ვინ იყო სამაჩაბლოელი კაცი მეტსახელად “ვირო“, რომლის გმირობამ და თავგანწირვამ ოსი სეპარატისტებიც გააოგნა

ბავშვობიდანვე უშიშარი იყო მერაბ მინდიაშვილი, ამასთან ფიზიკურად ძლიერი, პრინციპული და ჯიუტი, ამიტომ შეარქვა მეტსახელად პაპამ „ვირო“. როცა მინდია სოფელში იყო, მცხოვრებლებს არაფრის შიში აღარ ჰქონდათ. ყველა უყვარდა. ძალიან უშუალო და მეგობრული იყო, სიმართლის მოყვარული კაცი და ასეთი წავიდა ამ ქვეყნიდან. როცა ქართველებსა და ოსებს შორის მდგომარეობა დაიძაბა და ოსი სეპარატისტები ქართველებს ავიწროებდნენ, პირველი შეუერთდა ეროვნულ მოძრაობას, მან იარაღიც პირადად დაურიგა ყველა ოჯახს და მოსახლეობას უკვე შეეძლო, აგრესიული სეპარატისტული დაჯგუფებებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. სწორედ ამ ფაქტორით, თითქმის 2008 წლამდე შევინარჩუნეთ დიდი ლიახვის ხეობა – საქართველოს განუყოფელი ნაწილი. იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ბავშვობის მეგობარი, მეზობელი და თანამებრძოლი ნუგზარ ყაულაშვილი.

ყველაფერი კი, ასე დაიწყო: ტრაგედიამდე, დაახლოებით სამი კვირით ადრე, დიდი ლიახვის ხეობის ცხრა სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და მერაბ მინდიაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების მეთაურად აირჩიეს. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ეროვნების ადამიანი იქნებოდა. ის ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა და ბოლომდე გაჰქონდა თავისი სიმართლე. ამასთან, ძალიან უღალატოც ყოფილა. ბევრს მისი სამართლიანობა არ მოსწონდა, განსაკუთრებით ოს სეპარატისტებს, რომლებიც მუქარას უთვლიდნენ: სადაც დაგიჭერთ, ცოცხლად მოგხარშავთო. მუქარა არ აშინებდა. პირიქით, ამაზე ხალისობდა – თუ დამიჭირეს, რაც უნდათ, ის მიქნანო. მუქარა შეასრულეს.

დღეს, გიამბობთ ამბავზე, რომელიც თითოეულმა ქართველმა უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, სამაჩაბლოელ, ძალიან მაგარ ქართველ ვაჟკაცზე, მეტსახელად „ვიროზე“ და მის გამაოგნებელ თავგანწირვაზე. სამაჩაბლოელი ქართველები, ვისაც ბოლოს 2008 წლის ომის შედეგად მოუწიათ სახლების დატოვება, აბსოლუტურად ყველა გმირია – ბავშვი, ქალი, მოხუცი… დაახლოებით ოცი წელი, ყველა იარაღით ხელში, კბილებით იცავდა თავის ქვეყანას. ცხინვალში, განსაკუთრებით ფრონის, ლიახვის ხეობის სოფლებში (ქურთა, კეხვი, თამარაშენი, აჩაბეთი) ცხოვრობდა მართლა გმირი ხალხი. ერთი ტყვია გავარდებოდა თუ არა, ყველა იარაღს ისხამდა. მაშინ მათ იქ არც სახელმწიფო ეხამრებოდა და არც არავინ. ერთი გამორჩეული ქართველი ჰყავდათ – მერაბ მინდიაშვილი, მეტსახელად „ვირო“. ზოგადად, სამაჩაბლოელი ქართველები ძალიან ჯანიანი ხალხია, მაგარი მოჭიდავეები, მაგარი მოჩხუბრებიც, ტანადაც ძალიან დიდები, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ ხალხში ერთ-ერთს რომ მეტსახელად „ვიროს“ დაარქმევ, როგორ ჯანზე იქნებოდა. უფრო ხშირად მას ამ სწორედ მეტსახელით მიმართავდნენ. მერაბ მინდიაშვილი სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ერთი ჩვეულებრივი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო. საბჭოთა კავშირის რყევასთან ერთად დაიწყო მანამდე მთელს საბჭოთა ტერიტორიაზე ჩაგუბებული, ერთი მხრივ, საბჭოთა „კაგებეს“ მიერ მიჩქმალული და მეორე მხრივ, პროპაგანდით გალამაზებული ეთნიკური კონფლიქტების ამოხეთქვა. ოსები და ინგუშები ერთმანეთს დაეტაკნენ, იქით, უზბეკებმა ფერგანაში ხალხი დახოცეს, აქეთ – თურქი მესხები, ყარაბაღში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირება და ასე შემდეგ… მოკლედ, ვისაც არ გვეზარებოდა, ყველა ერთმანეთს დავერიეთ. ერთ-ერთი პირველი და ცხელი ადგილი იყო, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი, მოგონილი, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთი, სინამდვილეში არასდროს რომ არ არსებობდა და იქაც დაიწყო მძლავრი დაპირისპირებები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ გაიმართა, ვერ დადგა ფეხზე. ამიტომ, სამაჩაბლოში თვითონ ხალხმა დაიწყო ორგანიზება. იარაღი იშოვეს, აისხეს, ერთმანეთის მხარდამხარ დადგნენ და ყოველთვის სცემდნენ პასუხს ნებისმიერ პროვოკაციას, ნებისმიერ თავდასხმას. საგუშაგოები ჰქონდათ მოწყობილი, სახალხო ლაშქარი ჰყავდათ და ამ სამაჩაბლოელ ქართველებს, როგორც უკვე გითხარით, ლიდერად ჰყავდათ გამორჩეული კაცი, ერთ დროს სატვირთოს ავტომობილის მძღოლი, შემდეგ უცბად მეომრად გარდასახული მერაბ მინდიაშვილი. წარმოშობით, სოფელ ქემერტელ მერაბ მინდიაშვილს და იმ ქართველებს, რომლებიც მის გარშემო იყვნენ შემოკრებილნი, რამდენიმე წლის განმავლობაში, არასდროს არავისთვის არაფერი შეურჩენიათ – არც ოსისთვის, არც რუსისთვის, ერთი წვეთი სისხლიც კი. მაშინ, თავდასხმები ქართულ სოფლებზე, გატაცებები, მკვლელობები ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამის გამო პირადად მასზე იყვნენ გადამტერებული. ამბობენ, რომ ცხინვალში დიდი ფულადი ჯილდოც კი იყო დაწესებული თუ ვინ და როგორ მოკლავდა მერაბ მინდიაშვილს. ის საბედისწერო დღე და მომენტიც დადგა. ის მანქანით, თავის ქვისლთან ერთად, შემოვლითი გზით, სოფელ ერგეთში მოდიოდა და ოსებმა იქ მოუწყვეს ჩასაფრება. ცეცხლი ჯერ მის ქვისლს გაუხსნეს და მოკლეს, მერაბი კი მძიმედ დაიჭრა. მიუხედავად ამისა, მან არ მიატოვა თავისი ქვისლი. ოსებმა ეს დაჭრილი და დაუძლურებული კაცი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, დაიჭირეს, ხელები შეუკრეს (დიდი ჯანი და ენერგია დასჭირდებოდათ ამისთვის, მაგრამ მოახერხეს) და ხის კუნძზე მიაბეს. დიდხანს აწამებდნენ. ბოლოს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ უკვე უნდა მოეკლათ, საბურავები ჩამოაცვეს, ბენზინი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. წარმოიდგინეთ, რამხელა ტანჯვა და ტკივილები განიცადა ამ ვაჟკაცმა სიკვდილამდე. მის ადგილას ნებისმიერი გატყდებოდა, ნებისმიერი ინსტინქტურად ტირილს მაინც დაიწყებდა. არ ვიცი, ძალიან რთული წარმოსადგენია მის ადგილას ყოფნა, მაგრამ რა გააკეთა მერაბ მინდიაშვილმა? ის მღეროდა „შავლეგოს“ ბოლო ხმაზე, ბოლო ამოსუნთქვამდე. ახალგაზრდა თაობამ შეიძლება, არ იცის, მაგრამ „შავლეგო“ ჩემს ბავშვობაში, 80-იანი წლების ბოლოს (განსაკუთრებით მერაბ კოსტავას გამო, იმიტომ რომ მისი საყვარელი სიმღერა იყო) ეროვნული ჰიმნივით იყო. ეს ეროვნული ჰიმნი იმღერა და ასე მოკვდა ვაჟკაცურად, ქართულად, გმირულად ქემერტელი, სამაჩაბლოელი ქართველი, გამორჩეული მებრძოლი მერაბ მინდიაშვილი.

ასევე იხილეთ