აღმოვაჩინე, რომ თურმე, ასე არ ხდება. პირველივე შენიშვნაზე დავიძაბე, ვიგრძენი, რომ მოუმზადებული მივედი და არ მესიამოვნა, არ გავიკითხე, როგორც საჭირო იყო. ბევრი წარმატება მისურვეს და მირჩიეს, რომ მომავალ წელს მივსულიყავი უფრო მომზადებული. მერე მივხვდი, არ არის აუცილებელი, რომ ამ პროფესიაზე ისწავლო, პრაქტიკითაც შეგიძლია კარგი გამოცდილების მიღება. თან, მე სერიალში უკვე ვთამაშობდი. ამიტომ გადავწყვიტე, მარკეტინგის განხრით ბიზნეს-ადმინისტრირებაზე ჩამებარებინა. ასეც მოვიქეცი და 30 წლამდე ისე მივედი, რომ ეს პროფესია არაფერში გამომიყენებია, მაგრამ კოვიდმა დამანახვა, რომ თავის დროზე, შემთხვევით ჭკვიანური გადაწყვეტილება მიმიღია (იცინის). უფრო სწორად, ეს დედაჩემის დამსახურება იყო. პანდემიის დროს ძალიან რთული პერიოდი მქონდა. ჩემი ყველა სამსახური დაიკეტა. წამყვანი ვიყავი და არანაირი ივენთი აღარ ტარდებოდა, ერთ-ერთ კომპანიაში გათამაშება მიმყავდა და ეს კომპანიაც დახურეს. აბსოლუტურად ნულზე დავრჩი. ამ სფეროში შანსი არ მქონდა, თითქოს ყველაფერი გაიყინა და მაშინ გამახსენდა, რომ სადღაც დიპლომი მქონდა და დრო იყო გამომეყენებინა (იცინის). გასაუბრებაზე რომ წავედი, აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი და შანსი მომცეს. როგორც ამბობენ, ეს შანსი გავამართლე და დღემდე ვმუშაობ მსხვილ ბიზნესჯგუფში მარკეტინგისა და გაყიდვების კუთხით. თან, ამ საქმეს მსახიობობასაც ვუთავსებ.

– კიდევ რით ხარ დაკავებული, რა ინტერესები გაქვს?

– ძალიან ბევრი ინტერესი მაქვს. ცოტა გიჟური და ექსტრემალური რაღაცები მიზიდავს. სპორტის ყველა სახიფათო სახეობა მომწონს (იცინის). ყველაზე მეტად მიყვარს მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა. მთელ ჩემს ფინანსებსა და თავისუფალ დროს სიამოვნებით ვხარჯავ მოგზაურობაში (იცინის). თავგადასავლების მაძიებელი ვარ და მგონია, რომ მოგონებები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო მოგზაურობისას, ტაილანდში ვეფხვს მოვეფერე, ეს ჩემი ოცნება იყო. მალდივებზე ზვიგენებთან ერთად ვიცურავე. არაფრის შიში არ მაქვს, პირიქით, მიყვარს ასეთი რამეები და მოჭარბებული ადრენალინი დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ახლა ძალიან მინდა პარაშუტით გადმოხტომა, უკვე დავიწყე სერფინგის სწავლა და ვფიქრობ, რომ ჩემგან ფანტასტიკური სერფერი დადგება.

– რადგან 32 წლის ვარ, სულ მეკითხებიან რატომ არ ვთხოვდებიო – შენი სიტყვებია. რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– ძალიან საყვარლები არიან, ვინც ამას მეკითხებიან, სავარაუდოდ, ზრუნავენ ჩემზე. ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სავალდებულოა, რომ ამის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები და უნდათ, რომ გაბედნიერდე.

მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად, ინდივიდუალურია ბედნიერების მიზეზებიც. გარდა ამისა, ყველა ადამიანს თავისი დრო აქვს, არ მჯერა, რომ რამე დაგვიანებულია. თუ მოვინდომებთ, ნებისმიერ ასაკში ნებისმიერი რამის გაკეთება შეგვიძლია. ადრე ამას რომ მეკითხებოდნენ, მიზეზების ახსნას ვიწყებდი ხოლმე, დღეს იუმორით ვუდგები და ვეუბნები, რომ არავის მიყვარს (იცინის). თუ მომინდება ოჯახის შექმნა, თუ გავიცნობ ადამიანს, რომლის გვერდითაც მთელი ცხოვრების გატარება მენდომება, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს. თუ ეს არ მოხდება, ვერც ამაში ვხედავ რამე საგანგაშოს.

– დედობაზეც ამბობ, არ ვფიქრობ, რომ ყველა ქალი ვალდებულია, დედა გახდესო.

– ზოგს ეს ძალიან მწარედ ხვდება ყურში, მაგრამ რამდენად მწარე მოსასმენიც არ უნდა იყოს, ასეა. ხშირად გამიგონია, რომ ახალგაზრდა გოგონები შვილს აჩენენ და ამბობენ, ბარემ გავაჩენ და მერე დავისვენებო. ჩემთვის ეს დამოკიდებულება ძალიან მიუღებელია. სიბერეში წყლის მომწოდებელი ხომ მჭირდება – ეს დამოკიდებულებაც მიუღებლად მიმაჩნია. თუ ახალ სიცოცხლეს ბადებ, მაშინ მასზე უნდა იყო ორიენტირებული და არა საკუთარ თავზე და კომფორტზე. როცა იგრძნობ, რომ შვილი იმიტომ გინდა, რომ სიყვარული და მზრუნველობა გასცე, კარგია, მაგრამ ვალდებულებების გამო შვილის გაჩენა სწორი არ მგონია. მე არასდროს მიოცნებია ოჯახსა და თეთრ კაბაზე, ყოველთვის წარმატებულ კარიერაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაკნინებ მას, ვინც ამაზე ოცნებობს. ყველას თავისი ოცნებები აქვს და მე ყველას ვუსურვებ, ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს.

ასევე იხილეთ