“მამაკაცი მინდა ნახევარ განაკვეთზე – არ შემიძლია 24 საათი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა”

კესო ბერუაშვილი „პრაიმჰაუსის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეა, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია.

კესო ბერუაშვილი: ისეთი ზაფხული მაქვს, როგორიც მე შემეფერება – ლაქშერული. საქართველოში ახლა დავბრუნდი მოგზაურობიდან და ძალიან ბედნიერი ვარ. კიდევ ვაპირებ სამოგზაუროდ წასვლას, ჩემი არდადეგები ჯერ არ დასრულებულა. „პრაიმჰაუსიდან“ პირველად რომ გამოვედი, მაშინ ევროპაში ვიყავი სამოგზაუროდ, ახლა დუბაიდან დავბრუნდი. ძალიან მჭირდებოდა ეს დასვენება. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვახერხებ მოგზაურობას, მაგრამ ალბათ, ოდესმე მაგასაც დავგეგმავ. აქ არ მყავს ბევრი მეგობარი და მაინცდამაინც არც ის ვიცი, სად გავერთო. ჩემი მეგობრები, ძირითადად, უცხოეთში არიან და გასართობად მათთან მიწევს ჩასვლა.

– მოგზაურობა პატარ-პატარა რომანებთან ასოცირდება. დუბაი კი – მილიონერ შეიხებთან. საინტერესო თავგადასავლებით დაბრუნდი?

– დუბაიში – არა, იქ ახლა მეგობართან ვიყავი, მაგრამ ისე დისტანციური ურთიერთობა მაქვს მამაკაცთან, თავისუფალ ურთიერთობაში ვართ. ახლა ევროპაში ვაპირებ მასთან ერთად ჩასვლას. უკვე მეცხრე თვეა, ერთად ვართ. ზუსტად ისეთია, როგორიც მე შემეფერება. ჰოლანდიიდან არის. ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მისაღები მამაკაცია. ყველანაირად მიგებს, გვერდში მიდგას და ძალიან ამაყობს ჩემით.

– რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფალი ურთიერთობა?

– როცა ერთად არ ვართ, მას შეუძლია, ჰყავდეს სხვა ქალი და მე შემიძლია, მყავდეს სხვა მამაკაცი, თუ მომესურვება. თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ, რომ ერთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და შეიძლება, თვეში ერთხელ ვნახო, ამიტომ ასე ჯობს.

– როგორია შენი გამოცდილება ასეთ ურთიერთობაში?

– თავისუფალი ურთიერთობა ჩემთვის იდეალურია. არ შემიძლია, მამაკაცთან 24/7-ზე ცხოვრება. სულ აღვნიშნავ ხოლმე, რომ მამაკაცი მინდა ნახევარ განაკვეთზე. არ შემიძლია 24 საათი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა, არც მამაკაცთან ერთად შემიძლია ცხოვრება. ამიტომაც არ ვარ გათხოვილი.

– ქართველ მამაკაცთან ურთიერთობის გამოცდილება თუ გქონია და მათთვისაც თუ არის მისაღები ურთიერთობის ეს ფორმა?

– ერთხელ მქონდა ქართველ კაცთან ურთიერთობა. მგონი, ყველაზე კარგი ბიჭი იყო, ვინც ოდესმე მყოლია. ორი წელი ვიყავით ერთად. საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ის არ იყო სტანდარტული ქართველი კაცი. ათი წელი ევროპაში სწავლობდა. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი და მასთან ურთიერთობამ საკმაოდ გამზარდა. სხვა ქართველ კაცებთან დიდად არ მაქვს ურთიერთობა. ვერ ვიტყვი, რომ მათ ხშირად ვესაუბრები ჩემს ცხოვრებაზე. თუმცა, ზოგადად, ქართველი მამაკაცები ზედმეტად ეგოისტები არიან. უნდათ, რომ მხოლოდ მისი იყო. ვერ გაიგებენ თავისუფალ ურთიერთობას.

– რა არის ქორწინებაში შენთვის მიუღებელი?

– თავისუფლების შეზღუდვა. ძალიან შევეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას და ვერ წარმომიდგენია ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ამ ფუფუნებას ცოტათი მაინც შემიზღუდავს. თან, ძალიან პრეტენზიული და ამბიციური ვარ. თუ შევატყვე, რომ მამაკაცი რაღაცებს მიკრძალავს, მაშინვე ვამთავრებ ურთიერთობას. არც შემხვედრია ისეთი მამაკაცი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მომინდებოდა.

– შენთვის იდეალური კაცი როგორია?

– ფინანსურად უზრუნველყოფილი. როცა მამაკაცი ფინანსურად ძლიერია, არის თავდაჯერებული და იცის, როგორ მოექცეს ქალს, როგორ გაანებივროს. უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, კარგი ვიზუალი და თავის სტილი უნდა ჰქონდეს – ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და უნდა უყვარდეს „ლაქშერი“ ცხოვრება, ცხოვრების ასეთი სტილი უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს თამამი, ჩემთან ურთიერთობის არ უნდა ეშინოდეს და მიგებდეს.

– მამაკაცისთვის რთულია შენთან ურთიერთობის დაწყება?

– შეიძლება, მარტივად დავიწყო, მაგრამ მალევე დავასრულო. მარტივი არ ვარ, მაგრამ შეიძლება, ჩათვალო, რომ მარტივი ვარ. ეს იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ფლირტი, ვგიჟდები ისე. შეიძლება, ყოველ მეორე ბიჭს ვეფლირტავო, მაგრამ მათ მიმართ ინტერესი ნული მქონდეს. ახლა ვეფლირტავები და მერე „დავკერავ“ – ეს აზრი არ მამოძრავებს, მხოლოდ ფლირტი მსიამოვნებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩანდეს, რომ ჩემთან ურთიერთობის დაწყება ადვილია. რეალურად ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ჩემს მოთხოვნილებებს ყველა მამაკაცი ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს.

– რა არის შენი ძირითადი საქმე და შემოსავლის წყარო?

– გვაქვს პატარა ოჯახური ბიზნესი და ეს არის ძირითადი შემოსავლის წყარო. ახლა სპონსორებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ეს არ მაძლევს იმ შემოსავალს, რომელიც ამაშენებს.

– როგორ ახერხებ „ლაქშერულ“ცხოვრებას, ეს ხომ დიდ ფინანსებს მოითხოვს?

– თუ თანხებს სწორად გადაანაწილებ და გამოიყენებ საჭირო მეგობრებს, რომლებიც უამრავი მყავს, ყველაფერი გამოვა. ახლა დუბაიში რომ ვიყავი, ბილეთი ჩემი ფულით ვიყიდე, მაგრამ იქ მყავს მეგობრები, რომლებმაც მომცეს სასტუმროს ნომერი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მე ბევრი ფულის დახარჯვა არ მჭირდება. საყვარელი მამაკაციც მყავს და ის არის ნომერ პირველი, რომელიც მთლიანადაა პასუხისმგებელი ჩემს „ლაქშერულ“ ცხოვრებაზე. მე დამოუკიდებელი ვარ და ჩემს ფინანსებს მევე განვკარგავ. თუმცა, იმასთან შედარებით მე არაფერი მაქვს, მაგრამ მან კარგად იცის, რა მომწონს მე და მანებივრებს.

– გაიხსენე განსაკუთრებული საჩუქრები მამაკაცებისგან.

– საჩუქრებით მანებივრებენ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ეს არის ჩემთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი. მიყვარს სამკაულები. ყვავილებზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები. ანუ, ყვავილს რომ გამომიგზავნის, რაღაც საჩუქარიც უნდა მოაყოლოს, მარტო ყვავილს არ მივიღებ (იცინის). შოპინგი – ეს ყველაზე მეტად მიყვარს. თავის ულიმიტო ბარათი რომ მომცეს და მითხრას, რაც გინდა, ის იყიდეო, არაჩვეულებრივი საჩუქარია. ეს ყველა გოგოს უყვარს. საჩუქრები აუცილებელია. როგორც შენ ექცევი საკუთარ თავს, ისე გექცევა სხვაც. თუ საკუთარ თავს ისე ექცევი, როგორც დედოფალს, დედოფალივით გექცევიან სხვებიც. ამიტომ არ ვიკლებ არაფერს.

– შენი სასიყვარულო ურთიერთობები დიდხანს გრძელდება თუ მალე გბეზრდება პარტნიორი?

– როგორც წესი, მალე მბეზრდება. ჩემს ჰოლანდიელ პარტნიორს ავუხსენი, რომ მალე ვიცი მობეზრება და თვითონ შემომთავაზა თავისუფალი ურთიერთობა. იცის, რომ არ უნდა იეჭვიანოს. ხანდახან ეჭვიანობს, მაგრამ თუ ძალიან იეჭვიანებს, იცის, რომ დამკარგავს, შესაბამისად, აღარ მეწუწუნება. ასე არ მომბეზრდება, მაგრამ სულ ჩემ გარშემო რომ ტრიალებდეს და დღეში ცხრაჯერ მირეკავდეს, მაშინვე დავბლოკავ. ეს იგივე კონტროლი და თავისუფლების შეზღუდვაა. ნელ-ნელა სწავლობს ჩემს ხასიათს. ჩემთან ურთიერთობაში ყოფნა რთულია, მაგრამ იგებს და თან, მოსწონს ჩემი პრეტენზიული ხასიათი. ამიტომაც ვამბობ, რომ იდეალური მამაკაცია. თორემ, ცხრა თვე ერთ მამაკაცთან ერთად ძალიან იშვიათად ვარ ხოლმე.

– მშობლებთან დაკავშირებით ტრაგიკული ისტორია გაქვს – საკმაოდ პატარა ასაკში დაკარგე. რა მოხდა?

– მამა რომ გარდაიცვალა მე 14 წლის ვიყავი. 18 წლის ასაკში დედაც დამეღუპა. ეს ჩემთვის ტრავმაა. მამასთან არ მქონია კარგი ურთიერთობა, რადგან ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა მე პატარა ვიყავი. დედაზე საუბარი არ მიყვარს, იმიტომ, რომ „პრაიმჰაუსში“ გამოჩენის შემდეგ, იმდენი რამ ამოქექეს ჩემი ცხოვრებიდან, ისე მაკრიტიკებდნენ, ყველაფერი გადამიტრიალეს, ხალხს აკვიატებული ვყავდი. დედაჩემზე რომ ვისაუბრო, ამაშიც ჩაერევა ბევრი ადამიანი და არ მინდა, ეს მოხდეს. ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მინდა, ჩემთვის დავიტოვო. თინეიჯერი ვიყავი, როცა ის დავკარგე, ძალიან განვიცადე, რთული პერიოდი იყო, განსაკუთრებით რომ მჭირდებოდა ნამდვილი ქალის გვერდში დგომა.

დედა მთელი ბავშვობა მასწავლიდა, გიყვარდეს საკუთარი თავი და ცხვირი სულ აწეული გქონდესო. დედაც ასეთი იყო. ორი ქმარს იყო გაშორებული და ამის გამო ბევრი აკრიტიკებდა. თან, ძალიან ლამაზი ქალი იყო. მაგრამ კრიტიკას ყურადღებას არ აქცევდა. მასაც უყვარდა „ლაქშერი“ ცხოვრება. სულ მეუბნებოდა, რომ გაიზრდები და გალამაზდები, უამრავი შურიანი ქალი შენც ჩემსავით მოგექცევა და არ მიაქციო ყურადღებაო.

ასევე იხილეთ